ბათუმში დატრიალებული ტრაგედიიდან, რომელსაც 9 ადამიანი შეეწირა, რამდენიმე თვე გავიდა. 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე სამი პირია დაკავებული.
ინტერნეტმომხმარებელი მაიკო ჩიტაია სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ტრაგდიის ადგილია გადაღებული. როგორც ირკვევა, მომხდარიდან 4 თვის შემდეგ, იქ თითქოს არაფერი შეცვლილა.
"ბათუმის ტრაგედიის შემდეგ პირველად მოვხვდი ამ ქუჩაზე. ეს სახლი ახლა ასე გამოიყურება.
დროში გაჩერებული მომენტივითაა - ვიღაც წყლის დასალევად გავიდა და კადრი დააპაუზა, დაბრუნდება და გაგრძელდება ცხოვრება შეჩერებული ადგილიდან: სამზარეულოში ვიღაც შემოვა და სარეცხს გამოიღებს გასაფენად ან ჩაიდანს დაადგამს ჩაის დასალევად. სახლის ეს ჭრა აუგმენტირებული რეალობასავითაა, სადაც ყველაფერი შესაძლებელია თითქოს, რაღაცეების გადალაგება, შეცვლა ან საერთოდაც თავიდან დაწყება.
სინამდვილეში არაფერი აღარ შეიცვლება და გაგრძელდება, იმიტომ რომ ამ რეალობაში ფატალურ შეცდომას ვეღარ გამოასწორებ და ვიღაცის დაუფიქრებელი გადაწყვეტილებით ამ სახლის ბინადრების თამაში დასრულებულია.
ამაზე სევდიანი სანახაობა ცოტა თუ მინახავს" - წერს ფოტოს კომენტირებისას ჩიტაია.