2020 წლის 26 თებერვლიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე კოვიდ 19-ით რეინფიცირების 10 997 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 1833 პირი სრულად ვაქცინირებული იყო, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2020-2021 წლის ანგარიშშია ნათქვამი.
ამავე ანგარიშის თანახმად, რეინფიცირების შედეგად სრულად ვაქცინირებული 1833 პირიდან კორონავირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა.
„ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების ელექტრონულ სისტემაში 2020 წლის 26 თებერვლიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე აღირიცხა 10 997 კოვიდ 19-ით შესაძლო რეინფიცირების შემთხვევა, რომლებიც იყვნენ დადებითი პჯრ კვლევით ან ანტიგენის სწრაფი ტესტირებით სულ მცირე 60 დღის შუალედით, მათ შორის მამრობითი სქესის იყო 4103 (37%), ხოლო მდედრობითი 6 894 (63%), შესაძლო რეინფიცირებულთა ასაკი საშუალო განმეორებითი რეინფიცირებისას იყო 36 წელი, მინიმალური ასაკი 4 თვე; მაქსიმალური 94 წელი.
რეინფიცირების საშუალო პერიოდი პირველსა და მეორე დადასტურებებს შორის არის 291 დღე, მინიმალური 69, ხოლო მაქსიმალური 589. კოვიდ 19-ით შესაძლო რეინფიცირების მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე ყველაზე მაღალია 30-39 წლის ქალებში. აღწერილი 10 997 შესაძლო რეინფიცირებული შემთხვევიდან სულ კოვიდ19-ით სიკვდილის 52 შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა 40 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში. 10 997 შესაძლო რეინფიცირების შემთხვევიდან სრული იმუნიზაცია პირველად და განმეორებით ინფიცირებას შორის ჩაუტარდა 1833 ადამიანს. სრულად ვაქცინირებული (ვაქცინის ბოლო დოზის მიღებიდან გასულია 14 დღეზე მეტი) 1833 (16%) ადამიანიდან ერთი დოზა ბუსტერი ჰქონდა 6 (0,3%) ადამიანს გაკეთებული, ხოლო 4 დოზა ვაქცინა გაკეთებული ჰქონდა 3 პირს (0,2%). მამრობითი სქესის იყო 754, ხოლო მდედრობითი - 1072. ვაქცინირებული პირების საშუალო ასაკი იყო 41 წელი, მინიმალური 17, მაქსიმალური 93. სრულად ვაქცინირებული 1833 შემთხვევიდან შესაძლო რეინფიცირება დადგა ვაქცინაციის დასრულებიდან 14-90 დღის ფარგლებში 57% და 90 დღის შემდეგ 43%-ში. აღწერილი 1833 შემთხვევიდან კორონავირუსით სიკვდილის 4 შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა 50 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში“, - ნათქვამია ანგარიშში.