ავტორი:

"თუ ხედავთ, ახალი შეკრეჭილი ვარ, გამოვიძახე ციხეში სტილისტი... ექიმს არ უშვებენ, სტილისტი შემოუშვეს" - სააკაშვილმა ივანიშვილს მიმართა

"თუ ხედავთ, ახალი შეკრეჭილი ვარ, გამოვიძახე ციხეში სტილისტი... ექიმს არ უშვებენ, სტილისტი შემოუშვეს" - სააკაშვილმა ივანიშვილს მიმართა

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს მიმართა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება, მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს. მისივე თქმით, ციხეში ირღვევა მისი უფლებები, კერძოდ, როგორც თავად აღნიშნა, 5 კვირაზე მეტია მასთან ექიმებს არ უშვებენ.

"მინდა, მივმართო ივანიშვილს, ვერ დაიმალები სხვადასხვა მოვლენების უკან, ყველამ იცის, რომ შენ მართავ პროცესებს. თუ ხედავთ, ახალი შეკრეჭილი ვარ, გუშინწინ გამოვიძახე ციხეში სტილისტი. 5 კვირაა ნიუ იორკიდან არის ჩამოსული ჩემი პირადი ექიმი და არ უშვებენ ჩემთან. სტილისტი შემოუშვეს ერთ დღეში. ისეთ პირობებში, როდესაც მაქვს ძლიერი სისუსტე, მაქვს სერიოზული პრობლემები ჰიპერტონიასთან დაკავშირებული, ძლიერი ალერგია და აქედან გამომდინარე სხვა პროცესები, 5 კვირაა ჩემთან არ უშვებენ ექიმს. შენ ძალიან კარგად იცი, რომ ჩემი მდგომარეობა დღითიდღე უარსედება, რამდენჯერმე მქონდა გონების კარგვა, ეს ხდება, ივანიშვილო, შენი მითითებით, ვერსად გაძვრები, ოლიგარქო, ხალხის წინაშე, ყველა შენკენ გამოიშვერს ხელს დ მინდა გითხრა, რომ საერთაშორისო მართლმსაჯულება მოგწვდება. თუ არ იქნება ადეკვატური მკურნალობის საშუალება, ეს დამთავრდება ლეტალური შედეგით, მაგრამ, მინდა, შეგახსენო, რომ მე არ ვარ ვიღაც, საერთაშორისო პასუხისმგებლობა მოგწვდება, ეს პროცესები დაწყება და ყველა ადამიანი, ვინც ჩემს წამებაში მონაწილეობდა, იქნება გადაცემული ძებნში და თურქეთშიც კი ვერ წახვალთ დასასვენებლად, მოგიხდებათ "პარაგრაფის" ჭაობში ცურვა", - აღნიშნა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ შეეცვალათ.