ავტორი:

შთამბეჭდავი უძრავი ქონება და საინტერესო მემკვიდრეობა - რა ქონებას ფლობენ დეპუტატი თინათინ ბოკუჩავა და მისი ლექტორი მეუღლე?

შთამბეჭდავი უძრავი ქონება და საინტერესო მემკვიდრეობა - რა ქონებას ფლობენ დეპუტატი თინათინ ბოკუჩავა და მისი ლექტორი მეუღლე?

პროფესიით იურისტი თინათინ ბოკუჩავა "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი აქტიური პოლიტიკოსია. მან განათლება უცხოეთში მიიღო - 2009 წელს დაამთავრა ფლეთჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლა, დიპლომატიისა და საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. შემდეგ სწავლობდა შტატებში სმიტის კოლეჯში, პოლიტიკური მეცნიერების სპეციალობით.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ 2011 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოსტი დაიკავა. 2012 წლამდე კი მუშაობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოადგილედ.

თინათინ ბოკუჩავას საპარლამენტო კარიერა 2012 წლიდან იწყება, როდესაც საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა, პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი "ნაციონალური მოძრაობა" - "მეტი სარგებელი ხალხს“.

ბოკუჩავა მას შემდეგ მუდმივად იყო "ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო სიაში წარმოდგენილი, უკვე მე-3 მოწვევის პარლამენტია, რაც ის დეპუტატის სავარძელს იკავებს.

დეპუტატმა ბოლოს ქონებრივი დეკლარაცია 2021 წლის ზაფხულში შეავსო. ჰყავს ლექტორი მეუღლე კონსტანტინე იოსელიანი და ერთი ვაჟი, ნიკო, რომელიც 2015 წელს შეეძინა.

პოლიტიკოსის მეუღლის ქონება საკმაოდ შთამბეჭდავია, როგორც ჩანს, მან საკმაოდ მდიდარი მემკვიდრეობა მიიღო.

იოსელიანი 2007 წლიდან სოფელ ნასაგურში 1500 კვ.მ ნაკვეთს მფლობს, რაც მემკიდრეობით გადაეცა ოჯახისგან. 2020 წლიდან მის სახელზეა 23.19 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი რუსთაველის გამზირზე, რომელიც ასევე მემკვიდრეობით ხვდა წილად. იოსელიანს ასევე მემკვიდრეობით გადაეცა 178.400 კვ.მ საცხოვრებელი სახლი ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე და 53.5 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე. კონსტანტინე იოსელიანის სამემკვიდრეო სიას ასრულებს 192 კვ.მ. საცხოვრებელი ბინა და ნაკვეთი თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე და 52.6 კვ.მ ნაკვეთი ბინის სიახლოვეს, რომელის მფლობელიც მეუღლესთან ერთად არის. იოსელიანს მემკვიდრეობით ყველა ეს ფართი 2020 წელს გადაეცა.

თინათინ ბოკუჩავა ფლობს 710 კვ. საცხოვრებელ ფართობს დუშეთის რაიონ სოფელ ბულაჩაურში და ასევე ნაკვეთს, რომელიც მემკვიდრეობით 2019 წელს გადაეცა.

თინათინ ბოკუჩავას მფლობელობაშია 124.1 კვ.მ. ფალიაშვილზე მდებარე ბინის 54%, რომელსაც მაია ვარდოსანიძესთან ერთად ფლობს.

მან 2013 წელს ასევე 53 000 დოლარად თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე 48,5 კვ.მ. საცხოვრებელი ბინა შეიძინა.

2017 წელს კონსტანტინე იოსელიანმა მსუბუქი ავტომანქანა TOYOTA PRIUS 2012 8500 დოლარად შეიძინა. 2020 წელს კი მსუბუქი ავტომანქანა fiat abarht 6000 დოლარად.

დეკლარაციის შევსების დროს, თინათინ ბოკუჩავას თიბისი ბანკში ანაბარზე ჰქონდა 20 ათასი დოლარი. მიმდინარე ანგარიშზე კი 3 ათასი დოლარი. სახელფასო ანგარიშზე კი 1973.25 ლარი.

კონსტანტინე იოსელიანს "თიბისი ბანკის" სახელფასო ანგარიშზე ჰქონდა 636 ლარი.

კონსტანტინე იოსელიანი რამდენიმე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას ფლობს, საიდანაც შემოსავალი არ ერიცხება.

თინათინ ბოკუჩავამ საქართველოს პარლამენტის წევრობიდან ერთი წლის განმავლობაში 51 043,5 ლარი მიიღო.

როგორც დეკლარაციიდან ირკვევა კონსტანტინე იოსელიანი საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი ყოფილა და ერთი წლის განმავლობაში მისმა ხელფასმა 10 662,37 ლარი შეადგინა.

იოსელიანმა 2016 წელს "ხალიკ ბანკში" 20 000 დოლარის ოდენობით სესხი აიღო. სესხის დასრულების ვადა 2026 წელია და გადახდილი აქვს 13 200 ლარი.

თინათინ ბოკუჩავას სახელზე ირიცხება კიდევ ერთი სესხი - 36 000 დოლარი, რომელიც დეპუტატმა 2017 წელს ათი წლის ვადით ისესხა. მას დეკლარაციის შევსების დროს დაფარული ჰქონდა 7032 ლარი.

2021 წელს კონსტანტინე იოსელიანმა შემოწირულობის სახით 8000 ლარი გაიღო, თუმცა დეკლარაციაში მითითებული არ არის ვის შესწირა თანხა დეპუტატის ქმარმა. თინა ბოკუჩავას მეუღლე რამდენიმე წლის განმავლობაში პოლიტიკაშიც აქტიურად იყო ჩართული. მკითხველს ახსოვს მძიმე კადრები, როდესაც 2017 წელს საკრებულოს წინ მიმდინარე ერთ-ერთ აქციაზე მისი დაკავებისას, მეუღლე თინა ბოკუჩავა პირდაპირ ეთერში ატირდა. იოსელიანი გარკვეული პერიოდი "ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრიც გახლდათ, 2018 წელს მას ბოდიშის მოხდა მოუწია, როდესაც ერთ-ერთი მაღალჩინოსნის პირადი ცხოვრების შესახებ ჭორი გაავრცელა. როგორც მან სატელევიზიო ეთერში განაცხადა, აღნიშნულ პირზე “ქალაქში ჭორი დადის”, რომ ერთ-ერთ ცნობილ პირთან რომანტიკული ურთიერთობები აქვს. მაშინ ბოდიში პარტიამაც მოიხადა, თუმცა უკვე კარგა ხანია კონსტანტინე იოსელიანი პოლიტიკოსის სტატუსით საჯაროდ აღარ გამოჩენილა.