ემანუელ მაკრონმა და ვლადიმერ პუტინმა შეხვედრა მოსკოვში გამართეს.
მსოფლიო მედია მასშტაბურად ეხმაურება 7 თებერვლის მთავარ პოლიტიკურ მოვლენას - კრემლში გამართული რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტების - ვლადიმერ პუტინისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრას.
ბრიტანული გაზეთის "ფაინენშელ თაიმს“-ის (Financial Times) 8 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია, სათაურით: "ფრანგი ჩინოვნიკების მტკიცებით, ვლადიმერ პუტინი დეესკალაციისაკენ იხრება“ (ავტორები: ვიქტორ მალეტი და მაქს სედონი).
როგორც პუბლიკაციის ავტორები წერენ, მათ საფრანგეთის დელეგაციის წევრების მეშვეობით გაარკვიეს, რომ მოსკოვში ემანუელ მაკრონთან მოლაპარაკების შემდეგ ვლადიმერ პუტინმა უკრაინის კრიზისის დეესაკალაციაზე ფიქრი დაიწყო.
არც რუსეთის პრეზიდენტს და არც მის ფრანგ კოლეგას არაფერი უთქვამთ ერთმანეთისაკენ გადასადგმელ სავარაუდო ნაბიჯებზე, თუმცა, როგორც სტატიაშია ნათქვამი, საქმე შესაძლოა შეეხებოდეს შეთანხმებას იმაზე, რომ რუსეთმა რაიმე ახალი მოქმედება არ განახორციელოს ამ დაძაბული სიტუაციის ფონზე და დაიწყოს ფართო დიალოგი ჯარების კონცენტრაციასთან დაკავშირებით: "ფრანგმა ჩინოვნიკებმა განაცხადეს, რომ შეთანხმებაში პირველ ეტაპზე შეიძლება დაფიქსირდეს რუსული სამხედრო ქვედანაყოფების გაყვანა ბელარუსიდან უკვე ამ თვის ბოლომდე, როცა მსხვილმასშტაბიანი მანევრები დასრულდება“, - აღნიშნულია სტატიაში.
კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა გაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ: "პუტინი და მაკრონი მზად არიან დიალოგი გააგრძელონ და პარიზის მიერ წარმოდგენილ წინადადებზე იმსჯელონ - "ურთიერთშეხების წერტილების“ შესახებ. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის წინადადებები შეთანხმებული უნდა იქნეს მის ნატოელ მოკავშირეებთან, უპირველესად კი აშშ-სთან, თორემ ისე არაფერი შედეგი იქნება.
"ფაინენშელ თაიმსში“ გამოქვეყნებული სტატიის ავტორები ასევე წერენ, რომ ვახშმის დროს პრეზიდენტები იმ ყურძნისაგან მომზადებულ ღვინოს სვამდნენ, რომელიც "პუტინის შავიზღვისპირა სასახლის“ ვენახშია მოკრეფილი და რომელიც ალექსი ნავალნიმ ამხილა. წყარო
ამერიკული "ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) კი დაბეჭდილია სტატია, სათაურით: "პუტინი დასავლეთს და უკრაინას აფრთხილებს, მაგრამ თავის განზრახვას საიდუმლოდ ინახავს“ (ავტორები: ანტონ ტროიანოვსკი, როჯერ კოენი და ქეით როჯერსი).
"რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზად არის მოლაპარაკების გაგრძელებისათვის რუსული მოთხოვნების საფუძველზე, ევროპის უსაფრთხოების ირგვლივ, მაგრამ იმავდროულად ფრანგი კოლეგა მკაცრად გააფრთხილა რუსეთსა და დასავლეთს შორის მსხვილმასშტაბიანი ომის შესაძლებლობაზე. რუსმა ლიდერმა ხუთსაათიანი შეხვედრა ფრანგ ლიდერთან იმისთვის გამოიყენა, რომ მსოფლიო კიდევ უფრო დაებნია კრემლის განზრახვების გამოცნობაში“, - ვკითხულობთ სტატიაში.
როგორც პუბლიკაციის ავტორები აღნიშნავენ, მოსკოვთან დასავლეთის მასშტაბური მოლაპარაკებები ადასტურებს იმას, რომ ვლადიმერ პუტინს აქვს უნარი აიძულოს დასავლელი ლიდერები ყურადღება მიაქციონ მოსკოვის შეშფოთებას ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით. "მაგრამ ჯერ კიდევ გაურკვეველია, რამდენად იქნება საკმარისი "ყურადღების ასეთი მიქცევა“ პუტინის სურვილების დასაკმაყოფილებლად... ზოგიერთი ანალიტიკოსის ვარაუდით, რუსეთის ლიდერის ბოლოდროინდელი "დიპლომატიური შემოქმედება“ სხვა არაფერია, თუ არა დროის მოგება უკრაინაში შეჭრის მომზადებისათვის“.
"ნიუ-იორკ თაიმსის“ ჟურნალისტების აზრით, ემანუელ მაკრონისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა "უჩვეულო იყო როგორც თავისი ხანგრძლივი დროით, ასევე ფორმატითაც: ისინი პირისპირ ლაპარაკობდნენ, მრჩევლების გარეშე, ხოლო პრესკონფერენცია, მოსკოვის დროით, თითქმის შუაღამით გამართეს “.
ზოგიერთმა ექსპერტმა ფრანგი პრეზიდენტი იმისთვის გააკრიტიკა, რომ იგი გადაჭარბებულ ყურადღებას იჩენს ვლადიმერ პუტინის მოთხოვნების მიმართ.
"ემანუელ მაკრონს არაფერი გაუკეთებია იმ შემაშფოთებელი ეჭვების გასაფანტად, როცა მან მოლაპარაკების წინ ჟურნალისტებს განუცხადა - უკრაინის "ფინეთიზაცია“ ერთ-ერთ განსახილველ მოდელს წარმოადგენსო. თუ სიტუაცია ასეთი სცენარით განვითარდება, მაშინ უკრაინა ვერსოდეს ვერ გახდება ნატოს წევრი, რუსეთი კი ყოველთვის მოახდენს გავლენას მის პოლიტიკურ არჩევანზე“, - ამბობენ ავტორები.
სხვათა შორის, ემანუელ მაკრონს პრესკონფერენციის დროს არანაირ მოდელზე არ ულაპარაკია, სამაგიეროდ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მოთხოვნები შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში დაკმაყოფილდეს, თუ ისინი დასავლეთის საბაზო პრინციპებს არ ეწინააღმდეგებიან. წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ