ჩინეთი ახალ დიდ კედელს აშენებს: ქვეყნის სამხრეთ საზღვართან ბარიერების მასიური სისტემა იმ მიზნით აშენდება, რომ თავიდან აიცილონ კოვიდ-19-ის გავრცელება, ყოველ შემთხვევაში, ასე აცხადებს თავად ჩინეთის მთავრობა. მედიამ მას "ანტი-კოვიდური დიდი კედელი" უწოდა.
ექსპერტებს კი სჯერათ, რომ კედლის აშენების გაჟღერებული მიზნის გარდა, ჩინეთის მთავრობას სხვა მოტივიც ამოძრავებს..
კარინ დინი, რომელიც ესტონეთში, ტალინის უნივერსიტეტში ჩინეთსა და მიანმარს შორის სასაზღვრო ურთიერთობების მკვლევარია, The Wall Street Journal-ს ესაუბრა. მან ეჭვი გამოთქვა, რომ ჩინეთი თავისი საზღვრების სრულად უზრუნველყოფასა და ლტოლვილთა ნაკადის აღკვეთას ცდილობს.
საზღვრის შემოღობვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასაც შეუწყობს ხელს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ესაა კიდევ ერთი ზესახელმწიფო, რომელიც მისი ნაკლებად იღბლიანი მეზობლების ხარჯზე, იზოლაციონიზმისკენ მიისწრაფვის.
WSJ-ის ცნობით, საზღვრის მიმდებარე რეგიონებს უკვე შეექმნათ ჩინეთის ახალი დიდი კედლის გამო პრობლემები. მაგალითად, ვიეტნამის პროვინციის - Quang Ninh-ის სოფლის მახლობლად აღმართული ბარიერის გამო, ფერმერებს პირუტყვი ჩვეულ საძოვრებზე ვეღარ გადაჰყავთ.
ადგილობრივები საზღვარს ვერც ხეების მოსაჭრელად, ან ახლომდებარე სოფლებთან სავაჭროდ ვეღარ კვეთენ.
როგორც ჩანს, ჩინეთი თავის ზოგიერთ მოქალაქეს აიძულებს სამხრეთის საზღვარს, სადაც კედელი შენდება, უდარაჯონ. WSJ-ის მიხედვით, მათ სამუშაოში ფულსაც არ უხდიან და იძულებულები არიან 24 საათი გასამრჯელოს გარეშე უდარაჯონ საზღვარს.
ექსპერტების თქმით, პეკინის ერთ-ერთი მიზანი კონტრაბანდისტებისა და ლტოლვილების შემოდინების თავიდან აცილება და საზღვრის ჩაკეტვაა, პანდემიას კი უბრალოდ იმიზეზებენ კედლის ასაშენებლად.
წყარო: Wall Street Journal
მოამზადა ანა სიბოშვილმა