ავტორი:

"დღეს დადგინდა, რომ ნიკა კვარაცხელია არ იცნობდა ბრალდებულებს... ისინი მკვლელობამდე ერთი წუთით ადრე შეხვდნენ ერთმანეთს" - პროკურორი

"დღეს დადგინდა, რომ ნიკა კვარაცხელია არ იცნობდა ბრალდებულებს... ისინი მკვლელობამდე ერთი წუთით ადრე შეხვდნენ ერთმანეთს" - პროკურორი

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში, მკვლელობის ადგილზე - ანჯაფარიძის ქუჩაზე არსებული ვიდეოკამერის ჩანაწერი გამოიკვლიეს, რომელშიც კვარაცხელიას მკვლელობაა ასახული.

აღნიშნული 8-წუთიანი ვიდეოჩანაწერის გამოკვლევას ერთ-ერთი ბრალდებული გიორგი კავილაძე არ დაესწრო.

როგორც საქმის პროკურორი გია შაიშმელაშვილი განმარტავს, დღეს გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბრალდებულები და ნიკა კვარაცხელია ერთმანეთს არ იცნობდნენ.

„დაცვის მხარემ უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, სადაო დარჩა მხოლოდ ბრალდებულების დაკითხვა, ერთი მოწმის დაკითხვა, რომელიც დღევანდელ სხდომაზე დაიკითხა და ასევე, სადავოა, 3 საპროცესო დოკუმენტი. აღნიშნული მტკიცებულებების მიხედვით - უდავოდ გახდის კუთხით კონკრეტულ დანაშაულში მონაწილეობა ორივე ბრალდებულმა დაადასტურა, უბრალოდ, ისინი კვალიფიკაციას არ ეთანხმებიან. ჩვენ მიერ წარმოდგენილი იქნა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ერთი მოწმე და ასევე გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები, ანუ შემთხვევის ადგილის მაკონტროლებელი სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, სადაც ნათლად მითითებულია მკვლელობის ჩადენის მომენტი. ერთ-ერთმა ბრალდებულმა უარი განაცხადა აღნიშნული ინფორმაციის ნახვაზე და მისი მოთხოვნით მან სასამართლო სხდომის დარბაზი დატოვა, მეორე ბრალდებულთან და დაცვის მხარესთან ერთად მოხდა აღნიშნული ინფორმაციის დეტალურად გამოკვლევა. ამ სასამართლო პროცესზე გაქარწყლდა დაცვის მხარის განცხადება, რომ ისინი ერთმანეთს იცნობდნენ. დღევანდელ პროცესზე გამოკვლეული მასალებით დადგინდა, რომ გარდაცვლილი არ იცნობდა არც ერთ ბრალდებულს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მკვლელობამდე ერთი წუთით ადრე ერთმანეთს შეხვდნენ, თვალებში შეხედეს. თუ ისინი ერთმანეთს იცნობდნენ, მათ რაიმე სახის რეაქცია ექნებოდათ. გამოკვლეულ ინფორმაციაში მითითებული იყო ის გარემოებაც, როგორ, რა ვითარებაში ჩაიდინა ბრალდებულმა მკვლელობა, როგორ იყვნენ ისინი მომზადებული, როგორ ჰქონდათ ადგილი შერჩეული, როგორ გადმოვიდა ბრალდებული დამუხტული იარაღით, რომ დრო არაფერში დაეკარგა, როგორ ელოდებოდა მას მეორე ბრალდებული მანქანით, რომ ბრალდებული უსაფრთხოდ წაეყვანა.

შეკვეთილ მკვლელობასთან და მოტივთან დაკავშირებით, ბრალდებულებმა უნდა ისაუბრონ. ჩვენ ამის საშუალება მათ არაერთხელ მივეცით. ბრალდებულების მიერ მოწოდებული ინფორმაცია იქნება ერთ-ერთი ხელისშემწყობი ფაქტორი, გამოყოფილ საქმეში ზღვა მასალა არსებობს იმის, რომ პოლიციის ორგანოები კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში მუშაობენ“, -განაცხადა შაიშმელაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. მათ ბრალი დაუსწრებლად ჰქონდათ წაყენებული. ბრალდებულებს საგამოძიებო უწყება მკვლელობის დღიდან ეძებდა. გამოძიების ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, ბრალდებულებმა კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვეს. აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ბრალი ედება ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში.

შეგახსენებთ, რომ ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.