ავტორი:

"არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, საიდან დაადგინეს მისი ფილტვების დაზიანების პროცენტი, არ ვიცი..." - როგორია თამაზ მეჭიაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

"არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, საიდან დაადგინეს მისი ფილტვების დაზიანების პროცენტი, არ ვიცი..." - როგორია თამაზ მეჭიაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

როგორც ცნობილია, პოლიტიკოსი, არაერთგზის დეპუტატი და თიანეთის ყოფილი მერი თამაზ მეჭიაური კორონავირუსით დაინფიცირდა. პოლიტიკოსის მდგომარეობა ამჟამად მძიმეა. ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. Ambebi.ge პოლიტიკოსის შვილს ზაზა მეჭიაურს ესაუბრა, რომელმაც გვითხრა, რომ მამას კლინიკაში გადაყვანა დაგვიანებით მოხდა, რადგან თავად არ სურდა. მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ დათანხმდა ოჯახს და ლევან რატიანს, რომ საავადმყოფოში დაწოლილიყო...

ზაზა მეჭიაური:

- კონტაქტურია, მაგრამ ამ ეტაპზე ისევ მძიმედ არის. რეანიმაციაშია მესამე დღეა, სატურაცია 85 აქვს, ანალიზები დღეს ცოტა უკეთესი აქვს, მაგრამ სატურაცია იგივე რჩება.

- ასე მალე დამძიმდა მისი მდგომარეობა? რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაშიც იყო სტუმრად.

- არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. ხუთი დღე იყო ცუდად და ცოტა გვიან გადავიყვანეთ, დაგვიანებით დავითანხმეთ, სახლშიც ცუდად იყო. შაბათს დავაწვინეთ კლინიკაში, მანამდე ხუთშაბათსა და პარასკევს უკვე ცუდად იყო. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გადასხმების შემდეგ ცოტა უკეთ გახდა, მაგრამ როგორც გითხარით, დაგვიანებით მოხდა მისი გადმოყვანა კლინიკაში, არ მოგვყვებოდა. შინ უკვე 90-92-ზე ჰქონდა სატურაცია. ლევან რატიანი მისი ექიმია და ყველა დეტალს მითანხმებს. ასევე დიმიტრი ხუნდაძე და ამირან გამყრელიძე არიან ჩართულები. დღეში ორჯერ ვხვდები ექიმებს და დეტალურად მაცნობენ მდგომარეობას.

- რატომ არ უნდოდა საავადმყოფოში გადაყვანა?

- ისეთი ადამიანია, რომ არ დადის ექიმებში, ოღონდ საავადმყოფოს ნუ გააგონებ. სულ მაგას ვეუბნებოდი მანამდეც, რომ პროფილაქტიკის მიზნით ჩაეტარებინა გამოკვლევები. ბოლოს სუნთქვა უჭირდა, შვილებმა, ოჯახის წევრებმა ვთხოვეთ ძალიან, მერე ლევან რატიანიც ესაუბრა და დაგვთანხდა. პირველი ორი დღე სიცხე ჰქონდა, მაგრამ მერე დაიწყო გაუარესება. ადრე ფილტვებზე აქვს რაღაც გადატანილი და ძველი დაზიანებაც დარჩენილი ჰქონდა. რაღაც საიტებზე წავიკითხე და საიდან დაადგინეს მისი ფილტვების დაზიანების პროცენტი არ ვიცი, საიდან მოიტანეს ეს ციფრები. შემოყვანის დღიდან ნანახი მაქვს ის სურათი, რაზეც ჩანს რა დღეშიც აქვს ფილტვები, თავიდან ბოლომდე ვენდობი ექიმებს.

- ზაზა, მამა ვაქცინირებული არ არის?

- არა, ვერ მოასწრო, ალერგიულია და ექიმებმა ვერ გადაწყვიტეს რომელი პრეპარატით აცრილიყო. აცრის წინააღმდეგი არ ყოფილა, აპირებდა აცრას. ოჯახის ყველა წევრი აქ ვართ საავადმყოფოში, ექიმები იბრძვიან... პატრიარქმაც დალოცა და იმედი გვაქვს, ყველაფერი კარგად იქნება. ეს არის რეალური სურათი და მინდა ეს ინფორმაცია საზოგადოებას მიეწოდოს. ჩემზე კარგად არავინ იცის მამას ჯანმრთელობის მდგომარეობა.