გულსატკენია იმის ხილვა, რომ საქართველო დემოკრატიიდან განდგომას აგრძელებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერზე“ წერს, რითაც ის 2021 წლის „დემოკრატიის ინდექსში“ გამოქვეყნებულ მონაცემებს ეხმიანება, სადაც საქართველოს ქულა გასულ წელთან შედარებით შემცირებულია.
„მოლდოვა, თუნდაც უკრაინა და სომხეთი უკეთეს მდგომარეობაში არიან. ოდესღაც საქართველო რეგიონში მისაბაძი მაგალითი იყო, მაგრამ ახლა ის აგრძელებს ისეთი ავტორიტარული მეზობლებისკენ დაღმასვლას, როგორიცაა რუსეთი, აზერბაიჯანი და ლუკაშენკოს ბელარუსი,“- წერს ევროპარლამენტარი.
გამოცემა Economist-ის პარტნიორი კომპანიის, The Economist Intelligence Unit-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის, „დემოკრატიის ინდექსის“ თანახმად, საქართველოს ქულა წინა წელთან შედარებით გაუარესდა და10-ქულიან სისტემაში 5.31-დან 5.12 ქულამდე შემცირდა. საქართველო 167 ქვეყანას შორის, წინა წლის მსგავსად, 91-ე პოზიციაზეა.