ავტორი:

ვინ გამოუშვა ალექსანდრე ლუკაშენკომ საქართველოში ელჩად? - "გაუგებარია, ანატოლი ლისის დანიშვნა საპატიო გადასახლებაა თუ "პენსიაზე გასვლა“

ვინ გამოუშვა ალექსანდრე ლუკაშენკომ საქართველოში ელჩად? - "გაუგებარია, ანატოლი ლისის დანიშვნა საპატიო გადასახლებაა თუ "პენსიაზე გასვლა“

ბელარუსის დიპლომატია საქართველოს მიმართ:

ვინ არის მინსკის ახალი ელჩი თბილისში?

ბელარუსის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ფართოდ განიხილება პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ ბოლო დღეებში განხორციელებული საკადრო ცვლილებები, განსაკუთრებით საგარეო საქმეთა უწყებაში მომხდარი თანამდებობრივი დანიშვნები, რაც მინისტრის ახალ მოადგილეებს და ელჩებს შეეხება.

ერთ-ერთი საკადრო გადაწყვეტილება საქართველოსაც უკავშირდება - პრეზიდენტმა თბილისში ბელარუსის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ანატოლი ლისი დანიშნა, რომელიც ამ დიპლომატიურ თანამდებობაზე მიხეილ მიატლიკოვს შეცვლის, მისი თითქმის 7-წლიანი დესპანობის შემდეგ.

რასაკვირველია, ჩვენთვის, თბილის-მინსკის საკმაოდ სპეციფიკური ურთიერთობის ფონზე, მნიშვნელობა აქვს ვიცოდეთ, თუ ვინ არის საქართველოში ბელარუსის ახალი დიპლომატიური წარმომადგენელი.

  • ახალი ელჩის ძველი იმიჯი

63 წლის ანატოლი ლისმა, ვიდრე დიპლომატიურ თანამდებობაზე დაინიშნებოდა, საკმაოდ დიდი კარიერული გზა გაიარა - 1990-იან წლებში იგი კოლმურნეობის თავმჯდომარის მოადგილედაც კი მუშაობდა, შემდეგ ადმინისტრაციულ პოსტებზე საშუალო რგოლში, ბოლოს კი ანატოლი ლისმა მწვერვალებსაც მიაღწია - 2014 წლის დეკემბერში იგი ბრესტის საოლქო აღმასკომის თავმჯდომარედ, ანუ გუბერნატორად დაინიშნა.

როგორც ცნობილია, ბრესტის ოლქი პოლონეთს - ევროკავშირისა და ნატოს წევრ სახელმწიფოს - ესაზღვრება და აქედან გამომდინარე, ანატოლი ლისს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა დაეკისრა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, შეიძლება ითქვას, რომ მან საკმაოდ კარგად გაართვა თავი ოლქის პრობლემებს და მტკიცე, მცოდნე მეურნის სახელი დაიმკვიდრა. აქვე შევნიშნავთ, რომ ანატოლი ლისის გუბერნატორობა 2020 წელს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მომხდარი მასობრივ ანტისამთავრობო გამოსვლების პერიოდს დაემთხვა (ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ მიტინგები ბრესტის ოლქშიც იყო). როგორც ჩანს, ანატოლი ლისმა ამ შემთხვევაშიც პოზიტიური როლი შეასრულა (მწვავე სიტუაციის განმუხტვის თვალსაზრისით) და, ალბათ, ამიტომ 2021 წლის იანვრიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ გადაიყვანეს (თუმცა ამ თანამდებობას ბელარუსის მასმედია რატომღაც ნაკლებად ახსენებს).

  • დიპლომატიური განათლების გარეშე

ბელარუსის ოპოზიციური მასმედია ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ანატოლი ლისს დიპლომატიური განათლება და გამოცდილება არ აქვს (მას დამთავრებული აქვს ბელარუსის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი და პრეზიდენტთან არსებული მართვის აკადემია, პოლიტოლოგიის მაგისტრის წოდებით). გამოცემა "სალიდარნასცის" (Салiдарнасць) მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუში, სათაურით: "ეს ადამიანები ლუკაშენკოს არ გაყიდიან“ ყოფილი დიპლომატი პავლე მაცუკევიჩი ასეთ კომენტარს უკეთებს საქართველოში ბელარუსის ახალი ელჩის დანიშვნას:

"ელჩის თანამდებობაზე სამეურნეო დარგის მუშაკებისა და ჩინოვნიკების დანიშვნის პრაქტიკა, აბსოლუტურად, არ ამართლებს. საქმე იმაშია, რომ ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, თაობების ცვლა განხორციელდა. იქაურ სამინისტროებში (მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც) საბჭოური წრთობამიღებული ხელმძღვანელები აღარ არიან. იქ თანამდებობებს ისეთი ადამიანები იკავებენ, რომლებსაც ცოდნა-განათლება საზღვარგარეთ აქვთ მიღებული, იციან უცხო ენა, სხვაგვარად აზროვნებენ. მე არ ვიცნობ ბრესტის საოლქო აღმასკომის ყოფილ თავმჯდომარეს, მაგრამ ზოგადად ჩვენს კარგ სამეურნეო მუშაკებს, რომლებიც ელჩად ინიშნებიან, პარტნიორებთან საერთო ენის გამონახვა უჭირთ.

საქართველოში, რა თქმა უნდა, ელჩად ისეთი ადამიანი უნდა დანიშნულიყო, რომელიც ფლობს უცხო ენას, კერძოდ, შეუძლია ინგლისურად საუბარი. მხედველობაშია მისაღები, რომ საქართველო დასავლეთზეა ორიენტირებული და არა აღმოსავლეთზე. ამიტომაც ჩემთვის გაუგებარია, ანატოლი ლისის დანიშვნა ელჩად საპატიო გადასახლებაა თუ "პენსიაზე გასვლა“.

  • ახალი ელჩის ახალი გეგმები

ბელარუსის ტელეარხების მიერ გავრცელებულ მასალებში აღნიშნულია, რომ ანატოლი ლისის საქართველოში ნამყოფი არ არის, თუმცა მასთან, გუბერნატორობის დროს, სტუმართმოყვარეობით განთქმული კავკასიური ქვეყნის დელეგაციები ხშირად სტუმრობდნენ. ტელეეთერში გადაიცა ახალი ელჩის გეგმების თაობაზეც:

"ჩვენ საქართველოსთან ყველა მიმართულებით კარგი ურთიერთობები გვაქვს აწყობილი. მოხარული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა ვითარდება. გასულ 2021 წლის განმავლობაში ბელარუს-საქართველოს საქონელბრუნვა 107%-ით გაიზარდა და 98,7 მილიონ დოლარს მიაღწია. ეს საკმაოდ კარგი მიღწევაა. რა თქმა უნდა, არის კიდევ საქმეები, რაზედაც მუშაობაა საჭირო. არის საკითხები ზოგიერთ ქართულ საწარმოსთან მიმართებით, სადაც ბელარუს ბიზნესმენებს მუშაობა სურთ და პირიქით - ჩვენს საწარმოებთან მიმართებით, რომლითაც ქართველი მეწარმეები არიან დაინტერესებულნი. მოკლედ, გასაკეთებელი ბევრია“, - ამბობს ანატოლი ლისი.

  • განსხვავებული პოლიტიკური კურსის მიუხედავად...

ზემოთ უკვე ვახსენეთ, რომ გასაგები პოლიტიკური მიზეზების გამო, თბილისისა და მინსკის ურთიერთობა გარვეული სპეციფიკით ხასიათდება. ყველასათვის ცნობილია, რომ საქართველო ევროატლანტიკური სტრუქტურებისაკენ ისწრაფვის (სადაც ევროკავშირი და აშშ დომინირებს), ბელარუსი კი - ევრაზიული სტრუქტურებისკენ (სადაც რუსეთი დომინირებს). ცხადია, რთულია ისეთი პოლიტიკის გატარება, რომელიც ორივე ქვეყნისათვის მისაღები იქნება, მაგრამ წინა წლების გამოცდილებამ გვაჩვენა - არსებობს საერთო შეხების წერტილები და ინტერესები. პოსტსაბჭოთა სივრცის დასავლეთ სექტორში შექმნილი დაძაბული ვითარების გათვალისწინებით, ელჩის საქმიანობის შედეგებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

ბელარუსული მასმედიის მიხედვით მოამზადა სიმონ კილაძემ