ავტორი:

სასქესო ორგანოს დასახიჩრება, ქორწინება ხუთი აქლემის სანაცვლოდ და გაქცევა - "უდაბნოს ყვავილის" ნამდვილი ამბავი: 'მშენებლობაზე ვმუშაობდი, რომ დედისთვის ფული გამეგზავნა"

სასქესო ორგანოს დასახიჩრება, ქორწინება ხუთი აქლემის სანაცვლოდ და გაქცევა - "უდაბნოს ყვავილის" ნამდვილი ამბავი: 'მშენებლობაზე ვმუშაობდი, რომ დედისთვის ფული გამეგზავნა"

ვარისი დედამ დაარქვა, ეს სახელი უდაბნოს ყვავილს ნიშნავს. სწორედ ამ სახელით - "უდაბნოს ყვავილი" იცნობს ადამიანთა უფლებებისთვის მებრძოლ სომალელ მწერალს, მოდელსა და მსახიობს მთელი მსოფლიო.

ვარის დირმა დიდი როლი ითამაშა იმ ქალების ცხოვრებაში, რომლებსაც უსასტიკეს ტრადიციებთან გამკლავება მოუწიათ და ახლაც უწევთ, ტრადიციებთან ბრძოლაში, რომელსაც არაერთი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გოგონებისთვის სასქესო ორგანოს დასახიჩრება, რომელიც აფრიკაში ტრადიციაა, დღეს უკვე ბევრ ქვეყანაში აკრძალულია და ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ვარისს, რადგან ის უკვე 30 წელია იბრძვის ამ წეს-ჩვეულების გასაქრობად. თავად ვარისის ცხოვრება გამოწვევებით იყო სავსე და იმდენად საინტერესოა, რომ სრულმეტრაჟიანი ფილმიც კი გადაიღეს მისივე დაწერილ ავტობიოგრაფიულ წიგნში აღწერილი ამბების მიხედვით.

  • ბავშვობა და აფრიკაში ცხოვრების წლები

ვარისმა დღემდე არ იცის თავისი ნამდვილი ასაკი, ისევე, როგორც მისი ოჯახის სხვა წევრებმა, რადგან უდაბნოში მცხოვრები ოჯახისთვის დროის ცნება უსარგებლო იყო: “წელიწადის სეზონებს მზის მიხედვით ვიგებდით", - ამბობს ის.

ვარის დირი და მისი ოჯახი სომალის უდაბნოში მცხოვრები მწყემსების ტომიდან არიან. როგორც თვითონ იხსენებს, ბავშვობა ბედნიერად გაატარა აფრიკის ველურ ბუნებაში, მაგრამ ხუთი წლის ასაკში უკვე გაიაზრა, რას ნიშნავს იყო აფრიკელი ქალი და ამ ასაკში მისი ცხოვრება უკვე ტანჯვას ჰგავდა..

"ქალები აფრიკის ხერხემალია. ისინი ასრულებენ სამუშაოს უმეტეს ნაწილს. მიუხედავად ამისა, მათ არჩევანის თავისუფლება არ აქვთ, ხშირად იმაშიც კი, თუ ვის გაყვებიან ცოლად", - წერს ავტობიოგრაფიულ წიგნში.

ვარის დირის ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა პროცედურამ, რომელიც მას 5 წლის ასაკში ჩაუტარდა. ის ავტობიოგრაფიულ წიგნში დეტალურად აღწერს, როგორ მოკვეთეს ანესთეზიის გარეშე 5 წლის ასაკში სასქესო ორგანო, როგორ კარგავდა გონებას დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვის გამო, როგორი აუტანელი ტკივილის გაძლება უწევდა და როგორ აისახა შემდგომ ეს გამოცდილება მის ცხოვრებაზე, უკვე ზრდასრულ ასაკში ყოფნისას.

მამაცი გოგონასთვის კოშმარული თავგადასავალი მაშინ დაიწყო, როცა 13 წლის ასაკში მამამ გადაწყვიტა, ჯოხზე დაყრდნობილ, 60 წლის მამაკაცისთვის მიეთხოვებინა.

"მამას შევჩივლე, რომ ის ჩემთვის ზედმეტად მოხუცი იყო, მამამ კი მითხრა, რომ ეს იყო საუკეთესო ვარიანტი და რომ ჩემი მომავალი ქმარი მომივლიდა, ჩემზე იზრუნებდა. ბოლოს დაამატა, რომ ჩემ სანაცვლოდ კაცი 5 აქლემს იძლეოდა. სასწრაფოდ სახლიდან გაქცევა დავგეგმე", - იხსენებს ვარისი.

მისი უფროსი და - ამანიც ამავე მიზეზით გაქცეულა სახლიდან.

13 წლის გოგონა რამდენიმე დღის განმავლობაში უჭმელ-უსმელი დადიოდა აფრიკის მწველი მზის ქვეშ, რათა როგორმე დედაქალაქამდე, თავის დასთან ჩაეღწია. როცა მოგადიშოში ჩავიდა, უკვე რამდენიმე კვირა იყო გასული მას შემდეგ, რაც ოჯახი დატოვა. ამანი იპოვა და საცხოვრებლად მასთან დარჩა, თუმცა მარტო დატოვებულ დედაზე მაინც ღელავდა და მშენებლობაზე დაიწყო მუშაობა, რათა თანხა მოეგროვებინა და მისთვის გაეგზავნა.

13 წლის გამხდარი გოგონა, 1 თვის განმავლობაში ზურგით ეზიდებოდა ქვიშას და საბოლოოდ, 60$ შეაგროვა: “დედას ის ნაცნობის მეშვეობით გავუგზავნე, მაგრამ მას 1 პენიც კი არ უნახავს ამ ფულიდან”, - ჰყვება ქალი.

  • კარიერა

იმ დროისთვის, სომალის ელჩი ინგლისში, ვარისის დეიდის მეუღლე, მუჰამედ ჩამა ფარა იყო. სახლში მუჰამედმა თქვა, რომ 4 წლით ინგლისში უნდა ეცხოვრა ოჯახთან ერთად და დამლაგებელი სჭირდებოდა. ვარისმა ბიძის სახლში მუშაობის სურვილი გამოთქვა და საბოლოოდ, მისთვის სრულიად უცხო გარემოში, დათოვლილ ქვეყანაში ამოჰყო თავი.

“მომდევნო 4 წელი საათზე დამოკიდებული გავხდი. გამუდმებით მას ვუყურებდი. მანამდე ხომ საათის ცნება ჩემთვის უცნობი იყო. დასვენების დღე არ მქონდა და დეიდაჩემის 4-სართულიან სახლს შუაღამემდე ვასუფთავებდი ხოლმე”, - წერს ვარისი ავტობიოგრაფიულ წიგნში.

ვიდრე ის ელჩი ბიძის სახლში მუშაობდა, ქუჩაში ერთ-ერთმა თეთრკანიანმა მამაკაცმა გააჩერა, რომელიც ცნობილი ფოტოგრაფი აღმოჩნდა. მან თავისი სავიზიტო ბარათი მისცა. ვარისი ვერც წარმოიდგენდა, რომ ეს ადამიანი მის ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლიდა.

როცა მუჰამედს ელჩობის 4 წელი ამოეწურა, მთელი ოჯახი სომალიში დაბრუნდა, ვარისი კი ლონდონში დარჩა, მას ფულის შოვნა და დედისთვის სახლის ყიდვა სურდა, მაგრამ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა როგორ უნდა მიეღწია ამისთვის.

“ერთ-ერთ მაღაზიაში აფრიკელი ქალი შემხვდა, რომელსაც გამოველაპარაკე და ჩემი სიტუაცია ავუხსენი, მან თავისთან დარჩენა შემომთავაზა, მაკდონალდსში მუშაობის დაწყებაშიც დამეხმარა", - იხსენებს ვარისი.

ფოტოგრაფსაც დაახლოებით ამავე პერიოდში დაუკავშირდა, რომელმაც ის სტუდიაში დაიბარა და პორტრეტები გადაუღო. მას შემდეგ დაიწყო სომალელი გოგოს თავბრუდამხვევი სამოდელო კარიერა: ის დადიოდა პარიზში, მილანში, ნიუ-იორკში. სხვადასხვა ბრენდის რეკლამებში სინდი კროუფორდთან, კლაუდია შიფერთან და ლორენ ჰატონთან ერთადაც კი გადაიღეს. წარმატების მიუხედავად, მას არ ავიწყდებოდა ბავშვობაში გადატანილი მძიმე ტკივილი. ის მძიმე გამოცდილება, რაც სასქესო ორგანოს დასახიჩრებას მოჰყვა.

მოშარდვაც კი რთული იყო და 10 წუთი უწევდა სხეულთან ბრძოლა, რომ არაფერი ვთქვათ მენსტრუაციის თანმდევ გაუსაძლის ტკივილებზე, რომლის დროსაც არაერთხელ დაუკარგავს გონება.

ვარისის ცხოვრებამ კიდევ განსხვავებული მიმართულება აიღო მას შემდეგ, რაც ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა, სახელად "უდაბნოს ყვავილი" და დაიწყო ქალთა უფლებებისთვის აქტიური ბრძოლა.

წიგნი მან 1998 წელს გამოსცა და ის მალევე მსოფლიოს მასშტაბით ბესთსელერი გახდა. 1997-2003 წლებში ის გაეროს სპეციალური ელჩი იყო.

2002 წელს თავისივე ორგანიზაცია დააარსა, სახელად "უდაბნოს ყვავილი" და ქალთა სასქესო ორგანოს დასახიჩრების წინაარმდეგ კამპანიას აწარმოებს. 2006 წელს მან ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფოს მინისტრებს მიმართა და მას შემდეგ, წესრიგში დააყენეს ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების წინააღმდეგ ბრძოლა, გაამკაცრეს კანონები და ევროპის ბევრ ქვეყანაში პრევენციული ღონისძიებები დაიწყო.

2009 წელს, მისივე ავტობიოგრაფიულ წიგნზე დაფუძნებით, სრულმეტრაჟიანი ფილმიც გამოვიდა, რომელიც ოსკარის მფლობელი პროდიუსერის, პიტერ ჰერმანის გადაღებულია.

2010 წელს ვარის დირი მშვიდობის და უსაფრთხოების ელჩი გახდა აფრიკაში. ის ორი ვაჟის დედაა.

მოამზადა ანა სიბოშვილმა