ავტორი:

"ვვარაუდობთ, რომ სატვირთო დაეჯახა და ხიდიდან გადმოვარდა... ძლიერი მუხრუჭის ხმა გავიგეთ" - ვინ არის ორთაშენთან გარდაცვლილი სამხედრო?

"ვვარაუდობთ, რომ სატვირთო დაეჯახა და ხიდიდან გადმოვარდა... ძლიერი მუხრუჭის ხმა გავიგეთ" - ვინ არის ორთაშენთან გარდაცვლილი სამხედრო?

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით AMBEBI.GE-მ ახალი დეტალები გაარკვია. ჩვენი ინფორმაციით, ხიდის ქვეშ ნაპოვნი მამაკაცის ცხედარი 40 წლამდე ასაკის შალვა ტაბატაძეს ეკუთვნის.

გარდაცვლილი გორში ცხოვრობდა და წლები თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, ასევე მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში, ერაყსა და ავღანეთში.

როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, პირველადი ინფორმაციით, მამაკაცი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. როგორც AMBEBI.GE-ს ორთაშენში მცხოვრებლები უყვებიან, გამთენიისას, ავტობანის აღნიშნულ მონაკვეთზე სატვირთო მანქანის ძლიერი მუხრუჭის ხმა გაიგონეს.

ისინი ვარაუდობენ, რომ ქვეითად მოსიარულე ტაბატაძეს სწორედ სატვირთო დაეჯახა, რა დროსაც ის ხიდიდან გადავარდა.

"დღეს დილით გამთენიისას სახიდე გადასასვლელზე, რომლის ბურჯებთანა ცხედარი იპოვეს, გავიგეთ მისაბმელიანი სატვირთოს ძლიერი მუხრუჭის ხმა. მუხრუჭის შემდეგ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების უკან კიდევ ერთი ტრაილერი გაჩერდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ორივე ავტომანქანამ სვლა განაგრძო.

არ გამოვრიცხავთ, რომ შესაძლოა ავტობანის სახიდე გადასასვლელზე მოძრავ ქვეითს სატვირთო დაეჯახა, რა დროსაც ხიდიდან გადმოვარდა" - აცხადებენ სოფელში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.