ავტორი:

ხმაური ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში - "ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მერთან შეხვედრას მოითხოვენ

ხმაური ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში - "ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მერთან შეხვედრას მოითხოვენ

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში ხმაურია - საკრებულოს წევრები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მერთან შეხვედრას მოითხოვენ.

საკრებულოს დეპუტატებს მერთან კითხვები აქვთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.

ამ წუთებში მერიის შენობაში, სადაც ასევე საკრებულოა განთავსებული, პოლიციაა მობილიზებული და დაწესებულებაში შესვლას მედიის წარმომადგენლებიც ვერ ახერხებენ.

"საკრებულოს წევრებს განცხადების გაკეთება უნდათ საკრებულოს შიგნით, ჩვენ აღმოვჩნდით შენობის შიგნით და თქვენ არ გაძლევენ შემოსვლის უფლებას. აქ ქობულეთის მუნიციპალიტეტში კრიმინალურ დანაშაულებს აქვს ადგილი. უშუალოდ ბიუჯეტიდან მილიონობით თანხას იპარავენ. ამ შეკითხვების დასასმელად მოვიდნენ დღეს საკრებულოს წევრები მერთან, რომელიც იმალება აი, ამ ჯებირის უკან და არ აძლევს საკრებულოს წევრებს გადაადგილების უფლებას. ის რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაწერა დასკვნა, რომ ბიუჯეტის ქურდები ხართ და მოპარული გაქვთ ხალხის ფულიო, ამის შესახებ მათ ტელევიზიების წინაშე საუბარი არ უნდათ. ამიტომ მოიყვანეს უკანონოდ აქ პოლიციელები,“ - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ბონდო თედორაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.