ავტორი:

არეულობა კანადის დედაქალაქში კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების გამო, ოტავის მერმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა (ფოტოები)

არეულობა კანადის დედაქალაქში კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების გამო, ოტავის მერმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა (ფოტოები)

კანადის დედაქალაქ ოტავის მერმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების წინააღმდეგ გამართული პროტესტის საპასუხოდ. ჯიმ უოტსონმა თქვა, რომ ქალაქი კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა და რომ დემონსტრანტების რაოდენობა პოლიციელებისას აღემატებოდა. ასევე ის მაცხოვრებლების უსაფრთხოების რისკის ქვეშ ყოფნაზე წუხს. აქციაზე რასობრივ ნიადაგზე განხორციელებული თავდასხმების შემთხვევებიც დაფიქსირდა. ქალაქის ცენტრი პარალიზებულია მანქანებისა და კარვების გამო, რაც გზას ბლოკავენ და დედაქალაქის მცხოვრებთ ყოველდღიურ საქმიანობაში ხელს უშლის.

პროტესტი გასულ კვირას ახალი კოვიდ რეგულაციის შემოღების გამო დაიწყო, რომელიც მოითხოვს, რომ აშშ-კანადის საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში, სატვირთო მანქანის მძღოლები ვაქცინირებულები უნდა იყვნენ. მას შემდეგ დაიწყო მემანქანეების პროტესტი, მაგრამ მოგვიანებით, აქცია ყველა კოვიდ-მანდატის წინააღმდეგ პროტესტში გადაიზარდა. ამასთან, დემონსტრანტები პრემიერ მინისტრ ჯასტინ ტრუდოს ხელისუფლების წინააღმდეგაც ილაშქრებდნენ.

ოტავას მერმა რადიოში ვიზიტისას განაცხადა, რომ ისინი დემონსტრანტებს შეაჩერებენ და ქალაქს უკან დაიბრუნებენ, მაგრამ რა ხერხს იხმარენ ამისთვის, არ დაუკონკრეტებია. დედაქალაქის მცხოვრებთა დიდი ნაწილი აპროტესტებს დემონსტრაციებს. Abacus Data-ს მიერ ჩატარებულმა ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, რომ კანადელების 68% ფიქრობს, რომ მათ "ძალიან ცოტა აქვთ საერთო" მომიტინგეებთან, დანარჩენები კი ეთანხმებიან დემონსტრანტების მოთხოვნებს.

ოტავას არაერთმა მკვიდრმა გამოთქვა უკმაყოფილება პოლიციის უმოქმედობის გამო. "რატომ არაფერი გააკეთეს პროტესტის ჩასახშობად, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელს გვიშლის", - ამბობს ერთ-ერთი ოტაველი. მომიტინგეებს ხალხი გამაყრუებელი სიგნალისა და ხმაურის გამოც უჩივის, რასაც საათების განმავლობაში იძულებით უსმენენ.

წყარო: BBC

მოამზადა ანა სიბოშვილმა