ავტორი:

"5 წლის განმავლობაში ამ ქალაქში ერთადერთი მათხოვარი ვნახე... აქ ყველაფრისგან ფულს შოულობენ" - ჩინეთში მცხოვრები ქართველი გოგონას ისტორიები "საოცრებათა ქალაქიდან"

"5 წლის განმავლობაში ამ ქალაქში ერთადერთი მათხოვარი ვნახე... აქ ყველაფრისგან ფულს შოულობენ" - ჩინეთში მცხოვრები ქართველი გოგონას ისტორიები "საოცრებათა ქალაქიდან"

ნენე ახობაძე წარმოშობით სამტრედიელია. სოფელ მელაურის საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩააბარა 70%-იანი დაფინანსებით. თავდაპირველად ტელე-კინოხელოვნებაზე სწავლობდა, შემდეგ აღმოსავლეთმცოდნეობაზე არაბისტიკის მიმართულებით, მეორად პროფესიად სინოლოგია აირჩია. ამჟამად ჩინეთში ცხოვრობს და ჭეძიანგის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში სწავლობს. როგორც გვითხრა, მაგისტრანტი, ვინც ჩინეთში ისწავლა ჩინეთის ისტორია, საქართველოში აქამდე არ გვყავს. იმავდროულად, ნენე ქართველებს ონლაინ ასწავლის ჩინურ ენას. ჩინურში ჩ2-ის სერტიფიკატი აქვს, რაც ყველაზე მაღალი დონეა.

- ჩინურის სწავლა უნივერსიტეტშივე დავიწყე. სინოლოგია ანუ ჩინეთმცოდნეობა მეცნიერულად შეისწავლის და იკვლევს ჩინურ ენასა და ლიტერატურას, ჩინეთის ისტორიას, ეკონომიკას, პოლიტიკას, ფოლკლორს და საერთოდ ჩინელებთან და მათ ქვეყანასთან, კულტურასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს. 2015 წელს თსუ-ს გაცვლითი პროგრამით ჩამოვედი, 2017 წელს ავიღე C1, რაც შემდეგ ჩინეთის მთავრობის სტიპენდიის მოპოვებაში დამეხმარა... უნივერსიტეტში ჩინურს პირდაპირ ჩინურად გასწავლიან. საერთოდ თუ არაფერი იცი, მაშინ შეიძლება გამოიყენო ინგლისური.

მარტივი ჩინური ენით გასწავლიან გრამატიკას და ცდილობენ გასაგებად აგიხსნან - ხელებით, ფეხებით, პრეზენტაციებითა და ვიდეოებით. დამატებით ლექციებზე, რომელსაც ჩინური ენის ფილოლოგიის სტუდენტები გვიტარებდნენ, რაც გაუგებარი იყო, გვიხსნიდნენ და გვამეცადინებდნენ. უნივერსიტეტს ჰქონდა ჩინური ოჯახის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა შაბათ-კვირის გატარებას უნივერსიტეტის ლექტორის ან თანამშრომლის ოჯახთან ერთად. მივდიოდით ქალაქგარეთ ან კინოსა თუ თეატრში. თუმცა, ამ ოჯახებს არ ჰქონდათ შაბათ-კვირას მასპინძლობის აუცილებელი ვალდებულება... შემდეგ საქართველოში ავიღე ბაკალავრის დიპლომი და 2019 წელს კვლავ დაფინანსებით გავაგრძელე სწავლა ჭეძიანგის უნივერსიტეტში.

ქალაქი ხანგჭოუ და ჩინური საოცრებები

- ხანგჭოუ სამხრეთ სუნგის დინასტიის დედაქალაქი იყო. მას "საოცრებათა ქალაქს" ეძახიან. 2021 წელს კი ჩინეთში ყველაზე ბედნიერ ქალაქად დასახელდა. არსებობს ასეთი გამოთქმაც: "ზეცაში სამოთხე და დედამიწაზე ხანგჭოუ და სუჭოუ". ეს ქალაქი ძალიან უსაფრთხოა, დაცული, ბედნიერი, მწვანე, ლამაზი, სუფთა... ხალხი სტუმართმოყვარე და მშრომელია, ყოველთვის მზად არიან დაგეხმარონ. ვესაუბრები მათ და ვასკვნი, ასე თუ ისე კმაყოფილები არიან ახლანდელი ვითარებით, მაგრამ ყოველთვის ხაზს უსვამენ, რომ ნელ-ნელა უკეთესობა იქნება, ეს კი შრომის გარეშე არ ხდება და რაკი აქამდე მოვიდნენ, მეტსაც მიაღწევენ. და რაც მთავარია, 5 წლის მანძილზე ამ ქალაქში ერთადერთი მათხოვარი მყავს ნანახი, სიაშას რაიონში და ისიც აღარ არის უკვე 3 წელია.

შარშანწინ გვქონდა ისტორიული ტური სუნგის დინასტიის ნანგრევების კვალდაკვალ. დღეს რაც შემორჩენილია, ყველაზე ძველი მინგის ან ცინგის დინასტიის დროს რესტავრირებული ნანგრევებია ან ძველის მიბაძვით ბოლო წლებში აშენებული. ჩემთვის ყველაზე წარმოუდგენელი და შოკის მომგვრელი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ძველი სასახლის ტერიტორიაზე, კერძოდ, დღევანდელ სუნგ ჩენგის ქუჩაზე 2016 წლამდე მოსახლეობას აკრძალული ჰქონდა პირადი საპირფარეშოს გამოყენება (შესაბამისად, დღემდე ძალიან ცოტა ადამიანი ცხოვრობს ამ ქუჩაზე), მიწის ქვეშ ჯერ კიდევ გამოუკვლეველი არქეოლოგიური მასალის დაზიანებისგან თავის არიდების მიზნით.

2016 წელს 2 მილიარდი იუენი დაიხარჯა ამ ქუჩის და მთლიანად ძველი სასახლის ტერიტორიის საპირფარეშოების პრობლემის მოსაგვარებლად. არადა, 2015 წელსაც ამ ქალაქში ვცხოვრობდი, მაშინაც ძალიან განვითარებული იყო და ვერც წარმოვიდგენდი ასეთ რამეს. მეორე მხრივ, საინტერესოა 916 წელს აშენებული და დღემდე შემონახული თითქმის 16 მეტრამდე სიმაღლის ორი პაგოდა (ბუდისტური საკულტო ნაგებობის ტიპი. - ავტ). ერთ დროს სუნგის დინასტიის პრინცის სასახლის ტერიტორიაზე დღეს რომ საზოგადოებრივი ტუალეტია, უცნაურია, აბა, რა არის?!

სხვა ბევრ უცნაურობას შეხვდებით ჩინეთში, ყველაფერს, რასაც ვერ წარმოიდგენთ. აი, მაგალითად, ერთ დღეს საციგურაოდ წავედით და სავაჭრო ცენტრის მეორე სართულზე შევნიშნეთ წარწერა: "ცხენების საჯირითო მოედანი მე-8 სართულზე". ძალიან გაგვიკვირდა. ჰოდა, წარწერას არ დავუჯერეთ და შესამოწმებლად ავედით. სიმართლე აღმოჩნდა. ჩინელებს ყველაფრისგან შეუძლიათ ფულის შოვნა, განსხვავებულად აზროვნებენ. გათვლა ასეთია, რომ რაც უცნაურია, მით უფრო საინტერესოა.

დაუვიწყარი მოგზაურობა კუეილინში

- იქ არის მსოფლიოში ცნობილი "გრძელთმიან ქალთა სოფელი", სადაც ყველაზე გრძელთმიანი ქალის თმის სიგრძე 2300 მილიმეტრია. დავესწარი წარმოდგენას და ვესტუმრე მუზეუმს, სადაც ბრინჯის ულამაზესი ტერასები ვნახე. ეს არის ადგილი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ჩინეთში ხარ და რომლის სილამაზემაც, გადმოცემის თანახმად, დრაკონიც კი მონუსხა. ძალიან შთამბეჭდავია კუელინის ბუნება, რომელიც საერთოდ გავიწყებს გაუსაძლის სიცხესა და ნესტს. მგონი ხანგჭოუს მერე პირველი ადგილია, სადაც კიდევ რამდენჯერმე სიამოვნებით წავიდოდი. არა მარტო ამ სოფლის, არამედ ქალაქ კუეილინის მოსახლეობის 90% მატრიარქატულია. ამბობენ, ქალაქ კუეილინიდან ან მისი სოფლიდან თუ ქალი წავიდა სხვა პროვინციაში სამუშაოდ, უკან დაბრუნების შანსი 1%-იაო...წაიკითხეთ სრულად