ავტორი:

"როგორ უხაროდა, ავ სენთან ბრძოლაში ყველა რაუნდის დამარცხება, მაგრამ საბოლოოდ სძლია" - მოსამართლე დალი მეტრეველი გარდაიცვალა

"როგორ უხაროდა, ავ სენთან ბრძოლაში ყველა რაუნდის დამარცხება, მაგრამ საბოლოოდ სძლია" - მოსამართლე დალი მეტრეველი გარდაიცვალა

მოსამართლე დალი მეტრეველი გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, იგი ბოლო წლებში მძიმე სენს ებრძოდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სამძიმრის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა:

"თბილისის საქალაქო სასამართლო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის დალი მეტრეველის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.ქალბატონი დალი წლების განმავლობაში ღირსეულად ემსახურა ქართულ მართლმსაჯულებას და უდიდესი წვლილი შეიტანა სამართლის განვითარებაში.

მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია კოლეგებისთვის, მეგობრებისთვის, პროფესიული წრეებისა და სრულიად იურიდიული საზოგადოებისთვის" - ნათქვამია განცხადებაში.

მომხდარის შემდეგ გარდაცვლილ მოსამართლეს კოლეგები, მეგობრები და ახლობლები იხსენებენ:

ლონდა თოლორაია: 2007 წელს, სტაჟიორ-პროკურორი რომ ვიყავი და ფეხაკრებით დავდიოდი სასამართლოში, შეშინებული - რამე არ შემშლოდა, მოსამართლე დალი მეტრეველმა დამიძახა, მასთან ახლოს მისვლა მთხოვა და მადლობა გადამიხადა სახელმწიფო ბრალდების კვალიფიციური მხარდაჭერისთვის. განა რა კვალიფიკაცია დაინახა ახალბედა სტაჟიორში, მაგრამ მან ზუსტად იცოდა როგორი ჯადოსნური სიტყვები უთხრა პატარა გოგოს, რომელსაც თავდაჯერებულობისთვის და მართლაც კვალიფიციურ პროკურორად ჩამოყალიბებისთვის, ეს როგორ ჭირდებოდა.

ამის შემდეგ იყო ბევრი პროცესი, ბევრი პირადი ურთიერთობა, ბევრი სამოტივაციო შემოძახება (სასამართლოში და მის გარეთ) და განსაკუთრებული დამოკიდებულება, რომელსაც მისგან ყოველთვის ვგრძნობდი. პრინციპში რა დიდი ნიჭი უნდოდა ამის შეგრძნებას, ადამიანი ღიად გამოხატავდა და სახეზე ეწერა ყველა ემოცია - სიყვარული, სითბო, თანადგომა.ყოველთვის მემახსოვრებით. ჩემთვის დარჩებით სამაგალითო მოსამართლედ და ადამიანად

მარიამ კუბლაშვილი: ერთ - ერთ ბოლო სასამართლო პროცესზე კიდევ ერთხელ გამაოცა. სდხომის დასრულების შემდგომ, საოცარი სიტყვებით მიმართა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს. გაამხნევა, მოტივაცია მისცა და ისე დაარიგა, მხოლოდ დედა რომ შეძლებდა და გაბედავდა.

პირობა ჩამოართვა, რომ იცხოვრებს სანიმუშოდ, ასეც იქნება.ძალიან ვწუხვარ და მტკივა მოსამართლე - დალი მეტრეველის გარდაცვალების ამბავი. ვუთანაგრძნობ ოჯახს, მთელ სასამართლო გუნდს, ჩემ კოლეგებს და ყველა იურისტს, რომელთაც ამ ადამიანის მეშვეობით ერთხელ მაინც აღუსრულებიათ სამართალი და ეს ჩემ მოღვაწეობის პერიოდში არაერთხელ იყო…

ნოდარ მელაძე: უმაგრესი ადამიანი წავიდა.. და ამ დროს ფიქრობ, განა რა არის ეს ცხოვრება, არაფერი, წამში მთავრდება ყველაფერიპატარა ვიყავი რომ გავიცანი, 18 წელი ცოტა დრო არ არის, არ არსებობდა რამე გამორჩენოდა, არ მოეკითხე, არ ეფიქრა შენზე, არ ერჩია რამე.

როგორ უხაროდა, ამ ავ სენთან ბრძოლაში ყველა რაუნდის დამარცხება, მაგრამ საბოლოოდ სძლია. მაგრა მიყვარხარ, მაგრა მომენატრები შევხვდებით იქ

ნათია მეზვრიშვილი: ოჰ, თქვენო ღირსებავ, Dali Metreveli როგორ ძალიან ჩამწყვიტეთ გული. დედოფალოთქო ვიტყოდი, მაგრამ ვერ გკადრებთ, ჩემთვის, სულ „თქვენო ღირსება“-დ დარჩებით.გავბედავ და საჯაროდ ვიტყვი: დღემდე, თვალებიდან არ ამომდის სათათბირო ოთახში გასული ატირებული მოსამართლე ამხელა და ამდენი განსხვავებული ადამიანის სიყვარულის მოპოვებას თქვენ თუ შეძლებდით.

ცნობისთვის, დალი მეტრეველი 2000-2003 წლებში საქართველოს შსს საგამოძიებო დეპარტამენტში, გამომძიებლის თანამდებობაზე მუშაობდა. 2003-2006 წლებში გაგრის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო.

2006-2016 წლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე იყო.

2017 წლის მაისიდან კი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე იყო, ხოლო 2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.