ავტორი:

წელს მკითხველი ახალ ქართველ ავტორებს გაიცნობს - „გახდი ბესტსელერის ავტორი 2022-ის“ გამარჯვებულები ცნობილია

წელს მკითხველი ახალ ქართველ ავტორებს გაიცნობს - „გახდი ბესტსელერის ავტორი 2022-ის“ გამარჯვებულები ცნობილია

თანამედროვე ქართველი ავტორების მიმართ მკითხველის ინტერესი სულ უფრო იზრდება. ამას მოწმობს გამომცემლობების მიერ გამოქვეყნებული ბესტსელერების სიებიც, რომლებშიც თანამედროვე ქართველი ავტორების შემოქმედება თითქმის ყოველთვის არის წარმოდგენილი.

მკითხველის აქტიურობამ და ინტერესმა გამომცემლობებს ბიძგი მისცა, თანამედროვე ავტორებისთვის ხელი შეეწყოთ და მათ აღმოსაჩენად სხვადასხვა პროექტი განეხორციელებინათ. მათ შორის არის გამომცემლობა „პალიტრა L-ის” კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი“, რომელიც უკვე ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც გამოცდილ, ისე დამწყებ ავტორებს, მათ ნამუშევრებს კი ჟიური და მკითხველი ერთობლივად აფასებენ და გამარჯვებულებს გამოავლენენ.

გასულ წლებში ჩატარებული კონკურსის გამარჯვებული რომანების მიმართ მკითხველთა და კრიტიკოსთა დისკუსია დღესაც მიმდინარეობს, რასაც ავტორები და გამომცემლობა დიდი ინტერესით ადევნებენ თვალს, ამ პროცესში ჩართვას კი მოუთმენლად ელიან 2022 წლის გამარჯვებულები, რომელთა ვინაობა უკვე ცნობილია:

  • ირაკლი არიშვილი - „დასაწყისის დასასრული“ - მკითხველის რჩეული;
  • ოლანი ბიწაძე - „მანიტუ“ - ჟიურის რჩეული;
  • ანუკი შატაკიშვილი - „წუთით კოსმოსში“ - მკითხველისა და ჟიურის ერთობლივი არჩევანი.

კონკურსანტების ნამუშევრები ჟიურიმ შეაფასა, რომლის წევრებიც იყვნენ მწერალი თეონა დოლენჯაშვილი, მწერალი დიანა ანფიმიადი და ლიტერატურისმცოდნე და ფილოსოფოსი ლექსო დორეული.

თეონა დოლენჯაშვილი, ჟიურის წევრი: „გახდი ბესტსელერის ავტორი“ თავისი ფორმატით ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსია. ის მძაფრი, დატვირთული, ხმაურიანია, რადგან მასში ჩართულია თვითონ ხალხი, მკითხველი. გამომცემლობა კი ზრუნავს აღმოჩენილ ადამიანთა სახელების გაჟღერებაზე, მთელი წლის მანძილზე ყველგან ჩანს მათი წიგნები და ახალ სახეებს ეცნობა სრულიად საქართველო. კონკურსმა აჩვენა ახალი ტალღა, ახალი ჰაერი ქართულ ლიტერატურაში. ყოველთვის მიხარია, როცა ვხედავთ ამდენ საინტერესო, განსხვავებულ ხმას, იდეებს, თემატიკებსა თუ სტილს, რაც მაძლევს იმედს, რომ ქართულ თანამედროვე ლიტერატურას კარგი ახალი თაობა ეყოლება“.

დიანა ანფიმიადი, ჟიურის წევრი: „კონკურსში წელს ძალიან მრავალფეროვანი ტექსტები იყო წარმოდგენილი, როგორც ჟანრობრივად, ისე ენობრივი თვალსაზრისით, განსაკუთრებით თვალშისაცემია ახალგაზრდების ჟანრული ლიტერატურით დაინტერესება, რაც ქართული ლიტერატურისათვის საინტერესო პერსპექტივებს აჩენს. რთული არჩევანი იყო, თუმცა ჟიურიმ რამდენიმე ტექსტს შორის ყველაზე ჩამოყალიბებული, კონცეპტუალურად შეკრული ტექსტი გამოარჩია. აღსანიშნავია, რამდენიმე პერსპექტიული ავტორი, რომელთა შორისაც შეიძლება მომავალი წლების გამარჯვებულებიც აღმოჩნდნენ.

ლექსო დორეული, ჟიურის წევრი: „გახდი ბესტსელერის ავტორის“ ჟიურიში მუშაობა საკმაოდ მძაფრი გამოცდილება იყო. გამარჯვებულების გამოვლენა კი კამათის, ხანგრძლივი განსჯის და არგუმენტების გაცვლის შედეგად ბოლო მომენტში მოვახერხეთ. მათ ტექსტებში ვხედავ შესაძლებლობას, რომ გადმოცემული ამბები უნივერსალურობის გარკვეულ ელემენტს შეიძენენ და ისინი მკითხველთა ამბებიც გახდება. გამონაგონის, ფიქციის შექმნის და რეალობის ასახვის ჟინის მართლაც საინტერესო სინთეზი - მგონია, ეს აერთიანებს თემატურად, ჟანრობრივად, სიუჟეტურად და ენობრივად საკმაოდ განსხვავებულ და მრავალფეროვან ნაწარმოებებს.

ჟიურის წევრებთან ერთად, თავიანთი ემოციები და გამოცდილება გამარჯვებულმა ავტორებმაც გაგვიზიარეს და თავიანთი საკონკურსო ნამუშევრების შესახებ მცირე დეტალებიც გვიამბეს.

ანუკი შატაკიშვილი: „3 თვე ვიცხოვრე ამ კონკურსით. უდიდეს დაძაბულობასთან ერთად, მივიღე ჩემთვის ყველაზე საოცარი ემოციები და გავიცანი ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა მწერლები. ყველა მხრივ, ეს კონკურსი უდიდესი გამოცდილება იყო ჩემთვის. როცა მეკითხებიან რის შესახებ არის ,,წუთით კოსმოსში", ძალიან ვიბნევი. ალბათ ეს ხუთი წელი რაც კი რამე მიგრძნია და არ მიგრძნია, გამიგია თუ არ გამიგია, ყველაფერზეა. მე მაინც ეგოცენტრულად მგონია, რომ ეს ლალუნას ამბავია. ახალგაზრდა გოგონას ისტორია, რომელიც ყველაფრის მიუხედავად ცდილობს მიზნის მიღწევას. ის სამყარო, სადაც ძირითადი მოვლენები ვითარდება, დედამიწის არარსებული ნაწილია. ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების სახელები და გვარები გამოგონილია და თითოეულ მათგანს თავისი დატვირთვა აქვს. ამ რომანმა მე თვითონ გამიჩინა რწმენა, რომ ოცნების მიზნად გარდაქმნა და მიღწევა შესაძლებელია. იმედი მაქვს, რომ მკითხველისთვისაც მთავარი იდეა და დატვირთვა ეს იქნება“.

ირაკლი არიშვილი: „ეს კონკურსი ჩემთვის მთლიანად სიახლეებით იყო სავსე. ლიტერატურული მიმართულებით პირველი ნაბიჯი გადავდგი და ყოველი დღე რაღაც ახალს უკავშირდებოდა, იქნებოდა ეს ხმის მიცემის პროცესი თუ მკითხველისგან მიღებული უკუკავშირი. წიგნის სათაური - „დასაწყისის დასასრული“ წერის პროცესში სპონტანურად მომაფიქრდა. რა თქმა უნდა, ის შინაარსობრივ ნაწილთან არის დაკავშირებული და მკითხველიც მიხვდება. წიგნი არის ძალიან ბევრ პრობლემაზე, რომელიც ჩვენს გარშემო ტრიალებს, მათ შორის გაუცხოებაზე, არამარტო უცხო ადამიანებთან, არამედ საკუთარ თავთანაც კი.

მკითხველისგან ჯერჯერობით საკმაოდ დადებითი ემოციები მოდის და კრიტიკა ნაკლები იყო, თუმცა მე ამას ველოდები. რაც ყველაზე მეტად მიხარია, მოსწონთ ჩემი წერის სტილი და მეც ვცდილობდი, მოვლენები ისე აღმეწერა, თითქოს მეგობარს ვუამბობ და მგონი, გამომივიდა“.

ოლანი ბიწაძე: ეს კონკურსი მნიშვნელოვანია იმით, რომ ასეთი ფორმატის რომანი პირველად მქონდა საკონკურსოდ გაგზავნილი და საშუალება მომეცა, მკითხველისთვის ჩემი ტექსტი მომეწოდებინა. ეს შესაძლებლობა, რასაც გამომცემლობა გვთავაზობს, ძალიან მნიშვნელოვანია და საინტერესო იქნება მკითხველის შთაბეჭდილებები მას შემდეგ, რაც რომანი გამოვა. ჩემთვის ორმაგად მნიშვნელოვანია ჟიურის აღიარება. როდესაც ამ კონკურსში ვმონაწილეობდი, მიზნად მქონდა დასახული, რომ ჟიურის რჩეული გავმხდარიყავი.

რაც შეეხება ნაწარმოების სათაურს - „მანიტუს“, მისი ახსნა არის პირველივე გვერდზე, პროლოგში. ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელთა წარმოდგენის თანახმად, არსებობს ე. წ. მფარველი ძალა, რომელიც ჰყავს ყველა ადამიანს და მის მოსაპოვებლად გარკვეული გზის გავლაა საჭირო. ხშირად მშობლები ასწავლიან ბავშვებს, როგორ მოიპოვონ „მანიტუ“, ანუ ჯადოსნური სული. ნაწარმოებიც ამ წარმოდგენას უკავშირდება, თუმცა სიუჟეტურად ამბავი არის ერთი გოგოს შესახებ, რომლის ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანი ტრაგედია მოხდა. ამბავი მიმდინარეობს წარსულში, აწმყოსა და სიზმარში“.

ეს ერთმანეთისგან განსხვავებული სამი ახალი ავტორის რომანი წიგნის მაღაზიებში 2022 წლის შემოდგომაზე გამოჩნდება. მანამდე კი მათ შესახებ „პალიტრა L” სხვადასხვა საინტერესო დეტალს გაგიზიარებთ.

R