ავტორი:

"ლელა ხელებში ჩამაკვდა, თუმცა მქონდა ბედნიერება, რომ მასთან 22 წელი მეცხოვრა" - რეჟისორის გულწრფელი ინტერვიუ მეუღლეზე, შვილებსა და გეგმებზე

"ლელა ხელებში ჩამაკვდა, თუმცა მქონდა ბედნიერება, რომ მასთან 22 წელი მეცხოვრა" - რეჟისორის გულწრფელი ინტერვიუ მეუღლეზე, შვილებსა და გეგმებზე

ცნობილ რეჟისორს ლევან ანჯაფარიძეს ცოტა ხნის წინ მეუღლე გარდაეცვალა... მიუხედავად მის თავს დამტყდარი უდიდესი ტრაგედიისა, ამბობს რომ ჰქონდა შესაძლებლობა 22 წელი ულამაზესად ეცხოვრა და გაეგო რას ნიშნავს სრული ბედნიერება.

ლევან ანჯაფარიძე პირად ტრაგედიასა და შემოქმედებით სიახლეებზე თავად გვესაუბრა:

- ბატონო ლევან, სამწუხაროდ ცოტა ხნის წინ დიდი ტრაგედია დაგატყდათ თავს, მეუღლე დაკარგეთ...

- დიახ... პანდემიის პირობებში ძალიან ბევრმა დაკარგა ძვირფასი ადამიანი, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში კოვიდი არაფერ შუაში იყო, ჩემი მეუღლე გულით გარდაიცვალა... არანარი ვირუსი არ შეგვხვედრია, აცრილებიც ვიყავით, ყოველდღე კლიპის პრემიერას ველოდებოდით, ჩვენს საქმეს ვაკეთებდით, ლელა ძალიან მშრომელი ადამიანი იყო, ეტყობა გადაიღალა და გამთენიას ხელში ჩამაკვდა... 60 წლის კაცი მარტო დავრჩი. ლელა ჩემი მეორე მეუღლე იყო, მე უფალმა 22 წელი მისი სახით სრული ბედნიერება მაჩუქა! რომ გამეგო რა არის ბედნიერება, ქალის და კაცის დამოკიდებულება, როგორი უნდა იყოს ქალი - აი, ეს ყველაფერი დამანახა უფალმა და მერე წაიყვანა, ყველაფერი უფლის ნებაა... 22 წელი ულამაზესი ცხოვრებით ვიცხოვრე...

არ მეგონა ამდენ ადამიანს თუ გული ეტკინებოდა, ძალიან ბევრი მწერს და ცალკე ლელას, ცალკე ჩემს გამო წუხილს გამოხატავენ. ლელამ 1991 წელს პირველმა გაიტანა და გაშალა საქართველოს ეროვნული დროშა ამერიკის შეერთებულ შტატებში. სან -ფრანცისკოს გრანპრის ტიტულით დაბრუნდა სამშობლოში. იმის შემდეგ კიდევ სამასი კონცერტი ჩაატარა, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო - "ფიროსმანი"... როგორც დამდგმელი ქორეოგრაფი მოღვაწეობდა სანკტ-პეტერბურგში, ამერიკის სხვადასხვა ქალაქებში, მაგრამ საქართველოში რომ ყველაფერი აირია, იძულებული გახდა თავის საქმიანობისთვის თავი დაენებებინა და გვერდით დამიდგა როგორც პროდიუსერი, ოთხი ფილმი ერთად გადავიღეთ.

ლელას "პატარა ბალანჩინს" ეძახდნენ, თავის საქმეში იმდენად ძლიერი იყო. იმდენს შრომობდა არასოდეს მეგონა, თუ რამე მოერეოდა და სამძიმარზე ვინც არ მოდიოდა, ყველა იგივეს ამბობდა... 24 საათი საქმეზე მომართული იყო.

- ქალბატონ ლელა სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა, მას ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია?

- დიახ.. თუმცა თითქოს გული რაღაცას უგრძნობდა და მისი ბოლო სამი დღე სრულიად უჩვეულო იყო... ამას პირველად თქვენ გიყვებით: სადაც ეკლესიას დაინახავდა, ყოველთვის შედიოდა. მარხვას იცავდა და ძალიან სუფთა გულის გოგო იყო. დიღომში კინოსტუდიაში ვიყავით და მოგეხსენებათ, კინოსტუდიის ეზოში წმინდა ლაზარეს ეკლესიაა. ეკლესიაში არავინ იყო, წმინდა ლაზარეს ხატთან ერთადერთი კანდელი ენთო. ლელას სანთლები სულ დაჰქონდა, იმ დღესაც ძალიან ბევრი ჰქონდა წამოღებული, ყველა სანთელი აანთო და მთელი ეკლესია გააბრდღვიალა. თავად ლამის ამბიონზე იდგა და ხელებაწეული დაახლოებით ერთი საათი ხმამაღლა ლოცულობდა... მოგეხსენებათ, რეჟისორი ვარ და ყველაფერს, როგორც კინოს ისე გიყვებით... ეს ყველაფერი რაღაც მინიშნება იყო.

ვორონცოვზე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია გვაქვს და მეორე დღეს რომ ჩავიარეთ, იქაც ერთადერთი კანდელი ენთო. ირგვლივ არავინ იყო და ლელამ ისევ გააჩახჩახა სანთლებით მთელი ეკლესია. ისეთი გრძნობით ლოცულობდა, მეგონა ჰაერში იწეოდა. მესამე დღეს ბარბარობა იყო და რასაკვირველია მთელი დღე ეკლესიაში ვიყავით. წმინდა ბარარეს სახელობის ეკლესიაში ძალიან ბევრი ხალხი იყო და ლელამ იქ მთელი დღე ლოცვაში გაატარა... ძალიან დაღლილები ვიყავით, სახლში მინდოდა წამოსვლა, მაგრამ მთხოვა თავისუფლების მოედანზე გამიყვანეო. შენ რომ პატრიარქმა ჯვარი გაჩუქა, გაწყვეტილი ჯაჭვი ოქრომჭედელთან მივიტანე და აუცილებლად უნდა წამოვიღო, თორემ დაიკარგებაო... წამოვიღეთ ის ჯვარი, თავის ხელით გამიკეთა და დილის ოთხის ნახევარზე ჩემს ხელში აღესრულა...

ლელა საოცარი ადამიანი იყო! ვწუხვარ საერთო შვილი რომ არ გვყავდა... მე პირველი მეუღლიდან ორი ვაჟი და ორი შვილიშვილი მყავს, ამერიკაში ცხოვრობენ და მუშაობენ და შვილიშვილებიც ულამაზესები მყავს, ორი პაწუკა გოგო... ჩემი შვილები გამუდმებით მთხოვენ ამერიკაში მათთან ჩავიდე, მაგრამ ამას ვერაფრით შევძლებ! სად უნდა წავიდე, ჩემს თბილისს როგორ უნდა მოვშორდე?!

- მიუხედავად ამხელა ტკივილისა, ცხოვრება გრძელდება და ალბათ ხელოვნებაში კიდევ ბევრს შექმნით... როგორი გარემოა დღეს საქართველოში სამოღვაწეოდ?

- საქართველოში და მსგავს პატარა ქვეყნებში ხელოვანისთვის სამოღვაწეოდ გარემო ყოველთვის რთულია, რადგან ფინანსები ხელოვნებისთვის არასოდეს არ იძებნება. მე, მაგალითად, კინოცენტრში ოცი წელია ფილმი არ გადამიღია. ოცი წლის განმავლობაში სცენარი შემქონდა და არ მაფინანსებდნენ. ამის გამო 15 დღე პროტესტის ნიშნად ვშიმშილობდი და ლამის თავი მოვიკალი. გულწრფელად გეტყვით, დღეს ამ თემაზე საუბარი აღარც მსურს! მითუმეტეს ლელას შევპირდი და დავწერე კიდეც, ყველა მიყვარხართ არ მაინტერესებს, ვინ სად დგახართ, ვინ სად ლოცულობთ-მეთქი... ამდენი ზიზღით, გაყინული სახეებით, ბოროტი თვალების ყურებით დავიხრჩვი, აღარ შემიძლია, ვეღარ ვსუნთქავ! არ შეიძლება ხალხოო პოლიტიკოსების გამო ვჩხუბობდეთ!

- ათწლეულებია ეგ ვითარებაა...

- ჰოდა გენაცვალე არ ვართ ჩვენ ისეთი ტიპები, როგორებიც გვინდა რომ ვიყოთ! ვინმე განსხვავებულს იტყვის და მოღალატე ხარო, შეიძლება ასე ერთმანეთს მოღალატეს ვეძახდეთ?! სხვათაშორის მეც ძალიან აქტიურად ვიყავი პოლიტიკაში ჩართული, მაგრამ ლელას თხოვნით საერთოდ შევეშვი.

- გვიამბეთ კლიპზე, რომელიც ახლახან გადაიღეთ...

- "ახედე ცას" - ასე ჰქვია სიმღერას... ტექსტის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი მე ვარ, კომპოზიტორი კაკო ვაშალომიძე, დამდგმელი ოპერატორი ბაქარ შარაშენიძე, მონტაჟის რეჟისორი - ელია ფარსადანიშვილი. სულ ცოტა ხანში მაყურებელი თავად იხილავს და დასკვნებს გამოიტანს, როგორი კლიპია. აუცილებლად მინდა მადლიერებით ვახსენო, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელმაც მოგვცა საშუალება კლიპი გადაგვეღო.