ავტორი:

რას ირჩევს ქართველი მკითხველი - „პალიტრა L“ იანვრის ბესტსელერების სიას აქვეყნებს

რას ირჩევს ქართველი მკითხველი - „პალიტრა L“ იანვრის ბესტსელერების სიას აქვეყნებს

გამომცემლობა „პალიტრა L“ მკითხველს ყოველთვიურად სთავაზობს იმ ყველაზე მოთხოვნადი წიგნების ჩამონათვალს, რაც მკითხველს პოპულარული ლიტერატურის გაცნობის საშუალებას აძლევს.

იანვრის თვეში მოთხოვნადი იყო როგორც საგანმანათლებლო ხასიათის, ისე მხატვრული ლიტერატურა, მათ შორის 5 ბესტსელერის ჩამონათვალი თავად გამომცემლობამ მოგვაწოდა:

ჯერომ სელინჯერი - თამაში ჭვავის ყანაში

ჯერომ სელინჯერის უკვდავი ნაწარმოები „თამაში ჭვავის ყანაში“ კვლავაც „პალიტრა L-ის“ ბესტსელერთა სიაშია. წიგნი სკოლიდან გარიცხული ჰოლდენ კოლფილდის გრძნობებისა და ემოციების შესახებ გვიამბობს. მთავარი გმირი 16 წლის დაბნეული, იმედგაცრუებული ახალგაზრდაა, რომელიც სიმართლეს ეძებს.

„თამაში ჭვავის ყანაში“ 1951 წელს გამოიცა და მაშინვე ყურადღების ცენტრში მოექცა. საზოგადოების ნაწილი ამერიკელი ავტორის რომანს ძალადობის სცენების გამო აკრიტიკებდა, ნაწილი დეპრესიის რომანტიზებისთვის. მიუხედავად კრიტიკის ქარცეცხლისა, წიგნი დაახლოებით 70 წლის შემდეგაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

რუპი კაური - „რძე და თაფლი“

რუპი კაური თანამედროვე ავტორია, რომლის სახელი და შემოქმედებაც ბევრი მკითხველისთვის სიახლეს წარმოადგენს. ის ინდოეთში დაბადებული მწერალი და ილუსტრატორია, რომელიც ამჟამად კანადაში ცხოვრობს და დიდი პოპულარობით სარგებლობს.

მისი პოეტური კრებული „რძე და თაფლი“ გადარჩენის შესახებ მოგვითხრობს. წიგნი დაყოფილია ოთხ ნაწილად და თითოეულ მათგანში კაურის გადარჩენის სხვადასხვა გამოცდილების შესახებ ვკითხულობთ.

აღსანიშნავია, რომ გამოსვლის შემდეგ „რძე და თაფლი“ New York Times-ის ბესტსელერად იქცა.

ჰაიმ ჯ. ჯინოტი - „მშობელსა და შვილს შორის“

ეს საგანმანათლებლო ხასიათის წიგნი მსოფლიოში უკვე 35 წელია დიდი პოპულარობით სარგებლობს და მილიონობით მშობელს დაეხმარა შვილებთან საერთო ენის გამონახვასა და ურთიერთობის გაუმჯობესებაში.

წიგნი გვიჩვენებს, როგორ შეიძლება ბავშვს ვასწავლოთ დისციპლინა მუქარის, მოსყიდვის, დაცინვისა და დასჯის გარეშე: გავაკრიტიკოთ დამცირების, შევაქოთ განსჯისა და ტრავმის მიყენების გარეშე. ჯინოტის ეს სახელმძღვანელო მშობლებს ბავშვის ფსიქოლოგიაში უკეთ გათვითცნობიერებაში ეხმარება.

მარიამ გურგენიშვილი - „მარგალიტები“

მარიამ გურგენიშვილი გამომცემლობა „პალიტრა L”-ის მიერ აღმოჩენილი ახალგაზრდა ავტორია, რომელიც მკითხველმა მალევე შეიყვარა. მისი რომანი „მარგალიტები“ უკვე მეორე თვეა, ბესტსელერებში მოწინავე ადგილს იკავებს,

რომანი მოგვითხრობს 15 წლის მარგოს შესახებ, რომელიც სვანეთისუბანში ცხოვრობს, ანანასებზე ოცნებობს, ბევრს კითხულობს და ამჩნევს ისეთ რაღაცებს, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ. მისი ცხოვრება სავსეა წვრილმანი სასწაულებით, რომელსაც მკითხველი მარგოსთან ერთად სიამოვნებით აღმოაჩენს.

თინათინ ბერიძე - „მოპარული სიყვარული“

„პალიტრა L-ის“ კიდევ ერთი აღმოჩენა და ლიტერატურული კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი“ ერთ-ერთი გამარჯვებულია. მისი „მოპარული სიყვარული“ უკვე ასობით მკითხველმა წაიკითხა და ინტერესი ისევ არ ცხრება.

რომანი მოგვითხრობს წიგნის მოყვარულთა მიერ ამოჩემებულ კაფეში განვითარებულ მოვლენებზე და სიყვარულის ისტორიაზე, რომელიც დრამატულად ვითარდება.

ჩამოთვლილთაგან ყველა წიგნის აღწერის გაცნობა და შეძენა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე.

R