24 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე საქართველოს 7-კაცა რაგბის ეროვნული ნაკრები ქუთაისში რუსეთის ნაკრებთან ერთად საერთო შეკრებას გამართავს. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს 7-კაცა რაგბის ნაკრების მენეჯერმა, ალექსანდრე ნიჟარაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას დაადასტურა და აღნიშნა, რუსეთის ნაკრებთან გასამართი საერთო შეკრება საქართველოს 7-კაცა რაგბის ნაკრებს ძალიან გამოადგება.
"ივნისსა და ივლისში საქართველოს ნაკრებს პორტუგალიასა და რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრები აქვს. მნიშვნელოვანი შესარჩევი ეტაპის შეხვედრები გვექნება. აქედან გამომდინარე, მოსამზადებელი პერიოდი გვჭირდება.
თებერვალში ესპანეთში შეკრებაზე წასვლას ვაპირებდით, სადაც ესპანეთის, გერმანიის, საფრანგეთის და რუსეთის ნაკრებთან ერთად საერთო შეკრება უნდა გაგვევლო, თუმცა სამწუხაროდ, კორონავირუსის პანდემიის გამო ეს შეკრება გაუქმდა, რის გამოც გასვლითი ტური ვერ შედგა. ამის შემდეგ რუსეთმა გამოთქვა ინიციატივა, რომ ჩამოსულიყო თავისი ხარჯით აქ და გაემართა შეკრება. დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ ჩვენთან თამაშების გამართვა უნდათ.
რუსეთი რეიტინგში ჩვენზე წინ არის და რეალურად ჩვენზე უკეთესი გუნდი ჰყავთ, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ მათი მინუსები და პლუსები კარგად შევისწავლოთ. ეს იმისთვის გამოგვადგება, რომ სამომავლოდ ევროპის ჩემპიონატზე რომ გავალთ, ვიცოდეთ როგორ გუნდთან მოგვიწევს თამაში“, - განაცხადა ალექსანდრე ნიჟარაძემ.