გერმანიაში მოღვაწე ცნობილ ქართველ ექიმს ლევან ჰაუსის სახელით იცნობენ. ის პანდემიის პერიოდში თავისი რჩევებითა და live ჩართვებით, როგორც არაერთი ექიმი, ათასობით ადამიანს ანუგეშებდა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ...
როგორი იყო გზა ექიმობიდან სიმღერამდე, ამის შესახებ ლევანი ექსკლუზიურად ინტერვიუში გვიყვება:
სკოლა საკმაოდ მძიმე პერიოდში, 2000 წელს დაამთავრა. დედა და დეიდა ექიმები ჰყავს, მაგრამ მისი ექიმობა 90-იანი წლებში გამოცდილი უსახსრობის გამო, ოჯახში არავის უნდოდა... ამიტომ "ჯავახიშვილში" საერთაშორისო სამართალზე ჩააბარა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ეს მისი სამომავლო პროფესია ვერ იქნებოდა. იმის გასარკვევად თუ ვინ იყო საერთოდ და რა უნდოდა, გერმანიაში წავიდა...
"თუმცა მუსიკა სულ იყო ჩემს ცხოვრებაში, წასვლამდე დავდიოდი ბატონ ნოდარ ანდღულაძესთან... მახსოვს, მაესტროსთან თამრიკო ჭოხონელიძემ მიმიყვანა, მაშინ 14 წლის ვიყავი, ბატონმა ნოდარმა თქვა, - ხმა აქვს, მაგრამ ჯერ პატარაა, მუტაციის პერიოდი გასავლელი აქვსო... მერე მის გაკვეთილებს მასწრებდა, რომ მომესმინა, როგორ ამეცადინებდა გოჩა დათუსანს, გია ონიანს და სხვებს" - იხსენებს ლევანი, რომელმაც გერმანიაშიც, ფრანკფურტის კონსერვატორიაში მოსინჯა ძალები, მაგრამ მიხვდა, რომ მეცადინეობის პროცესი არასწორად მიდიოდა.
პარალელურად ფსიქოლოგიით დაინტერესდა და უნივერსიტეტში ჩააბარა. მეორე-მესამე კურსზე, ბიოლოგიამ გაიტაცა და თავის ტვინის შესწავლა დაიწყო.
"ჩემმა ერთ-ერთმა პროფესორმა დამარწმუნა, რომ სამედიცინო განათლებაც აუცილებელი იყო. არადა, იმ პერიოდში მგონი, ხუთი სამსახური მქონდა, თან, ლექციიდან ლექციაზე დავრბოდი" - აღნიშნავს რესპონდენტი.
- დღეს უკვე საკმაოდ ბევრი პაციენტი გყავთ, ლექციებს კითხულობდით გერმანიის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში. როდის დარწმუნდით, რომ სამედიცინო მიმართულებით წარმატებული კარიერა აგეწყოთ?
- 30-31 წლის ასაკში უკვე საუკეთესო სამსახურები მქონდა, საკმარისი შემოსავალიც, თითქოს ბევრ რამეს მივაღწიე, მაგრამ რაღაც მომენტში მივხვდი, რომ სიმღერის გარეშე ცხოვრება არ შემეძლო. თან ამას ემატებოდა ის, რომ ვინც ჩემს ხმას მოისმენდა, ყველა მაშინვე მეუბნებოდა - ასეთი ხმა გაქვს და რა დაგიკარგავს ამ მედიცინაში, ამ მორიგეობებით თავს რატომ იკლავ, წადი, თავს მიხედე... მერე ამაზე სერიოზულად დავფიქრდი... ოცნებები ხომ ყველას გვაქვს, ამის გარეშე რთულია, თავს შეუქმნა მოტივაცია. ერთხელაც, ასეთი სცენარი წარმოვიდგინე - ვარ 70 წლის პროფესორი და მივიღე ნობელის პრემია. ცერემონიის შემდეგ საოპერო მუსიკის კონცერტი წარმოვიდგინე, ნობელით დაჯილდოებული როგორ ვზივარ დარბაზში და ვუსმენ ერთ-ერთ ცნობილ საოპერო მომღერალს. იმ წუთებში თვალები ცრემლით ამევსო, რადგან მივხვდი - არ მაინტერესებს არანაირი მსოფლიო აღიარება, მე ხომ თავის დროზე არ ავიხდინე მთავარი ოცნება და არ გავხდი მომღერალი.
- და მუსიკას რამდენი წლის შემდეგ დაუბრუნდით?
- სერიოზული მეცადინეობა 17-წლიანი პაუზის შემდეგ დავიწყე. ეს ანიტა რაჭველიშვილმა გამაბედინა, მანვე შემარქვა ჰაუსი. ისე, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად რამდენიმე ადამიანმა დამარქვა ჰაუსი. არ ვიცი, რატომ, კოჭლობით არ ვკოჭლობ... ანიტა იტალიაში, „არენა დი ვერონაზე“ გავიცანი, შემდეგ მონტე-კარლოში ჩამიყვანა, სადაც "სამსონ და დალილაში“ მღეროდა. მოდი, ასეთი ექსპერიმენტი ჩავატაროთ, - შენ და ოთოს გამეცადინებთ. უზარმაზარი საჩუქარი იყო - ანიტამ მასწავლა საბაზისო ყველაფერი, სუნთქვა და სიმღერის ტექნოლოგიის ანა-ბანა.
ერთ წელზე მეტი მამეცადინებდა და თან ყველგან დავყავდი, რომ ჩემთვის თეატრები - მეტროპოლიტენი, პარიზის ბასტილიის თეატრი, ზალცბურგი გაეცნო. მოკლედ, ვიყავით ასე მეგობრულად მე, ანი, ოთო და ფრენკი. მერე თბილისში ჩამოსვლამ მომიწია, დედა ძალიან ავად გახდა და მის გამოსაჯანმრთელებლად დრო დამჭირდა. იმ პერიოდში, ანიტას რჩევით, თბილისში მეცადინეობა თემურ და ქეთი მელიავებთან განვაგრძე. ჩემმა მეგობარმა, პიანისტმა ნათია აზარაშვილმა კი ბანკოს პარტია მასწავლა. პანდემიის დაწყების შემდეგ კი გერმანიაში დავბრუნდი და იქ დავრჩი.
- 2021 წელს თქვით, რომ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალაო - რას გულისხმობდით?
- ვიცოდი, რომ უდიდესი ქართველი ბანი პაატა ბურჭულაძე ბერლინში ცხოვრობდა, მე კი მასთან შეხვედრაზე ვოცნებობდი. ახლოს არ ვიცნობდი, მაგრამ ბოლო 2 წლის განმავლობაში, მესენჯერში დაბადების დღეს პირველი მილოცავდა, ამით მისი კეთილგანწყობა ვიგრძენი და გადავწყვიტე, მიმეწერა - ბატონო პაატა, თუ შეგიძლიათ, რომ მომისმინოთ? რა თქმა უნდა, ხვალ დამირეკეო, - მაშინვე მიპასუხა. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა... როდესაც მივედი, ძალიან ვღელავდი, - პაატა ბურჭულაძის წინაშე მისივე რეპერტუარი უნდა მემღერა.
აკომპონიმენტი გამიწია მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო პედაგოგმა, ქალბატონმა ლუდმილა ივანოვამ. პაატამ მითხრა, ვერ მოგატყუებ რომ კარგი იყო და მოდი, დავიწყოთ შესრულებული არიის გასწორებაო. ბოლოს კი, არ დამავიწყდება მისი სიტყვები: ლევან, ყველაფერი გამოგივა! პირველივე გაკვეთილის შემდეგ უდიდესი მოტივაცია შემიქმნა, ამიყვანა მოსწავლედ და ყოველდღიურად მილა ივანოვასთან ერთად მამეცადინებდა. რომ მკითხოთ, ვინ არის პაატა ბურჭულაძე? გეტყვით, რომ ბავშვივით გულწრფელი და უტკბილესი ადამიანია.
მეგონა, მსოფლიო ბანი სერიოზული, უკარება იქნებოდა და პირიქით აღმოჩნდა. პედაგოგობა განსაკუთრებული ნიჭია, ყველა დიდ მომღერალს არ შეუძლია იყოს იმავე ხარისხის პედაგოგი. პირველ გაკვეთილზე ზაქარიას პარტია ფრაზა-ფრაზა რომ გამასწორებინა, მივხვდი, რომ დიდ პედაგოგთან მოვხვდი. დამანახა მთავარი, - კარგ მომღერალს ცუდისგან რა განასხვავებს და ეს არის ფრაზირება. მოგცემს პატარა შენიშვნას და შენი ფრაზა სავსე და მეტყველი ხდება. ერთ ფრაზაში შეუძლია გადმოსცეს ბევრი ფერი... ნამდვილად მკაცრია, მაგრამ არასდროს მოგთხოვს იმას, რაშიც არ არის დარწმუნებული, რომ შეგიძლია...
- მის ხმაზე რას გვეტყვით, როგორც მუსიკოსი და ექიმი, როგორ ინარჩუნებს მსოფლიო ბანი ფორმას?
- მისი ხმა არის ცალკე მოვლენა და გეტყვით, რომ ის საუკეთესო ფორმაშია (ასაკი ხომ საერთოდ არ ეტყობა). შეუძლია საკმაოდ ვრცელი პროგრამა შეუსვენებლად იმღეროს. მის მეცადინეობა ფაქტობრივად ხშირად უმაღლესი ხარისხის სოლო-კონცერტის ტოლფასია. მსგავსი მომაჯადოებელი შესრულება არასდროს მომისმენია. თუ ვინმეს ეწყინება, ეწყინოს, მაგრამ მსგავსი ბანი არასდროს მომისმენია.
- სოლო-კონცერტის გამართვაზე როგორ მიიღეთ შემოთავაზება პაატა ბურჭულაძისგან?
- ეს იყო კლასიკური შოკი! ერთ-ერთ გაკვეთილზე, მაესტრო მეუბნება, მორჩა, შენ მზად ხარ კონცერტისთვის, აიღო ტელეფონი და დაურეკა ყველასთვის ცნობილ პროდიუსერს, „იავნანას“ სამხატვრო ხელმძღვანელს თეონა ჯორბენაძეს. ჯერ გააზრებულიც არ მქონდა, რა ხდებოდა - ორი სერიოზული ადამიანი ჩემს კონცერტზე, დარბაზზე ლაპარაკობდა... 3 მარტს კონსერვატორიის მცირე დარბაზში რასაც შევასრულებ, ყველაფერი ბატონმა პაატამ მასწავლა, ანუ აუდიტორიის წინაშე გამოვალ როგორც მაესტროს მოწაფე. ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობა და პირველ რიგში, პატივია. ჩემთვის მთავარია, კონცერტის შემდეგ მაესტრო კმაყოფილი დარჩეს და მითხრას, - ლევან, დღეს გამახარეო. ეს ჩემთვის დიდი მიღწევა და მაესტროსთვის მადლიერების გამოხატვა იქნება.
- ლევან, 3 მარტს დიდი აუდიტორიის წინაშე გამოსვლა გელით... "ლევან ჰაუსი" მომღერალ ლევანს სიმშვიდისთვის რაიმე მედიკამენტს ხომ არ დაუნიშნავდა?
- უნივერსიტეტში რომ ვასწავლიდი, 200-კაციანი აუდიტორიის წინაშეც კი გამოვსულვარ, მაგრამ ერთია, როცა ლაპარაკობ ტვინსა და ფსიქოლოგიაზე და მეორეა, როცა მღერი. 3 მარტს იქნება ჩემი აბსოლუტური დებიუტი, სცენაზე არასდროს მიმღერია. წარმოდგენა არ მაქვს, თავს როგორ ვიგრძნობ კონცერტის წინ, ამიტომ არ ვიცი, დამჭირდება თუ არა „ლევან ჰაუსის“ დახმარება. ამიტომ, პროგნოზს ვერ გავაკეთებ.
რადგან პაატა ბურჭულაძემ და ლუდმილა ივანოვამ გადაწყვიტეს, რომ ამ კონცერტისთვის მზად ვარ, რა უფლება მაქვს, მათი მოსაზრება ეჭვქვეშ დავაყენო?! სცენაზე პირველ წუთებში ღელვა ალბათ მექნება, მაგრამ მგონია, მერე მუსიკა ისე წამიღებს, ნერვიულობისთვის აღარ მეცლება. ისე, როგორც ნებისმიერ მოაზროვნე ადამიანს, მეც მქონია ცხოვრებაში ფსიქოლოგიური პრობლემები და სტრესები და უებარი წამალი დღის ბოლოს ყოველთვის მუსიკა ყოფილა. არ დაგვავიწყდეს მუსიკის თერაპიული ძალა.
- როგორ ფიქრობთ, მზად ხართ გქონდეთ ერთი პროფესია და ეს იყოს მუსიკა?
- მუსიკასთან სიახლოვე სხვა ინტენსივობის ბედნიერებას მანიჭებს. პაციენტს რომ გამოაჯანმრთელებ, ეს მართლაც საოცრებაა, მაგრამ მუსიკასთან კიდევ ერთი ნაბიჯით ახლოს ვარ, ვიდრე მედიცინასთან. მაქვს რაღაც უხილავი კავშირი. ჩემი დიდი ბაბუა ლოტბარი - რემა შელეგია იყო. ეს გვარი მეც მინდა, სასცენო სახელად ავიღო. მან დასავლეთ საქართველოს გუნდები გააერთიანა. "ვიკიპედიაში“ მასზე სტატია ქართულად და მეგრულადაა. ჩემი ოჯახის ერთი შტო არის მუსიკალური, მეორე - სამედიცინო და ახლა მინდა, მამის მხარეს წავიდე.
- თქვენი მკურნალობის იმედად მყოფ მრავალ ადამიანს მგონი, არ გაახარებს ეს ამბავი.
- სამედიცინო სფეროში რაღაც ფორმით მაინც ვიქნები, ადამიანების დახმარება ჩემს ვალდებულებად მიმაჩნია. საერთოდ რატომ არ შეიძლება, ერთდროულად, ორი ან მეტი საქმე აკეთო? მინდა, თან ხალხი განვკურნო და თან - ვიმღერო, თუ არ გამომივა და ჩემი ხმის გაგონებაზე ხალხი ყურებზე ხელს აიფარებს, მაშინ თავს გავანებებ. სრული სერიოზულობით გეტყვით, - არც ფსიქოლოგიის სწავლა და არც მედიცინა ყოფილა ისეთი რთული, როგორც ვოკალის. შესწავლილი მაქვს ადამიანის ორგანიზმი და ძალიან საინტერესოა დიაფრაგმის, ფილტვების და სახმო იოგების ერთობლივი მოქმედება. ფაქტობრივად შენს შიგნით არის ინსტრუმენტი, რომელიც სიმღერის დროს მოდის მოქმედებაში. როცა ვმღერი მუსიკაში ვიკარგები და ცხადია, ეს ყველაფერი მავიწყდება. 3 მარტიდან ჩემი სასცენო სახელი ლევენ შელეგია იქნება. გადავწყვიტე, ჩემი დიდი ბაბუის გვარი ავიღო.