"იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ მუნჯის ყრუსთან საუბარი გამოგვდის, თითქოს ვუსმენთ მაგრამ არ გვესმის" - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბრიტანელ კოლეგასთან, ლიზ ტრასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, რუსულ მხარეს საკუთარი პოზიციის შესახებ დეტალური ახსნა-განმარტება არაერთხელ გაუკეთებია და დაუსახელებია არგუმენტები, რომლებიც უკრაინაში "შეჭრის“ შიშების უსაფუძვლობაზე მეტყველებს.
"ვიგრძენი, რომ ჩვენი კოლეგები ან არ იცნობენ ამ დეტალურ განმარტებებს, ან სრულად აიგნორებენ მათ“, - განაცხადა რუსეთის საგარეო მინისტრმა.
მისი თქმით, რუსეთი სხვა ქვეყნებს არ ემუქრება, პირიქით - მას ემუქრებიან.
"გადახედეთ საჯარო განცხადებებს, მუქარა არსად გაჟღერებულა, თავად გვემუქრებიან“, - განაცხადა ლავროვმა.