ავტორი:

რატომ ისხდნენ პუტინი და მაკრონი კრემლში 4-მეტრიანი მაგიდის თავსა და ბოლოში? - Reuters-ი შეხვედრის საიდუმლო დეტალებზე წერს

რატომ ისხდნენ პუტინი და მაკრონი კრემლში 4-მეტრიანი მაგიდის თავსა და ბოლოში? - Reuters-ი შეხვედრის საიდუმლო დეტალებზე წერს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუსეთში ვიზიტისას უარი თქვა კრემლის თხოვნაზე, კოვიდ ტესტი გაეკეთებინა, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ სააგენტოს ემანუელ მაკრონის გარემოცვიდან ორმა პირმა განუცხადა.

მათი ცნობით, ამ გზით მაკრონმა რუსეთს მის დნმ-ზე წვდომის საშუალება არ მისცა. უარის გამო კი მოლაპარაკებების დროს მას რუსეთის პრეზიდენტთან მკაცრი დისტანციის დაცვა მოუწია.

სააგენტოსთან საუბარში ორივე წყარომ განაცხადა, რომ მაკრონს ორი არჩევანი ჰქონდა, ან რუსეთის ხელისუფლების მიერ "პისიარ“ ტესტის ჩატარებას დათანხმებოდა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიახლოებოდა, ან უარის შემთხვევაში, მისგან მკაცრი სოციალური დისტანცია უნდა დაეცვა.

"კარგად ვიცოდით, რომ ეს ნიშნავდა ხელის არჩამორთმევას და ამ გრძელ მაგიდასთან ჯდომას, მაგრამ ვერ დავუშვებდით, რომ მათ პრეზიდენტის დნმ-ზე წვდომა ჰქონოდათ", - განუცხადა Reuters-ს ერთ-ერთმა წყარომ.

მაკრონის გარემოცვის მეორე წყარომ დაადასტურა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა უარი თქვა რუსული "პისიარ“ ტესტის ჩატარებაზე. მისი თქმით, მაკრონმა "პისიარ“ ტესტი საფრანგეთში, რუსეთში გამგზავრებამდე გაიკეთა, მისმა ექიმმა კი რუსეთში ანტიგენის ტესტი ჩაუტარა.

Reuters-ის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კრემლის პრესსამსახურს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტების მოსკოვში გამართული შეხვედრის ამსახველმა ფოტოებმა, სადაც ვლადიმერ პუტინი და ემანუელ მაკრონი 4-მეტრიანი მაგიდის თავსა და ბოლოში სხედან, საზოგადოებაში დაბნეულობა და გაკვირვება გამოიწვია. ზოგიერთი დიპლომატისა და ექსპერტის შეფასებით, ამით პუტინმა, შესაძლოა, დიპლომატიური გზავნილი გააკეთა.