ავტორი:

"მთელ კამპუსში მცნობდნენ, როგორც "საქართველოს მარიამს"... გაოგნებულები იყვნენ ჩემი ჩინური რეპით" - ქართველი გოგონას ჩინური თავგადასავლები და წარმატება

"მთელ კამპუსში მცნობდნენ, როგორც "საქართველოს მარიამს"... გაოგნებულები იყვნენ ჩემი ჩინური რეპით" - ქართველი გოგონას ჩინური თავგადასავლები და წარმატება

"მე მარიამ ფაცურია ვარ, 22 წლის, თბილისიდან" - ასე გაგვეცნო მარიამი, რომელიც მის მიერ ჩინეთში მიღწეულ მრავალმხრივ წარმატებებზე გვიამბობს:

- ერთ მშვენიერ დღეს, 15 წლის ასაკში სკოლაში გაკვეთილის მსვლელობისას ქართველი და ჩინელი პედაგოგები შემოვიდნენ და განაცხადეს, რომ ჩვენს სკოლაში ჩინური ენის სწავლა იწყებოდა... ამ ფაქტმა ძალიან გამახარა და ჩემში დიდი აღტაცება, ინტერესი გამოიწვია. თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტს ჩინეთიდან ჩამოჰყავდა ჩინელი პედაგოგები და თბილისის დაახლოებით 13-15 საჯარო სკოლაში იყვნენ განაწილებული. მოსწავლეები გაკვეთილების დასრულების შემდეგ, სურვილისამებრ, რჩებოდნენ და სწავლობდნენ ამ ენას, ეცნობოდნენ კულტურას, ისტორიას და ა.შ...

ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ჩინური ენა ტონალური ენაა და მათი დაცვის გარეშე შეუძლებელია ჩინელ ადამიანთან საუბარი წარმართო. პირველივე გაკვეთილზე ჩემმა ჩინელმა მასწავლებელმა - ლინგმა აღნიშნა, რომ წმინდა და კარგი ტონები მქონდა. ამ სიტყვებმა ცხადია, დიდი მოტივაცია მომცა. დავიწყე აქტიურად სწავლა და ჩემდა გასაკვირად, მალევე მივაღწიე უამრავ წარმატებას...

- ჩინეთში სასწავლებლად როდის გაემგზავრეთ?

- სწორედ სწავლის დაწყებიდან პირველივე წელს თავისუფალი უნივერსიტეტის, კონფუცის ინსტიტუტის ორგანიზებით თბილისში "ჩინური ენის ხიდის“ შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მივიღე, მეორე ადგილი მოვიპოვე და ჯერ პეკინში გავემგზავრე, შემდეგ - იუნანის პროვინციის დედაქალაქ ქუნმინგში ორი კვირით, ფინალურ კონკურსში, საქართველოს წარსადგენად. აქ ასევე იმყოფებოდნენ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის წარმომადგენლები.

ქუნმინგში პირველად მოვისმინე ავსტრალიელი მონაწილისგან ჩინური რეპი და ძალიან მოვიხიბლე. გადავწყვიტე, რომ მიუხედავად მუსიკალური განათლების არქონისა, მე შევძლებდი კიდევ უფრო უკეთ მემღერა და ყველა გამეოცებინა. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დავიწყე აქტიურად საკუთარ თავზე მუშაობა და დიდი შრომის შემდეგ შევძელი კიდეც ჩინური რეპის სწავლა, უამრავ კონკურსში მივიღე მონაწილეობა. ყველა აღფრთოვანებული იყო, რადგან ჩინური ისედაც ძალიან რთული ენაა და ჩინელების აზრით, როდესაც ამ ენაზე უცხოელი რეპავს, ეს უკვე საოცრებაა.

ამასობაში ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისურ ფილოლოგიაზე და დამატებითი სპეციალობად ავირჩიე შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების რეგიონმცოდნეობა - სინოლოგიის განხრით. თსუ-ში გავაგრძელე ჩინური ენის სწავლა, თუმცა ეს არ იყო საკმარისი (რადგან სკოლაში ჩინელი პედაგოგები 3 წელი მასწავლიდნენ ჩინურს) და პარალელურად თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტში ვსწავლობდი გაძლიერებულად. ამ ხნის განმავლობაში აქტიურად ვღებულობდი მონაწილეობას ჩინური სიტყვის გამოსვლის, ლექსის მხატვრულად წაკითხვის, იეროგლიფების წერის, სიმღერის კონკურსებში და წარმატებით ვიღებდი პირველ, მეორე ან მესამე ადგილებს.

მალევე მეორედ მივიღე მონაწილეობა როგორც სტუდენტმა "ჩინური ენის ხიდის" კონკურსში, მეორე ადგილი მოვიპოვე და ორკვირიან ბანაკში გავემგზავრე. ამავდროულად 2019 წელს მოვიპოვე ჩინეთის სამთავრობო სტიპენდია და ბანაკში ყოფნის შემდეგ გავემგზავრე დედაქალაქ პეკინში ჩინური ენის ერთწლიან კურსზე სასწავლებლად, პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში. იქ ყოფნის დროს ყოველთვის ვცდილობდი ჩემი ქვეყნის პოპულარიზაციას. უნივერსიტეტის კამპუსში სრულიად შემთხვევით ერთ-ერთ ღონისძიებაში მივიღე მონაწილეობა და ჩინურად გავრეპე. ამის შემდეგ გაკვირვებულმა ჩინელმა სტუდენტებმა შემომთავაზეს უნივერსიტეტის სიმღერის კონკურსში მონაწილეობა მიმეღო. 350-ზე მეტი ჩინელი თუ უცხოელი სტუდენტებიდან მხოლოდ 21 აგვარჩიეს და უნივერსიტეტის დარბაზში უამრავი მაყურებლის წინ გვამღერეს. მთელს კამპუსში უკვე მიცნობდნენ როგორც "საქართველოს მარიამს" და ასეც მეძახდნენ კიდეც.

მოგვიანებით მონაწილეობა მივიღე ტალანტის კონკურსში, სადაც წამყვანიც ვიყავი და მონაწილეც. ისევ და ისევ გაოგნებულები იყვნენ ჩემი ჩინური გამოთქმითა და რეპით. ყველაზე ორიგინალური პერფორმანსის ჯილდო მოვიპოვე. შემდეგ 24 დეკემბერს მონაწილეობა მივიღე ჩინური ესეების კონკურსში. 35 სტუდენტიდან ჟიურიმ აგვარჩია მხოლოდ 11 საუკეთესო კონკურსანტი და დასკვნით ღონისძიებაზე 5 წუთიანი რეგლამენტის ფარგლებში აუდიტორიის წინაშე ნაციონალური სამოსით გავედი და მოვყევი ჩემი ესსე, სადაც ვისაუბრე ხალხებს შორის მჭიდრო კომუნიკაციის მნიშვნელობაზე, ყურადღება გავამახვილე ენობრივი ბარიერის აღმოსაფხვრელად „ჩინური ენის ხიდის“ მსგავსი პროგრამების განხორციელების აუცილებლობაზე. სრულიად მოულოდნელად გამარჯვებული გამომაცხადეს: „პირველი ადგილი დაიკავა მარიამმა საქართველოდან !“. ეს ყველაფერი პეკინში ჯერ მხოლოდ 6 თვით ყოფნით მოვახერხე, შემდეგ დაიწყო პანდემია და მალევე წამოვედი საქართველოში, სწავლა ონლაინ გავაგრძელე.

- პეკინიდან წამოსვლა პანდემიის გამო მოგიხდათ?

- ეს ცალკე თავგადასავალია. ჩემი წამოსვლა ძალიან სპონტანური იყო, რადგან ჯერ კიდევ არ მჯეროდა, რომ რაღაც ვირუსი სახელად კოვიდი მთელს მსოფლიოს მოიცავდა და პანდემიას გამოიწვევდა. შევიძინე ყაზახეთის ავიახაზების ბილეთი და ზუსტად ერთ საათში ჩავალაგე ბარგი, კამპუსი დავტოვე და პეკინის აეროპორტისკენ გავეშურე. მაშინ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სტრესული 18 საათი გავატარე. ეს ყველაფერი იმით დაიწყო რომ ფრენა 2 საათით გადაიდო ყაზახეთში უამინდობის გამო, ამავდროულად სრულიად მარტო ვიყავი, თან ეს სრულიად უცნობი ვირუსი ემატებოდა ყველაფერს და ადამიანებს, ყველას ეტყობოდათ თუ როგორ ეშინოდათ ერთმანეთთან მიახლოების.

საბოლოოდ თვითმფრინავში ჩასხდომის შემდეგ ბორტგამცილებლებმა გვაცნობეს, რომ ჯერ კიდევ უამინდობა იყო ყაზახეთში და მონღოლეთის თავზე ორი საათი უნდა გვეფრინა. ამას კიდევ დაემატა ის, რომ ნურ-სულთანში ჩასვლის დროს ბორტზე ექთნები ამოვიდნენ და დაიწყეს სიცხის გაზომვა მგზავრებისთვის. აღმოჩნდა, რომ უმრავლესობას დაბალი სიცხე ჰქონდა. მე 37.5 აღმომაჩნდა და ამან საერთოდ გამანადგურა, რადგან გადაწყვეტილად ვფიქრობდი, მიუხედავად იმისა, რომ პირბადის გარეშე კონტაქტი არავისთან მქონია, ეს ვირუსი თუ შემეყარა. ამავდროულად თავს ვამშვიდებდი, რომ ყველაფერი უბრალოდ ამ ნერვიულობისა და სტრესის ბრალი იყო. ასეც აღმოჩნდა, 26 იანვარს თბილისში ჩამოსვლის დროს, როდესაც შემოწმება გავიარე, აღარ მქონდა სიცხე, თუმცა, ცხადია, 2 კვირიანი კარანტინი მაინც გავიარე. თებერვლის შუა რიცხვებიდან კი, სამწუხაროდ, უკვე საქართველოშიც ეპიდსიტუაცია გამწვავდა. 2020 წლის სექტემბერში მესამედ მივიღე მონაწილეობა საქართველოში „ჩინურის ენის ხიდის კონკურსში“, მოვიპოვე პირველი ადგილი, ხოლო შემდეგ ონლაინ წარვადგინე საქართველო, რადგან ჩინეთში წასვლა შეუძლებელი იყო.

სწავლა თსუ-ში უკვე მესამე კურსზე გავაგრძელე და ასევე მუშაობა დავიწყე თბილისის თავისუფალ სკოლაში, ჩინური ენის მასწავლებლად... აქტიურად ვუზიარებ მოსწავლეებს ჩემს გამოცდილებას, რაც მათ დიდ მოტივაციას აძლევთ. აღსანიშნავია, რომ ენის შესწავლის გარდა, ვცდილობ თვეში ერთხელ მოსწავლეები გაეცნონ ჩინურ უძველეს ისტორიას, კულტურასა და ხელოვნებას, ვუტარებ აქტივობებს: ქაღალდის ჭრის (ძიენჭი), ჩინური კვანძების (ჭუნგკუოძიე), კალიგრაფიის (შუფა), ჩინური ჭადრაკისა (სიანგცი) თუ ჩაის ცერემონიის (ჩატაო)შესახებ.

ჩემი აზრით, ამგვარი რთული ენის შესწავლისას ძალიან მნიშვნელოვანია მათი კულტურით დაინტერესებაც. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტთან. სწორედ მათ მიერ ორგანიზებულ კონკურსებში, თბილისის თავისუფალი სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით მოიპოვეს პირველი, მეორე და მესამე ადგილები, გადაეცათ ორენოვანი ჩინურ-ქართული სერტიფიკატები და პრიზები... ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ დღემდე ამ საქმიანობით ვარ დაკავებული. მინდა, ჩემმა მოსწავლეებმაც დიდ წარმატებას მიაღწიონ, გაეცნონ ამგვარ საინტერესო ენას, კულტურას და ხალხს.