მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა, რომ ის და გიორგი გახარია ერთ ქუდქვეშ, ერთი მიზნებისთვის მოქმედებენ - მათ უკვე აშკარად შეკრეს კოალიცია! - ეს განცხადება ჟურნალისტებთან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
როგორც მდინარაძემ ამ კონტექსტში აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი აქცენტს იმ მუნიციპალიტეტებზე აკეთებს, სადაც საკრებულოს თავმჯდომარეები „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერით გიორგი გახარიას პარტიის წევრები გახდნენ.
"როდესაც მიხეილ სააკაშვილი ასახელებს რუსთავს, წალენჯიხას, ჩხოროწყუს - ეს ის მუნიციპალიტეტებია, სადაც საკრებულოს თავმჯდომარეები გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლები გახდნენ, რომელთაც მხარი “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დაუჭირეს.
მიხეილ სააკაშვილი ამბობს, “წავართვით“. ეს უკვე ყველაფერზე მეტყველებს. ეს იყო წამოცდენა თუ განზრახ თქვა, არ ვიცი - ის ადასტურებს იმას, რაზეც ჩვენ ისედაც ვსაუბრობდით, რომ გიორგი გახარია და მიხეილ სააკაშვილი ერთ ქუდქვეშ, ერთი მიზნებისთვის მოქმედებენ. მათ უკვე აშკარად შეკრეს კოალიცია", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საკრებულოებთან დაკავშირებით ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ისაუბრა.
"ერთ-ერთი მთავარი ქალაქი, რუსთავი წავართვით, უახლოეს პერიოდში წავართმევთ ბათუმს, ზუგდიდს - ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური პროცესები დაიწყო, ეს ნიშნავს, რომ გვაქვს სიტუაცია, როცა ბრძოლას აქვს აზრი“, - განაცხადა სააკაშვილმა.