ავტორი:

ჩინელი ჩოგბურთელის 3-თვიანი გაუჩინარების ბურუსით მოცული ამბავი - რა ბედი ეწია ქალს, რომელმაც ჩინეთის ხელისუფლების მაღალჩინოსანი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა

ჩინელი ჩოგბურთელის 3-თვიანი გაუჩინარების ბურუსით მოცული ამბავი - რა ბედი ეწია ქალს, რომელმაც ჩინეთის ხელისუფლების მაღალჩინოსანი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა

ჩინელი ჩოგბურთელი, პენგ შუაი მედიის განსაკუთრებული ყურადღების ობიექტი 2021 წლის ნოემბერში გახდა, როდესაც მან ჩინურ სოციალურ ქსელ Weibo-ზე პოსტი გამოაქვეყნა. პოსტში წერდა, რომ ჩინეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

ამის შემდეგ, რამდენიმე წუთში, სოციალური ქსელიდან პოსტი გაქრა და საზოგადოებიდან გაქრა ასევე მისი ავტორიც. მას შემდეგ, თვეების განმავლობაში, პენგ შუაი არავის უნახავს. სხვადასხვა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მოითხოვდნენ ჩინეთის ხელისუფლებისგან, რომ გამოექვეყნებინათ ინფორმაცია სპორტსმენის შესახებ, რომ ის უსაფრთხოდაა და ჯანმრთელია.

პენგი მხოლოდ ახლა, ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებისას გამოჩნდა მედიაში.

მან ინტერვიუ მისცა ფრანგულ სპორტულ გაზეთ L’Équipe-ს. ინტერვიუს დროს კი აღნიშნა, რომ მის მიერ გამოქვეყნებული პოსტი "ძალიან დიდი გაუგებრობა“ იყო. პენგმა ასევე განაცხადა, რომ ჩოგბურთის თამაშს თავი დაანება.

L’Équipe-თან ინტერვიუში პენგმა თქვა, რომ მისი პოსტის შინაარსი არასწორად გაიგეს. სპორტსმენის თქმით, არასდროს დაუდანაშაულებია ყოფილი ვიცე-პრემიერი ჟან გაოლი სექსუალურ ძალადობაში. ჩოგბურთელი ასევე ამბობს, რომ არსად გაუჩინარებულა და უკვირს, თუ რამ გამოიწვია აღნიშნულ საკითხზე შფოთვა.

"არ მერგონა თუ საზოგადოების მხრიდან ასეთი შეშფოთება იქნებოდა და მსურს ვიცოდე, რამ გამოიწვია ეს", - ამბობს პენგი და ადასტურებს, რომ პოსტი თვითონვე წაშალა გამოქვეყნებიდან 30 წუთში.

"მე წავშალე ის, რატომ? იმიტომ, რომ უბრალოდ ასე მსურდა“, - თქვა ჩოგბურთელმა.

აღსანიშნავია, რომ დასავლურ მედიაში პენგის ამ ინტერვიუს "პროპაგანდისტული" უწოდეს, რადგანაც ცნობილია, რომ ჩინეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა ინტერვიუმდე გამოცემას კითხვები წინასწარ გააგზავნინა, ხოლო ჩაწერას კომიტეტის წარმომადგენელი ესწრებოდა, რომელსაც ასევე თარჯიმნის როლი ჰქონდა.

  • პენგმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მის კეთილდღეობაზე წუხდა, მაგრამ ასევე თქვა, რომ გაკვირვებულია, რადგან გადაჭარბებულია მასთან დაკავშირებული კითხვები.

ინტერვიუმ, რომელიც მიმართული იყო იმისკენ, რომ საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთება მის მდგომარეობასთან დაკავშირებით შემსუბუქებულიყო, ეჭვები კიდე უფრო გაამძაფრა. ამერიკაში მცხოვრები ჩინელი უფლებადამცველი თენგ ბიაო ამბობს, რომ ჩოგბურთელი უბრალოდ, იძულებული იყო ამგვარი ინტერვიუ მიეცა.

  • "მარტივი სიმართლე ისაა, რომ პენგმა თქვა ის, რაც ჩინეთის მთავრობას სურდა“, - დაწერა ადვოკატმა "ტვიტერში.“

ასევე განცხადება გააკეთეს ქალთა ჩოგბურთის ასოციაციაშიც:

“ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა მისი ხილვა ინტერვიუს დროს თუ თამაშებზე. თუმცა ეს ინტერვიუ არ ამსუბუქებს ჩვენს შეშფოთებას 2 ნოემბერს მის მიერ გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით. პენგმა მაშინ გაბედული ნაბიჯი გადადგა და ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენელი საჯაროდ ამხილა სექსუალურ ძალადობაში", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ჩოგბურთელმა პენგ შუაიმ 2021 წლის 2 ნოემბერს პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ 2018 წელს ჩინეთის მთავრობის მაღალჩინოსანმა 75 წლის მამაკაცმა, ჟან გაოლიმ მასზე სექსუალურად იძალადა. ამის შემდეგ კი ჩოგბურთელი "გაქრა."

მალე მსოფლიო ჩოგბურთის ვარსკვლავებმა სოციალურ ქსელში დაიწყეს ხარდამჭერი პოსტების გამოქვეყნება და პენგის შესახებ, მის მდგომარეობაზე ინფორმაციის გამოქვეყნებას ითხოვდნენ.

35 წლის ჩოგბურთელს კარიერის განმავლობაში 25 ტიტული აქვს მოგებული..