ავტორი:

"თელმიკომ“ ხელისუფლებასთან ერთად ჩვენი მოქალაქეები გაძარცვა" - ლევან ხაბეიშვილი

"თელმიკომ“ ხელისუფლებასთან ერთად ჩვენი მოქალაქეები გაძარცვა" - ლევან ხაბეიშვილი

"კომპანია "თელმიკომ" ხელისუფლებასთან ერთად, ბიძინა ივანიშვილთან, უჩა მამაცაშვილთან, კახა კალაძესთან და ეკონომიკის მინისტრთან, ნათია თურნავასთან ერთად ჩვენი მოქალაქეები გაძარცვა" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, საქმეზე პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს.

"დეკემბრის თვეში, ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ მეუღლეს ტყეს უმტკიცებდა, ვიდრე ნარმანიამ მის მეუღლეს საბადურის ტყე გაუფორმა, ვიდრე ვენესუელა, სომალი, ერაყი - ამ ქვეყნებთან ერთად ვართ ათეულში, საიდანაც ადამიანები ევროკავშირის ქვეყნებში გარბიან და ლუკმაპურის საშოვნელად საკუთარ ოჯახებს ტოვებენ, ​ ამასობაში, კომპანია "თელმიკო" ხელისუფლებასთან ერთად, ბიძინა ივანიშვილთან, უჩა მამაცაშვილთან, კახა კალაძესთან და ეკონომიკის მინისტრთან, ნათია თურნავასთან ერთად, რომლის სამინისტროშიც ენერგეტიკის სამინისტროც შედის, გაძარცვეს ჩვენი მოქალაქეები. საუბარია ელექტროენერგიის ტარიფის ზრდაზე და ზედმეტ დარიცხვაზე, რის შესახებაც ჩვენ 2022 წლის 21 იანვარს მივმართეთ სემეკს. იძულებული გახდა "ქართული ოცნება" და სემეკი, მოეწვია სხდომა. მათ განცხადებაში ადასტურებენ, რომ სავარაუდოდ, 4-დან 6 მილიონამდე ზარალი მიიღეს საქართველოს მოქალაქეებმა იმ კორუფციული დარიცხვებით, რომელიც კონკრეტულმა კომპანიამ დაარიცხა, ვგულისხმობ "თელმიკოს" და დამატებით მილიონობით ლარი ამოიღეს ჩვენი მოქალაქეების ჯიბიდან.

რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის უკან დგანან კონკრეტული ადამიანები დაწყებული ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის უჩა მამაცაშვილით, რომელიც ამ ბიზნესით არის დაინტერესებული. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ სავარაუდოდ, ამ ყველაფერში ჩართული იქნებოდა ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა, რომელიც ასევე გახლავთ ენერგეტიკის მინისტრიც, ერთ სამინისტროშია ეს ყველაფერი გაერთიანებული. ამიტომ, ძალიან მარტივი გადაწყვეტილება აქვს მისაღები, მათ შორის, პროკურატურას, რომელმაც უნდა დაიწყოს ამ მიმართულებით გამოძიება, თუ როგორ მოხდა, რომ ჩვენს მოქალაქეებს ზედმეტი დაარიცხეს და გადაახდევინეს იმ პირობებში, როცა უკიდურესად უჭირს საქართველოს მოქალაქეებს," - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით თანხების უკან დაბრუნება აუცილებლად უნდა მოხდეს და მან მოქალაქეებს მოუწოდა, რომ კონკრეტული ქვითრები და განცხადებები სემეკში წარადგინონ, ან "ნაციონალური მოძრაობის" ოფისებში მიიტანონ და შემდეგ პროცესებს ადვოკატირებას ისინი გაუწევენ.

"ასევე, მე მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არ მიუმართავთ სემეკისთვის, ჯერ კიდევ არ გადმოუციათ, მაგალითად, ჩვენთვის ქვითრები, რომლებსაც ჩვენ ვასაჩივრებთ. მიიტანეთ ​სემეკში განცხადებები, ქვითრები, ვისაც გაქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თქვენ ზედმეტი დაგარიცხეს, იმიტომ, რომ ამ თანხების დაბრუნება უნდა მოხდეს თქვენზე, მოქალაქეებზე. თუ ვერ მიიტანთ სემეკში შეგიძლიათ, კონკრეტული ქვითრები და განცხადებები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისებში მოიტანოთ, რის შემდეგაც, რა თქმა უნდა, ჩვენ უზრუნველყოფთ თქვენს ადვოკატირებას, თქვენი ინტერესების დაცვას და იმ ნაძარცვის უკან ამოღებას, რომელზეც სემეკიც საუბრობს. სხვათა შორის, განცხადებაში აღნიშნულია, რომ თუ არ ვცდები, 25 თუ 75 ათასი ლარით დააჯარიმებენ კონკრეტულ კომპანიას, მაგრამ იმ პირობებში როცა სავარაუდოდ, 4-დან 6 მილიონ ლარამდე ამოიღეს ჩვენი მოქალაქეებიდან 25 თასი ლარი, თუნდაც 75 ათასი ლარი არის ზღვაში წვეთი. ჯარიმის გარდა, რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს ჩვენ თანამოქალაქეებზე წართმეული თანხების უკან დაბრუნება," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.