საქართველოში ჩატარებული მაღალტექნოლოგიური ოპერაციების რაოდენობა მუდმივად იზრდება. საქართველო ეტაპობრივად რეგიონში სამედიცინო სერვისების მიმწოდებელი მოწინავე ქვეყნის პოზიციას იკავებს. იზრდება როგორც სამედიცინო სფეროს პროფესიონალიზმი, ისე კლინიკების ტექნოლოგიური აღჭურვილობა. ამ მხრივ ერთ-ერთი მოწინავე მრავალპროფილური კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსია“, რომელშიც ბოლო წლებში არაერთი უნიკალური ოპერაცია ჩატარდა. სულ ცოტა ხნის წინ კი ინტერვენციული კარდიოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელის ლაშა მოსიაშვილის მიერ ტრანსკათეტერული აორტის სარქვლის შეცვლის პროცედურა (TAVI) ჩატარდა. საქართველოში ანალოგიური პროცედურები უკვე 5 წელია ტარდება, თუმცა მსგავსი ტექნიკური და ანატომიური სირთულის ჩარევა ჯერ არ ჩატარებულა. აღსანიშნავია ისიც, რომ ლაშა მოსიაშვილი იმ გუნდის წევრი იყო, ვინც ოპერაცია საქართველოში პირველად ჩაატარა. უფრო დეტალურად აორტის სარქვლის შეცვლის არაქირურგიულ მეთოდზე თავად „ნიუ ჰოსპიტალსის“ ინტერვენციული კარდიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი გვესაუბრება.
რას წარმოადგენს ტრანსკათეტერული აორტის სარქვლის შეცვლის პროცედურა (TAVI)?
ეს პროცედურა წარმოადგენს აორტის სარქვლის შეცვლის არაქირურგიულ მეთოდს, რომელიც მაღალი კარდიოქირურგიული რისკის მქონე პაციენტებისთვისაა რეკომენდებული. ეს მეთოდი გვაძლევს საშუალებას, დიდი კარდიოქირურგიული ჩარევის გარეშე, ერთი ჩხვლეტით შევცვალოთ გულის სარქველი, რომელიც ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას და მოვახდინოთ ახალი სარქვლის ჩაყენება. პროცედურის შედეგად ხდება ქირურგიული გართულებების თავიდან აცილება. პაციენტის რეაბილიტაციის პროცესი არის სწრაფი და მარტივი.
აორტის სარქვლის პრობლემის მოგვარების ტრადიციული მეთოდი როგორია?
აორტის სარქვლის პათოლოგია გულის სარქვლოვანი აპარატის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ის 65 წელს გადაცილებული მოსახლეობის დაახლოებით 3-7%-ს აწუხებს. პათოლოგია გულისხმობს აორტის ხვრელის იმდენად შევიწროებას, რომ მარცხენა პარკუჭიდან სისხლის ნაკადი სათანადოდ ვეღარ გამოდის. ჩარევა აუცილებელია, როდესაც ხვრელი 1 კვ.სმ-ზე ნაკლები ხდება.
ამ დროს ხდება მედიკამენტური მკურნალობა. რიგ შემთხვევებში კი უფრო სიღრმისეული ჩარევაა საჭირო. ადრე პრობლემის მოსაგვარებლად მხოლოდ ღია ქირურგიული ოპერაცია ტარდებოდა. ქირურგიულად ორი ტიპის სარქვლის ჩაყენებაა შესაძლებელი. ის შეიძლება იყოს მექანიკური და ბიოლოგიური და მისი შერჩევა პაციენტის ასაკის მიხედვით ხდება. ბიოლოგიური სარქვლის მოქმედების ვადა 12-15 წელია, ამიტომ მას 65 წელს ზემოთ პაციენტებს უყენებენ, რომ გამოცვლის საჭიროება ნაკლებად სავარაუდო იყოს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობიდან გამომდინარე.
მექანიკური სარქველი უფრო ახალგაზრდა პაციენტებში ყენდება. ის მუდმივია, მაგრამ მოვლა საკმაოდ რთულია. სისხლის პარამეტრების კონტროლი ყოველკვირეულადაა საჭირო და შესაბამისად უნდა დაინიშნოს სისხლის გამათხელებელი მედიკამენტები. სისხლის გამათხელებელი პრეპარატები სარქველზე თრომბების წარმოქმნას უშლის ხელს. თუმცა ხშირია არასწორი მოვლის შემთხვევებიც, როდესაც სარქვლის გათრომბვა ხდება და მისი ფუნქციონირება ირღვევა. აღნიშნული პრეპარატების მიღება ასევე ზრდის სხვადასხვა ორგანოში სისხლდენების რისკს. ეს ყველაფერი საკმაოდ სერიოზული გართულებებია, მაგრამ ბიოლოგიური სარქვლისგან განსხვავებით ის დროში შეზღუდული არაა. ბიოლოგიურის ხელახლა ჩასადგმელად კი საჭირო ხდება გულმკერდის ხელახალი გახსნა, გულის გაჩერება და შემდეგ თავიდან ამუშავება. ყოველი წინა ოპერაცია შემდგომის წარმატებით დასრულების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს. სწორედ ამიტომ 65 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებს ყოველთვის მექანიკური სარქვლის ჩაყენებას ვურჩევთ. უმჯობესია, ცოტა მის მოვლაზე იზრუნოს პაციენტმა, ვიდრე სარქველი კიდევ ერთხელ შესაცვლელი გახდეს.
TAVI სრულად ანაცვლებს ღია ქირურგიულ მეთოდს? რა არის მისი უპირატესობები?
ეს მოწყობილობა 2003 წელს შეიქმნა. მისი საშუალებით თავიდან ვირიდებთ ღია ჭრილობას და გული გაჩერებას. ბარძაყის არტერიიდან ერთი ჩხვლეტით შესაძლებელი ხდება აორტის სარქვლის გამოცვლა. დაახლოებით სტენტის ჩადგმის მსგავსი პროცედურაა.
პროცედურა პირველად საფრანგეთში ფრანგი ოპერატორის მიერ ჩატარდა. შემდეგ კი სხვადასხვა ქვეყანამ დაიწყო მისი დანერგვა. საქართველოში TAVI-ის პროცედურა პირველად 5 წლის წინ ჩატარდა. შემსრულებელი გუნდის ერთ-ერთი წევრი მეც ვიყავი. სულ ახლახან „ნიუ ჰოსპიტალსში“ ჩავატარეთ ისეთი კომპლექსური და რთული TAVI, რომლის მსგავსიც საქართველოში აქამდე არ ჩატარებულა.
რით განსხვავდებოდა თქვენი მიერ ჩატარებული ტრანსკათეტერული აორტის სარქვლის შეცვლის პროცედურის სირთულე ანალოგიური პროცედურებისგან?
პაციენტს 10 წლის წინ გერმანიაში ბიოლოგიური სარქველი ჰქონდა ჩაყენებული, რომელიც, სამწუხაროდ, უკვე გამოსაცვლელი იყო. პაციენტი 74 წლის გახლდათ. ქირურგებთან ერთად განვიხილეთ რეოპერაცია. შეფასდა ყველა რისკი და სირთულე, რაც ცოტა ნამდვილად არ ყოფილა. გართულების რისკი იყო ის, რომ ჩვენი ჩაყენებული სარქველი შეიძლებოდა არ გაშლილიყო და არსებული სარქვლის გახეთქვა დაგვჭირვებოდა. ანატომიური თავისებურებებიდან გამომდინარე კი რისკი გვქონდა, რომ ჩაყენებულ სარქველს გულის მკვებავი არტერია დაეკეტა. ეს შეიძლებოდა უეცარი სიკვდილით დასრულებულიყო.
პაციენტთან ერთად მოხდა ყველაფრის შეფასება და დაგეგმვა. მისი სურვილიც იყო, რომ ხელახლა არ გაჭრილიყო. შედეგად ერთობლივად გადაწყდა, ჩაგვეტარებინა TAVI.
როგორ ჩაიარა პროცედურამ? როგორ მოახერხეთ გართულებების დაძლევა?
ანატომიური თავისებურების არსებობის გამო ჩვენ წინასწარ ვიყავით მზად. რადგან არტერიის ღეროს დაკეტვის რისკი გვქონდა, ჩვენ წინასწარ არტერიაში სტენტით ვიყავით გამზადებული, რომ თუ აორტის სარქვლის გაშლის შემდეგ არტერია დაიკეტებოდა, იქ სტენტი გაგვეშალა. წინასწარ რომ არ გავმზადებულიყავით, შემდეგ სტენტის შეყვანაზე დროს დავკარგავდით და შეიძლება, ისე მარტივადაც ვეღარ მოვხვედრილიყავით. მსგავს შემთხვევებში კი დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
როგორ გრძნობს პაციენტი ახლა თავს?
ერთ თვეც არ გასულა პროცედურიდან და პაციენტი ძალიან კარგადაა. ეს ოპერაცია რომ ტრადიციული გზით ჩაგვეტარებინა, ის ჯერ კლინიკიდან გაწერილიც არ იქნებოდა. ჩვენ კი ის პროცედურიდან ორ დღეში სახლში გავწერეთ. რეაბილიტაცია საკმაოდ მარტივია და არ ტოვებს შეზღუდვებს. მომართვის დროს სიმპტომები იყო თავბრუსხვევა, დაღლილობა, ფიზიკური აქტივობის შესრულების უუნარობა. დღეს კი მას ყველა სიმპტომი მოხსნილი აქვს და ცხოვრებას ტრადიციულ რიტმში აგრძელებს.
ერთადერთი, რაც მას ისედაც ევალებოდა დაავადებიდან გამომდინარე, კარდიოლოგის რეგულარული კონსულტაციაა.
მოგვიყევით გუნდზე, რომელმაც პროცედურა ჩაატარა და კლინიკის ტექნიკურ აღჭურვილობაზე, რომელიც TAVI-სთვისაა საჭირო
პროცედურის ოპერატორი მე გახლავართ. ასევე, მონაწილეობს ანესთეზიოლოგებისა და კარდიოქირურგების ძლიერი გუნდი. რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, პროცედურა მაღალტექნოლოგიურია. თავად კათეტერი, რომლითაც ბარძაყიდან შევდივართ, ძალიან მაღალტექნოლოგიური და ძვირადღირებული. პროცედურის ჩასატარებლად მაღალი დონის კათეტერიზაციის ლაბორატორიის არსებობაა საჭირო, რისი შესაძლებლობაც საბედნიეროდ გვაქვს „ნიუ ჰოსპიტალსში“.
R