ავტორი:

"2017 წლის შემდეგ თეატრმა გარკვეული "სასჯელი"დამიწესა ჩემი შეხედულებების გამო" - რატომ წავიდა მსახიობი თუმანიშვილის სახელობის თეატრიდან?

"2017 წლის შემდეგ თეატრმა გარკვეული "სასჯელი"დამიწესა ჩემი შეხედულებების გამო" - რატომ წავიდა მსახიობი თუმანიშვილის სახელობის თეატრიდან?

მსახიობი სოსო ხვედელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ იძულებული გახდა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრი დაეტოვებინა. მსახიობი წერს, რომ მას შემდეგ, რაც მისი პოლიტიკური შეხედულებები გაცხადდა, ის სპექტაკლები, რომელშიც თამაშობდა, მოხსნეს.

სოსო ხვედელიძე ამბობს, რომ დირექციას სთხოვა თეატრიდან წასვლის შესახებ დაწერილი განცხადება სპეციალურ დაფაზე გამოეკრათ, რათა ყველას წაეკითხა, თუმცა ასე არ მოხდა. ასევე მსახიობმა უარი თქვა ადმინისტრაციასთან შეხვედრაზე.

სოსო ხვედელიძეს მაყურებელი თეატრის გარდა სერიალებიდანაც იცნობენ. მსახიობი სერიალებში""ჩემი ცოლის დაქალებში“ და "ტიფლისში“ თამაშობდა.

სოსო ხვედელიძე:

"შეიძლება გადაჭარბებულია იმის იმედი, რომ ბოლო მსახიობი ვიქნები, რომელიც თეატრს იმ მიზეზით ტოვებს, რა მიზეზიც გახდა ჩემ შემთხვევაში გადამწყვეტი. 2017 წლის შემდეგ თეატრმა გარკვეული "სასჯელი" დამიწესა ჩემი შეხედულებების გამო. მოიხსნა ყველა ის სპექტაკლი, რაშიც ვიღებდი მონაწილეობას და ფაქტობრივად, გამინულდა ხელფასი. ჩარიცხული თანხის ნაწილი იქვითებოდა ჯანმრთელობის დაზღვევაზე.

წლების განმავლობაში დაზღვევის ფასის ზრდასთან ერთად, ხელზე ასაღები თანხის ოდენობა მცირდებოდა. განახლებული სადაზღვევო პოლისის შემდეგ კი, "დარჩენილმა“ თანხამ შეადგინა მხოლოდ 7 ლარი. დიდი მადლობა თეატრს დაზღვევისთვის. ჩემგან დაუსწრებლად, სავარაუდოდ, ბევრი არგუმენტი გაჩნდა მათი ნაბიჯის გასამართლებლად. 5 წლის განმავლობაში თეატრს არც ერთხელ გამოუთქვამს ჩემთან დიალოგის სურვილი.

მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდა ეს სურვილი, რაც განცხადება დავწერე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. დიალოგის რესურსს ნამდვილად ვერ ვხედავდი არსებული უსამართლობის გამო და უარი ვთქვი ამ შეხვედრაზე. მოვითხოვე განცხადება შესაბამის დაფაზე განთავსებულიყო.

ჩემი წასვლის ნამდვილი მიზეზი მინდოდა გაეგოთ ჩემს კოლეგებს. რა თქმა უნდა, ასე არ მოხდა. ამიტომ გიზიარებთ ჩემს განცხადებას. ცხადია აქ არ დასრულდება ამ თემაზე მსჯელობა და ყოველთვის მოძებნიან თავის გასამართლებლად არგუმენტებს.

ძალიან მტკივნეული და უიმედოა ამ სამარცხვინო დეტალების ჩამოთვლა. შესაბამისად, თავს აღარ შეგაწყენთ. ვუსურვებ ყველას წარმატებას. დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს და კოლეგებს ერთად გატარებული წლებისთვის. იმედია, სწორად გაიგებთ, ამ იძულებითი გადაწყვეტილების მიზეზს", - წერს მსახიობი.