ავტორი:

"მე 62 წლის ვარ, მეუღლე - 70-ის, სულ სწავლაში ვართ... გვსურს, აქაურობა აგროტურისტულჰაბად იქცეს" - თბილისიდან გადასახლებული ცოლ-ქმრის მეურნეობა და "ბროწეულადან" მართული ბიზნესი

"მე 62 წლის ვარ, მეუღლე - 70-ის, სულ სწავლაში ვართ... გვსურს, აქაურობა აგროტურისტულჰაბად იქცეს" - თბილისიდან გადასახლებული ცოლ-ქმრის მეურნეობა და "ბროწეულადან" მართული ბიზნესი

30 წლის წინ თბილისელმა ცოლ-ქმარმა დედაქალაქის შემოგარენი გულდაგულ შემოიარა - ადგილს ეძებდნენ, რომ დასახლებულიყვნენ. ასეთი ბროწეულას დასახლება აღმოჩნდა, თბილისთან ახლოს, სოფელ მარტყოფთან. მიწის შეძენისთანავე შრომას შეუდგნენ, იქ მუდმივად ცხოვრება კი მხოლოდ მეხუთე წელია, გადაწყვიტეს. ოჯახის დიასახლისი, მეურნე და ბიზნესმენი გულიკო ფანჩულიძე საუბრის დასაწყისში ბროწეულას დასახლების ისტორიას გვიყვება:

- ეს კინოსტუდია "ქართული ფილმის" დასახლებაა, მიწის ნაკვეთები ადრე კინოსტუდიის თანამშრომლებს გაუნაწილეს, სადაც ეს დასახლება გააშენეს. ისტორიულად ბროწეულა ბრძოლის ველია, აქ გაიმართა ცნობილი მარტყოფის ბრძოლა, რომელიც ქართველების გამარჯვებით დასრულდა.

აქ დასახლების შემდეგ ვაზი დავრგეთ და ვენახი გავაშენეთ. ვუვლით ყურძენს, ქვევრებში ვაყენებთ ღვინოს. არ არსებობს ჩვენთან სუფრა, რომ ამ ველზე დაცემული გმირების სულის სადიდებელი არ შეისვას, ჩვენთვის ამ ყველაფერს ასეთი სიმბოლური დატვირთვა აქვს. ვენახის გარშემო ქარსაცავად ბროწეულაში მხოლოდ ბროწეულის ღობეები გვაქვს. ეს სახელიც აქაურობას ხომ ამ დაღვრილი სისხლის გამო შეარქვეს... ულამაზესია, როდესაც ისინი ყვავიან... ქარისგან ხომ იცავს, გემრიელ ნაყოფსაც ისხამს და ვენახის ფონზე ლამაზ გარემოს ქმნის. შემოდგომაზე, როდესაც ბროწეულის კრეფის პერიოდია, "ბროწეულობას" აღვნიშნავთ - ასე დავარქვით.

- ესე იგი, წლების განმავლობაში ქმნიდით თქვენს გარემოს...

- ამ ადგილის შეძენა იმისთვის გვინდოდა, რომ ასაკში რაღაც ნავსაყუდელი გვქონოდა, მერე ნელ-ნელა შევყევით, ვენახს მარანი მოჰყვა, ქვევრების ჩაყრა. ბევრი არა, მაგრამ 5 ტონამდე ყურძენი მოგვყავს. ჩაყრილი გვაქვს ჩინური, თავკვერი, ცოტაოდენი გორული მწვანე, პინო. კიდევ ბევრი სხვა ჯიშია. ახლა ვაშენებთ შავკაპიტოს.

- ქვევრებში ტრადიციული მეთოდით აყენებთ და შემდეგ ბოთლებში ასხამთ?

- კი, მარანში ამისთვის იტალიური საუკეთესო ტექნიკა გვაქვს, "აწარმოე საქართველოს" პროექტით მოვიპოვეთ. ღვინოს ახლობლებში, მეგობრებში კი ვანაწილებდით, მაგრამ მერე ვიფიქრეთ, მოდი, ცოტა კომერციულიც გავხადოთ, იქნებ მოგებაც ვნახოთ-მეთქი? აქაურმა მოსავალმა უკვე ბოთლებში ჩასხმულმა, სხვა სახე მიიღო. გადის ექსპორტზეც, მართალია, მცირე რაოდენობით, მაგრამ აგემოვნებენ საფრანგეთსა და გერმანიაში. წელიწადში 10 000 ბოთლი გამოდის.

მხოლოდ ბიოდინამიკური მეთოდებით მოგვყავს მოსავალი - ყურძენი იქნება თუ ხილი. არანაირ საწამლავს არ ვიყენებთ, რადგან საქმე ჯერ ბიოლოგიურ ასოციაცია "ელკანასთან" ურთიერთობით დავიწყეთ და ახლა ბუნებრივი ღვინის ასოციაციის წევრები ვართ. ისინი გვიმოწმებენ, რა სასუქს, რა შესაწამლავ საშუალებას ვიყენებთ. ხეებისთვისაც არ შეიძლება შხამქიმიკატები, თანაც თუ მათთან ახლოს არის ვენახი. ეს პროდუქტიც ჩვენთვის გვინდა და ქიმიით არ ვშხამავთ. მართალია, მოსავალი ასე უფრო ცოტა მოდის, ვიდრე ქიმიური წამლების დახმარებით მივიღებდით, მაგრამ ხარისხზე უფრო ვართ ორიენტირებული, ვიდრე რაოდენობაზე.

- დღეს აგროტურისტულ სექტორშიც ხართ ჩართული...

- კი, მარანმა მოიტანა ეს სეგმენტი, თან სტუმრების გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია და აქაურობას უკვე ბევრი სტუმარი ჰყავს, როგორც ქართველები, ასევე უცხოელები. მათ შემოსვლას კერძების დამატება დასჭირდა. სამზარეულოს პროფესიული ტექნიკა დიდ თანხებს მოითხოვს. ამას ჩვენით ვერ შევძლებდით. ამ დროს ნინო ზამბახიძე დაგვიდგა გვერდით და "ფერმერთა ასოციაციამ“ დაგვაფინანსა.

- თბილისელები ხართ, რაც უნდა კომფორტი გქონდეთ, ქალაქიდან შორს ხართ, არ გიჭირთ?

- ისედაც შეგუებული ვიყავით, რომ ოდესმე უნდა გადმოვსულიყავით, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმა მარნის გაკეთებამ გვაიძულა. მოკლედ, 2017 წლიდან აქ ვართ. პანდემიის გამო ყველაფერი რომ ჩაიკეტა თბილისში, ჩემი შვილები აქ მოსვლას ძლივს ახერხებდნენ. მერე ყველამ აქ მოვიყარეთ თავი, 5 შვილიშვილი მყავს. იმ დროს ყველას ერთად ყოფნა მნიშვნელოვანი იყო. ამ მდგომარეობით გამოწვეული სტრესი ერთად ყოფნის გამო დიდად არ უგრძნიათ.

ისე, ხალხთან ურთიერთობა ძალიან გვიყვარს, უამისოდ არ შეგვიძლია. თბილისშიც პატარა სასტუმრო გვაქვს და იქაც მუდმივი სტუმრიანობაა. ადამიანებთან საუბარი, ემოციების გაცვლა აუცილებელი რამ არის. 2021 წელს პანდემიის გამო უცხოელებისთვის დაკეტილი ვიყავით, სტუმრები მხოლოდ საქართველოდან გვყავდა, ოღონდ, შეზღუდული რაოდენობით ვიღებდით.

- მართალია, 20 წელია, ამ საქმეში ხართ, მაგრამ ნებისმიერ საქმეს ცოდნა უნდა. როგორ დაეუფლეთ ამ ყველაფერს?

- 62 წლის ვარ, მეუღლე - 70-ის, სწავლა და განათლება არც ერთ ასაკში არ არის დაგვიანებული. საჭირო კურსებიც გავიარეთ და საქმის პარალელურად სულ სწავლაში ვართ... ღვინის სკოლაშიც დავდიოდით. ახლა ჩემი მასწავლებლის კომპანიონებიც ვართ. ახალი საქმის დაწყების არ მეშინია, მთავარია, იდეა მომწონდეს და ვიცოდე, რა უნდა გავაკეთო. მერე ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვები...

- როგორც ვატყობ, სამუშაო ადგილებიც შექმენით...

- კი, ჩემთან რამდენიმე აქაური მეზობელი ახალგაზრდა ქალია დასაქმებული.

- ძალიან ლამაზი ეზო გაქვთ, ამ ადგილისთვის ცოტა განსხვავებული, დასავლურს ჰგავს...

- 30 წლის წინ აქაურობა მხოლოდ იმის გამო მომეწონა, რომ გაშლილი სივრცე იყო... ვერ ვიტან მაღალ და ჩაბეტონებულ ღობეებს. აქ მხოლოდ მწვანე ღობეები გვაქვს... ეზოც ნაძვებითა და სხვადასხვა მცენარით გავალამაზეთ. ყველაფერს ჩემი გემოვნებით ვაკეთებ.

- თქვენ ახლოს რა ტბაა?

- ეს ტბა ჯერ კიდევ კინოსტუდიის დასახლებამდე ყოფილა აქ, ჩამონაჟონი წყლით ივსება და გამდინარეა. აქაურობის სიკეთე ისიც არის, რომ წყალი სულ გვაქვს და ნარგავები და ვენახი უპრობლემოდ ირწყვება. რამდენიმე მეზობელი გავერთიანდით და ტბის გარშემო, მიწა იჯარით ავიღეთ. მიზანი ის იყო, რომ რეკრეაციული ზონა შეგვექმნა და ჩვენს ოჯახებს დასასვენებელი ადგილი ჰქონოდა.

მარნის აღორძინებისათვის მსოფლიო ბანკის პროექტით გზა დაგვიგეს. ულამაზესი ხიდიც გაგვიკეთეს. სახელმწიფოც გვეხმარება, მსოფლიო ბანკიც და აქაურებიც ვეხმარებით ბროწეულას, რომ გალამაზდეს და დამშვენდეს. ტბაში თევზებია გაშვებული, თუმცა დამატება კიდევ საჭიროა სპორტული თევზაობისთვის.

- კიდევ რის გაკეთებას აპირებთ თქვენს მამულში?

- გვსურს, აქაურობა აგროჰაბად იქცეს. მარნის თავზე ბიბლიოთეკის ტიპის შემინული სივრცეც გვინდა შევქმნათ. ჩვენთან ისედაც ბუნების მოყვარული ხალხი მოდის და გვსურს, მათზე მეტად ვიზრუნოთ.