დღეს ჩინეთში ზამთრის 24-ე ოლიმპიური თამაშები იწყება. შეჯიბრი 20 თებერვლამდე გაგრძელდება და მასში 52 ქვეყნის სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის არის საქართველოს ნაკრებიც, რომელიც ოლიმპიურ კონკურენციაში ცხრა სპორტსმენით ჩაებმება. "პეკინი-2022"-ზე სულ სპორტის თხუთმეტ სახეობაში გათამაშდება მედლები. ქართველები კი 3 სახეობაში იასპარეზებენ.
ვერც პანდემიამ, ვერც დოპინგებთან დაკავშირებულმა სკანდალებმა და ვერც ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებმა ვერ შეაჩერეს ზამთრის ოლიმპიური თამაშები.
"აშკარაა, რომ "პეკინი-2022"-ის დროს უთანხმოება და წინააღმდეგობები ახალ დონეს აღწევს. ბევრს უჩნდება კითხვა: საერთოდ, საჭირო იყო ამ თამაშების ჩატარება? რა აუცილებლობას წარმოადგენდა პანდემიის დროს მეორე ოლიმპიური თამაშების გამართვა, შარშანდელი ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადის შემდეგ? თანაც იმ მომენტში, როცა ადამიანთა მსხვერპლი უკვე ხუთ მილიონს აჭარბებს... ჩინეთში დრაკონული საკარანტინო წესებია შემოღებული, ტრიბუნებზე ცოტა ვინმე თუ იქნება მაყურებელი.
სოჭის ზამთრის ოლიმპიადა ასევე ცნობილია იმითაც, რომ რუსმა სპორტსმენებმა დოპინგით მასობრივად ისარგებლეს. ამ ფაქტმა უდიდესი სკანდალი გამოიწვია, რუსეთი დაჯარიმდა და რუს სპორტსმენებს აკრძალვები დაუწესდათ... თუმცა დღეს რუსები პეკინში იქნებიან - ისინი, ვინც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დოპინგისაგან "სუფთად“ ჩათვალა.
ბუნებრივია, ოლიმპიურ კომიტეტს არ სურს "ძლიერთა ამა სოფლისებთან“ დავა, ამიტომაც რუსეთმა იოლად დააღწია თავი სანქციებს. ოლიმპიურ კომიტეტს ასევე არ სურს დავა ჩინეთის ხელისუფლებასთან ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში - მიუხედავად იმისა, რომ ჩოგბურთელი ქალი პენ შუაი ისე გაქრა, რომ მისი გზა-კვალი არავინ უწყის. მან ხომ ჩინელი მაღალჩინოსანი გაუპატიურებაში ამხილა...“, - ვკითხულობთ ამერიკული "ნიუ იორკ თაიმსის“ (The New York Times) სტატიაში.
როგორც ცნობილია, ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ თომას ბახმა განაცხადა, რომ პოლიტიკურ საკითხებს კომენტარს არ გაუკეთებს, არცერთის მხარეზე არ დადგება, რადგან საერთაშორისო სპორტის ორგანიზაცია ამგვარ სიტუაციებში ნეიტრალიტეტს იცავს.
თომას ბახი იმედოვნებს, რომ ყველა ქვეყანა სამშვიდობო ზავს დაიცავს. მისი თქმით, სპორტს თავისთავად არ შეუძლია მშვიდობის მოტანა, მაგრამ ოლიმპიური თამაშებს - მშვიდობის სიმბოლოს, შეუძლია მისკენ მიმავალ გზაზე მიუთითოს.
მაგრამ პოლიტიკა, პროტესტები და სპორტში პოლიტიკური ჩარევები ყოველთვის ასრულებდნენ თავის როლს ოლიმპიური თამაშების დროს. ასე იყო 1936 წელს ბერლინში, როცა ამერიკელმა ჯესი ოუენმა ადოლფ ჰიტლერი გააწბილა და ხელი არ ჩამოართვა, როცა სპორტსმენებმა ტომი სმიტმა და ჯონ კარლოსმა პროტესტი განაცხადეს მეხიკოს თამაშებში 1968 წელს და როცა მიუნჰენის 1972 წლის თამაშებში ტერორისტებმა ისრაელის დელეგაციის 11 წევრი მოკლეს. "თამაშები უნდა გაგრძელდეს“, - თქვა მაშინ ოლიმპიური კომიტეტის იმდროინდელმა თავმჯდომარემ ევერი ბრანდეიჯმა.
თუმცა ყველაფრის მიუხედავად სპორტს თავისი ხიბლი აქვს და გულშემატკივრებიც ელიან საინტერესო შეჯიბრს და საყვარელი სპორტსმენების გამარჯვებას.
კორონავირუსის სამშობლო, ვირუსის პირველი შემთხვევების გამოვლენიდან ამ დრომდე, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის მიხედვით, ჩინეთი მსოფლიოს ქვეყნებს შორის, 120-ე ადგილს იკავებს. საერთო ჯამში, ოფიციალური მონაცემებით, გამოვლენილია 106 270 შემთხვევა, გარდაიცვალა 4 636 ადამიანი. ჩინეთში ამ დროისთვის კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 1673-ია.
ქვეყნაში ბოლო დღეების ეპიდვითარება china-briefing. com-ის მიხედვით, ასეთია:
თუ ოფიციალურ მონაცემებს დავუჯერებთ, შეიძლება ითქვას, რომ ეს მონცემები უკანასკნელი წელიწად-ნახევრის განმავლობაში საკამოდ მაღალია. არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ ჩინეთი კორონავირუსის სტატისტიკას აყალბებს.
ჩინეთში ზამთრის ოლიმპიური თამაშები მკაცრი ზომების პირობებში ჩაივლის. ოლიმპიურ თამაშებზე იზოლირებულად მყოფ 60 000 ადამიანს ყოველდღიურად ჩაუტარდება ტესტი.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, ზამთრის 24-ეოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე, საქართველოს დელეგაციის მედროშეები იქნებიან: მოთხილამურე ნინო წიკლაური და მოციგურავე მორის ყვითელაშვილი.
ქართველი სპორტსმენები სპორტის სამ სახეობაში ჩაებმებიან ოლიმპიურ კონკურენციაში. ფიგურულ ციგურაობაში, საქართველომ ოთხივე სახეობაში შეძლო "პეკინი-2022"-ის ლიცენზიის მოპოვება და გუნდურ შეჯიბრებაშიც მიიღებს მონაწილეობას. მორის ყვითელაშვილი და ანასტასია გუბანოვა ერთეულებში გამოვლენ, მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას დუეტი - სპორტულ ცეკვებში, ხოლო კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას წყვილი - სპორტულ წყვილებში.
მოციგურავეთა გარდა, ოლიმპიურ კონკურენციაში ჩაებმებიან სამთო მოთხილამურეები ნინო წიკლაური და სოსო ჯაფარიძე და მოციგავე საბა ქუმარიტაშვილი.
4 თებერვალი
06:02-07:15 ფიგურული ციგურაობა. მამაკაცები. მოკლე პროგრამა (მორის ყვითელაშვილი) (გუნდური)
07:41-08:54 ფიგურული ციგურაობა. ცეკვები. რიტმული ცეკვა (მარია კაზაკოვა/გიორგი რევია) (გუნდური)
09:22-10:55 ფიგურული ციგურაობა. წყვილები. მოკლე პროგრამა (კარინა საფინა/ლუკა ბერულავა) (გუნდური)
16:00-18:10 გახსნის ცერემონიალი
5 თებერვალი
15:10-18:00 ციგაობა (1-2 დაშვება) (საბა ქუმარიტაშვილი)
6 თებერვალი
05:30-06:50 ფიგურული ციგურაობა. ქალები. მოკლე პროგრამა (ანასტასია გუბანოვა) (გუნდური)
07:57-08:40 ფიგურული ციგურაობა. წყვილები. თავისუფალი პროგრამა (კარინა საფინა/ლუკა ბერულავა) (გუნდური)
15:30-18:15 ციგაობა (3-4 დაშვება) (საბა ქუმარიტაშვილი)
7 თებერვალი
05:15-06:01 ფიგურული ციგურაობა. მამაკაცები. თავისუფალი პროგრამა (მორის ყვითელაშვილი) (გუნდური)
06:31-07:10 ფიგურული ციგურაობა. ცეკვები. თავისუფალი პროგრამა (მარია კაზაკოვა/გიორგი რევია) (გუნდური)
07:37-08:40 ფიგურული ციგურაობა. ქალები. თავისუფალი პროგრამა (ანასტასია გუბანოვა) (გუნდური)
09:45-11:55 სამთო თხილამურები. ქალები. გიგანტური სლალომი (ნინო წიკლაური)
8 თებერვალი
05:15-09:30 ფიგურული ციგურაობა. მამაკაცები. მოკლე პროგრამა (მორის ყვითელაშვილი)
9 თებერვალი
09:45-11:30 სამთო თხილამურები. ქალები. სლალომი. (ნინო წიკლაური)
10 თებერვალი
05:30-09:40 ფიგურული ციგურაობა. მამაკაცები. თავისუფალი პროგრამა (მორის ყვითელაშვილი)
12 თებერვალი
15:00-18:40 ფიგურული ციგურაობა. ცეკვები. რიტმული ცეკვა (მარია კაზაკოვა/გიორგი რევია)
13 თებერვალი
09:45-12:05 სამთო თხილამურები. მამაკაცები. გიგანტური სლალომი. (სოსო ჯაფარიძე)
14 თებერვალი
05:15-08:50 ფიგურული ციგურაობა. ცეკვები. თავისუფალი პროგრამა (მარია კაზაკოვა/გიორგი რევია)
15 თებერვალი
14:00-18:25 ფიგურული ციგურაობა. ქალები. მოკლე პროგრამა (ანასტასია გუბანოვა)
16 თებერვალი
09:45-11:55 სამთო თხილამურები. მამაკაცები. სლალომი. II ცდა (სოსო ჯაფარიძე)
17 თებერვალი
14:00-18:10 ფიგურული ციგურაობა. ქალები. თავისუფალი პროგრამა (ანასტასია გუბანოვა)
18 თებერვალი
14:30-17:45 ფიგურული ციგურაობა. წყვილები. მოკლე პროგრამა (კარინა საფინა/ლუკა ბერულავა)
19 თებერვალი
15:00-18:10 ფიგურული ციგურაობა. წყვილები. თავისუფალი პროგრამა (კარინა საფინა/ლუკა ბერულავა)
20 თებერვალი
16:00-18:00 დახურვის ცერემონიალი
ტოკიოს ზაფხულის თამაშების წინ იაპონელები ოლიმპიადის გაუქმებას ან ვადების გადაწევას მოითხოვდნენ, მაგრამ როგორც კი თამაშები დაიწყო, ყველა სპორტულ ემოციებსა და ვნებებში ჩაერთო. ალბათ, პეკინშიც ასე იქნება - პრობლემების მიუხედავად, სამი კვირის განმავლობაში მსოფლიო ელოდება ახალ სპორტულ მიღწევებს, ხოლო გულშემატკივრები აღტაცებულნი იქნებიან სპორტსმენების ოსტატობით...
ავტორი: სიმონ კილაძე