ავტორი:

ირანში კაცმა 17 წლის ცოლს თავი მოჰკვეთა - შემზარავი დანაშაულის დეტალები

ირანში კაცმა 17 წლის ცოლს თავი მოჰკვეთა - შემზარავი დანაშაულის დეტალები

ირანის დასავლეთ ნაწილში, ხუზისტანის პროვინციაში, ქმარმა ცოლი, 17 წლის გოგონა მოკლა. მამაკაცმა არასრულწლოვან ცოლს თავი მოჰკვეთა. მედიაში კი გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ მამაკაცს ერთ ხელში მოკლული ცოლის თავი უჭირავს, მეორეში კი სისხლიანი დანა და ქუჩაში ასე, მომღიმარი სახით გადაადგილდება.

ირანის ისლამური რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო IRNA-ის ცნობით, ეს იყო "ღირსების მკვლელობა."

CNN-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ მკვლელის, საიჯად ჰეიდარის დედის თქმით, მისი შვილი ცოლს მანამდე მოკვლით ემუქრებოდა. ქალი ამბობს, რომ მისი რძალი 4 თვით თურქეთში იყო გაქცეული, ხოლო შემდეგ, მამამ დაარწმუნა, რომ დაბრუნებულიყო. ირანულ მედიაში წერენ, რომ გოგონა, სახელად მონა 12 წლის იყო, როდესაც ჰეიდარზე დააქორწინეს.

თურქეთიდან გასულ პარასკევს დაბრუნდა და დაბრუნებიდან მალევე, ქმარმა თავი მოჰკვეთა.

ჰეიდარი სამართალდამცველებმა დააკავეს, დაკავებულია ასევე მისი ძმაც, რომელიც მკვლელობაში ეხმარებოდა. პროკურორი აბას ჰუსეინ პუია ამბობს, რომ ბრალდებულები უმკაცრესად დაისჯებიან.

მომხდარმა აიძულა ირანის მთავრობა, დააჩქაროს კანონპროექტის განხილვა, რომელიც მიზნად ისახავს დაიცვას ქალები ძალადობისგან.