ავტორი:

"ჩემი ნახატები სოლიდურ ფასად იყიდება... შეიძლება ითქვას, პანდემიამ დადებითად იმოქმედა" - გაიცანით მხატვარი, რომლის საოცარმა ნახატებმა ინტერნეტი მოიცვა

"ჩემი ნახატები სოლიდურ ფასად იყიდება... შეიძლება ითქვას, პანდემიამ დადებითად იმოქმედა" - გაიცანით მხატვარი, რომლის საოცარმა ნახატებმა ინტერნეტი მოიცვა

სოციალური ქსელში ქართველი მხატვრის ტარიელ თოლორაიას ნამუშევრებს ხშირად აზიარებენ და აღტაცებას გამოთქვამენ. რამდენადაც დიდია ნახატების მიმართ აღფრთოვანება, ადამიანები სურვილს გამოთქვამენ, რომ ტარიელ თოლორაია პრესაში ხშირად ჩანდეს.

AMBEBI.GE საოცარი ნახატების ავტორს ახლოს გაგაცნობთ:

- ბატონო ტარიელ, ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია თქვენი ნამუშევრების სოციალურ ქსელში გავრცელებამ... ზოგიერთი წერდა, ლეონარდო და ვინჩის ვადარებთო...

- ლეონარდო და ვინჩის შედარებაზე რასაკვირველია მეცინება, ძალიან ხმამაღალი ნათქვამია... თუმცა ყველას თავის ხედვა და აზრის გამოთქმის უფლება აქვს...

- ალბათ თქვენც იგრძენით ის საყოველთაო აღფრთოვანება...

- რასაც ვხედავ, დიახ ეგრეა... მე იმიტომ არ ვხატავ, რომ ხალხი განვაცვიფრო, მაგრამ თუ მოსწონთ, ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა.

- იმ ხალხს რას ეტყოდით, რომლებიც ამბობენ, დაუჯერებელია ადამიანის ხელი ასეთ ნამუშევრებს ქმნიდესო?

- გასაოცარი და დაუჯერებელი არაფერია, ძალიან უბრალოდ ვუყურებ ამ თემას, რადგან საქართველოში უნიჭიერესი მხატვრები არიან... ვერ ვიტყვი, რომ რასაც ჩემზე წერენ, მაინცდამაინც მე მეკუთვნის. როგორც მოგახსენეთ, მართლაც დიდებული მხატვრები გვყავს და ჩემს შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის.

- პრესაში გამოჩენა არ გიყვართ, რატომ ამჯობინებთ ჩრდილში ყოფნას?

- ამ ეტაპზე ასე ყოფნა ჩემთვის უფრო კომფორტულია და არც იმ ეტაპზე ვოცნებობ, რაღაც სიმაღლეზე ავიდე და ყველა გვერდიდან ვჩანდე...

- რა ასაკში დაიწყეთ ხატვა, ვინ აღმოაჩინა თქვენში მხატვარი?

- ბავშვობაში მეც ისე ვხატავდი, როგორც ყველა ბავშვი, უფრო ვერთობოდი... ბათუმში გავიზარდე, ზღვაზე სიარული მიყვარდა. სოფელიც მქონდა იმერეთში, ხონის რაიონში, ყოველ ზაფხულს იქ ვატარებდი... ზღვა, იმერული სოფელი - ეს შთაბეჭდილებები ალბათ დაილექა და მეოთხე-მეხუთე კლასიდან უფრო სერიოზული ნახატები მქონდა... ბათუმში თეატრში დავდიოდი, მთავარ მხატვარს სახელოსნო ჰქონდა, მოწაფეები ჰყავდა და ფანქარში ხატვა იქ დავიწყე... შემდეგ ფერწერაში, ზეთის საღებავებში გადავედი.

1991 წელს თბილისის სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე - ხის და ლითონის ფაკულტეტზე, 1998 წელს დავამთავრე... ძალიან რთული წლები იყო, მაგრამ შემოქმედებითი მხარე მაინც მაღალ დონეზე იყო, მიუხედავად საყოველთა გაჭირვებისა, უშუქობისა...

- სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ სად ცხოვრობთ და მოღვაწეობთ?

- ამჟამად თბილისში ვცხოვრობ... ბათუმში საშუალო სკოლა დავამთავრე, შემდეგ ჯარში ვიყავი, თბილისის სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებამდე მოსამზადებლად თბილისში გადმოვედი...

- გამოფენები თუ ჰქონიათ?

- გამოფენები არ მქონია, ნამუშევრებს ძირითადად მშრალ ხიდზე ვაბარებდი.

- მიზერულ ფასებში?

- დღევანდელ ფასებთან კი... თუმცა იმ ნამუშევრების რაოდენობამ თავის შედეგი იმ მხრივ გამოიღო, რომ უფრო სწრაფი ხელი ჩამომიყალიბდა. ამიტომაც დადებითი მხარეც ჰქონდა იმ მუშაობასაც.

- როგორც ვიცი, დღეს თქვენი ნამუშევრები საკმაოდ სოლიდურ ფასში იყიდება, თუ შეიძინეს ცნობილმა ადამიანებმა?

- დიახ, ნამდვილად სოლიდურ ფასად იყიდება... რაც შეეხება ცნობილებს, არ ვიცი სიმართლე გითხრათ...

- პანდემია, ქვეყანაში შეჭირვებული მდგომარეობა... როგორი გარემოა დღეს საქართველოში ხელოვანისთვის სამოღვაწეოდ?

- პანდემიამ ზოგიერთზე და მათ შორის ჩემზეც პირიქით, შეიძლება ითქვას დადებითად იმოქმედა... მშრალი ხიდის პერიოდი დასრულდა, ( როგორც ზემოთ მოგახსენეთ იმ წლებისაც მადლობელი ვარ) და ჩემს ცხოვრებაში უფრო მეტად ნაყოფიერი შემოქმედებითი პერიოდი დაიწყო.

- მოწაფეები თუ გყავთ?

- არა და არც მაგის საშუალება მაქვს, ფართი არ მაქვს...

- საზღვარგარეთ წასვლაზე თუ გიფიქრიათ, ან თუ გაქვთ სურვილი მოღვაწეობა სხვა ქვეყანაში გააგრძელოთ?

- ჯერჯერობით მცდელობა არ მქონია, მაგრამ თუ შანსი იქნება, რატომაც არა, ყველგან წავალ... სამომავლოდ ჩემს თავსაც ვპირდები, რომ გამოფენებზე ვიზრუნებ, რადგან საჭიროა.