ზუგდიდში, დადიანების მუზეუმის ეზოში ბრინჯაოს ქანდაკება მოიპარეს. ქურდობის შესახებ მუზეუმის თანამშრომლებმა დღეს დილით შეიტყვეს.
როგორც მუზეუმის დირექტორმა დავით ოკუჯავამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ფაქტის შესახებ პოლიციას უკვე მიმართეს და შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.
„ქანდაკებაა მოპარული. პოლიციას მივმართეთ, მათ უკვე დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები, როგორც ვიცი ადგილის ექსპერტიზა დასრულებულია და მიმდინარეობს კამერების დათვალიერება",- განაცხადა დავით ოკუჯავამ.
დადიანების მუზეუმის ეზოში კოლხური ქალ-ღვთაების ქანდაკება 2018 წლის თებერვალში დადგეს. ის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში აღმოჩენილი ბრინჯაოს მხედარი ქალის სკულპტურის ასლია, რომელიც ძვ. წ. აღ-ით VIII-VII საუკუნით თარიღდება.