ავტორი:

"მე აქ არავის დავჭირდი... გადავწყვიტე გავყიდო ბინა, საბანკო ისტორია დავხურო და ისევ მოსკოვში წავიდე" - აჩი ფურცელაძე ფინანსურ კრიზისსა და დანგრეულ ოჯახზე

"მე აქ არავის დავჭირდი... გადავწყვიტე გავყიდო ბინა, საბანკო ისტორია დავხურო და ისევ მოსკოვში წავიდე" - აჩი ფურცელაძე ფინანსურ კრიზისსა და დანგრეულ ოჯახზე

მომღერალი აჩი ფურცელაძე, რომელიც გარკვეული პერიოდი რუსეთში ცხოვრობდა, საქართველოში 4 წლის წინ დაბრუნდა. როგორც თავად ამბობს, სურდა მოსკოვში მიღებული გამოცდილება სამშობლოში გამოეყენებინა, თუმცა ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც ელოდა.

"თბილისელებთან" ვრცელ ინტერვიუში მომღერალი ფინანსურ კრიზისზე საუბრობს. მისი თქმით, 2021 წელი ფინანსურად საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რის გამოც ბინის გაყიდვისა და რუსეთში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

"ბინას ვყიდი იმიტომ, რომ ცხოვრებაში პირველად მომიწია ბანკთან ურთიერთობა ზუსტად ამ სახლის შესაძენად. ხუთწლიანი იპოთეკა, ჩემი საქმიანობის დამუხრუჭების გამო, ოცწლიანად იქცა და ეს ძალიან დიდი გარღვევაა. პანდემიამ ყველაზე უარყოფითად იმოქმედა, მაგრამ მიზეზი მარტო ეს არ არის, გამოვიდა, რომ მე აქ არავის დავჭირდი. არადა, არავისთვის მითხოვია შეუძლებელი, ვისაც ვთხოვე, დამხმარებოდა მუშაობის დაწყებაში ტელევიზიასა თუ რადიოში, იმისთვის, რომ სტაბილური შემოსავალი მქონოდა და პარალელურად სიმღერა და კორპორატიულების წაყვანა გამეგრძელებინა, შეეძლო ამის გაკეთება, მაგრამ შედეგად, არაფერი. ვერცერთმა ტელევიზიამ ვერ მონახა შესაბამისი რესურსი.

პრაქტიკა არ მაკლია, ეს ყველამ იცის, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში, ის ეტაპია, როცა ყველა, როგორიც არ უნდა იყოს, ყვირის, რომ მაგარია და მე, ეტყობა, დამავიწყდა იმის თქმა, რამდენი რამ მაქვს გაკეთებული წლების განმავლობაში. მივიღე გადაწყვეტილება, ეს სახლი გავყიდო, საბანკო ისტორია დავხურო და ისევ მოსკოვში გადავიდე. იქ მელოდება ხალხი, რომელიც აფასებს ჩემს, ეგრეთ წოდებულ, შემოქმედებას და იციან, ჩემი სახით ვისთან აქვთ საქმე. ფულსაც იხდიან და ძალიან კმაყოფილებიც არიან. ყველაფერი ის, რაც აქ მინდოდა, იქ მაქვს. ქართულ მედიასივრცეში, ისეთი მენეჯერები მოვიდნენ, სამწუხაროდ, რომ ვიცნობ. მეგონა, რომ მეგობრები, რომლებთანაც ნაცნობობა მაკავშირებს, ხელს შემიწყობდნენ, არა იმიტომ, რომ ნაცნობები არიან, იმიტომ, რომ იციან ჩემი შესაძლებლობების შესახებ, იციან რა მიკეთებია და რა შემიძლია" - ამბობს აჩი ფურცელაძე.

ფინანსურთან ერთად 2021 წელი კრიზისული იყო მისი ოჯახური ცხოვრებისთვისას. აჩი ფურცელაძე ცოლს გაშორდა. ელენე დუმბაძე აჩის მესამე ცოლი იყო. როგორც ამბობს, ერთმანეთს ვერ შეეწყნენ და დაშორების გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს.

"კი. 2021 წლის სექტემბერში გადავწყვიტეთ, საკოცნელი პირი საფურთხებლად არ გაგვეხადა. არ გამოგვივიდა, რთული პერიოდიც დაემთხვა, ცოტა ხასიათის ამბავიცაა. სულ კარგად რომ არის ყველაფერი, მაშინაც ხდება ასე, მაგრამ როცა რთული მომენტია, მერე უფრო ჭირს რაღაცების გადალახვა. პირველი ორი წელი მარტივად მიდის, მესამე წლიდან იწყება დაღვინება, ერთმანეთისთვისა და ურთიერთობებისთვის „კუთხეების“ მომრგვალება. ამ პროცესში მივხვდით, რომ აქამდე განვლილ წლებს ვერაფერს ვუზამთ, თან, პატარა არცერთი არ ვართ.

ჩვენი ფორმულების შეზავება ოჯახის შესახებ გაჭირდა და როცა მივხვდით, რომ არ გამოგვდიოდა, დავიშალეთ. ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ თუ ოჯახი მაინც უნდა დაიშალოს, ღმერთმა ქნას, ისე დაიშალოს, როგორც ჩვენი – ყოველგვარი სკანდალის გარეშე. დრო რომ გავიდა, არცერთს არ გვქონია კიდევ ცდის სურვილი, არ გვინანია ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯი დაშორების შესახებ" - ამბობს აჩი.

წყარო: თბილისელები