ავტორი:

"არძინბა უკონტროლო გახდა..." - აფხაზების ცინიკური გამოხმაურებები ინალ არძინბას ინიციატივაზე, სადაც ის რეგიონისთვის "დამკვირვებელი სახელმწიფოს" სტატუსს ითხოვს

"არძინბა უკონტროლო გახდა..." - აფხაზების ცინიკური გამოხმაურებები ინალ არძინბას ინიციატივაზე, სადაც ის რეგიონისთვის "დამკვირვებელი სახელმწიფოს" სტატუსს ითხოვს

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობამ გაერო-ს მიმართა, აფხაზეთს "დამკვირვებელი სახელმწიფოს" სტატუსი მიენიჭოს. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ მიმართვა გაერო-ს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსეი ბორისოვს მოსკოვში გამართული შეხვედრის დროს გადასცა.

აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ინალ არძინბასა და ალექსეი ბორისოვს შორის შეხვედრა რუსეთის ფედერაციაში აფხაზეთის რესპუბლიკის საელჩოში შედგა.

"შეხვედრისას არძინბამ ბორისოვს გადასცა მიმართვა გაერო-ს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშისადმი, რომელშიც აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მას მოუწოდებს, აფხაზეთის რესპუბლიკას მიენიჭოს დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსი გაეროში, რაც გაეროს გენერალური ასამბლეის დისკუსიებში მონაწილეობის საშუალებას იძლევა, - აღნიშნულია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების განცხადებაში, რომელსაც abkhaz-auto.ru ავრცელებს.

ინალ არძინბას განცხადებით, მათ სურთ, რომ მსოფლიომ გაიგოს აფხაზეთის ხმა.

"ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე კი, თავად ვისაუბრებთ..." - წერს არძინბა.

საქმე ის არის, რომ არძინბას მიმართ, თავისი ბექგრაუნდის გამო, მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ნეგატიური განწყობა აქვს. აფხაზებს ის კრემლის დავალებების უპირობო შემსრულებლად მიაჩნიათ და ყველა მის განცხადებაში დაფარულ აზრებსა და ქვეტექსტებს კითხულობენ.

აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილი ცინიკურად შეხვდა ამ ინიციატივას. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ არძინბა, უბრალოდ, თავისი რუსული დიპლომატიური კლასის დემონსტრირებას ცდილობს, რათა მოსახლეობის სიმპათია დაიმსახუროს, რომ საქმის კეთება შეუძლია და კავშირებიც აქვს.

"რასაკვირველია, კირილის კავშირები და გავლენები აქვს დუმაში და ამას გვაჩვენებს. გაეროს უნდა ველაპარაკოთ ჩვენს ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე, ოღონდ რუსეთის დახმარებით..." - წერს სოციალურ ქსელში ადგილობრივი ილია ხაჯიმბა.

"და რას იტყვის არძინბა, რომ ჩვენს ქვეყანაში მუდმივად ხდება გადატრიალებები და ასე იცვლება ხელისუფლება, რადგან აფხაზეთში როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკოსები სუსტები არიან. და რატომ ფიქრობს, რომ ჩვენი მოსმენა მოუნდებათ?" - კითხულობს მანუჩარ ცუგბა აფხაზური მედიის მიერ მომზადებული პუბლიკაციის კომენტარებში.

"მხოლოდ დღეს გუდაუთის კოვიდ-ჰოსპიტალში რვა ადამიანი გარდაიცვალა, ვაქცინა შემოაქვთ, მაგრამ არავინ იკეთებს, არც უბრალო მოსახლეობა, არც ჩინოვნიკები, იმიტომ, რომ ხედავენ რა ხდება რუსეთში... ვერ დაიცვა რუსულმა "სპუტნიკმა" ხალხი ვირუსისგან. ამაზე გველაპარაკეთ და კიდევ იმაზე, მოსახლეობა თავისი მიზერული შემოსავლის 80%-ს საკვებში რომ ხარჯავს, ისე გავძირდა ყველაფერი.

ზღაპრები არ გვაინტერესებს. გასაგებია, რომ არძინბა უკონტროლო გახდა და საპრეზიდენტო პიარ-კამპანია აქვს გაჩაღებული, გვინახავს და ახლაც ვხედავთ რუსულ კაგებეში დაგეშილ აგენტებს, სასულიერო პირი იქნება, პოლიტიკოსი, სპორტსმენი თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. დავიღალეთ. ხალხს შია, სცივა და ამ უმძიმეს სოციალურ ფონზე ერთმანეთს ესვრიან" - წერს სოხუმელი ლეილა ლაკრბა.

"გაეროს ყველა დოკუმენტში აფხაზეთი საქართველოს ნაწილად არის წარმოდგენილი. ასე რომ, ვიდრე სტატუს-კვო არ შეიცვლება, დამკვირვებელი სახელმწოფოს სტატუსსაც არ მოგვცემენ... ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოსთან საუბრისას უნდა მიაღწიოთ იმას, რომ აფხაზეთს პოლიტიკური სტატუსი ჰქონდეს - ეს იქნება კომპრომისული ნაბიჯი მისი მხრიდან" - ურჩევს სერგეი დუშკინი.

"გულისტკივილით უნდა შეგახსენოთ, რომ არძინბა ვერ ქმნის დიდ პოლიტიკას, ის შემსრულებელია და საჩვენოდ არა... პოლიტიკა კი, დიდი ხანია შოუს დაემსგავსა. პუტინი და ნატოც კი შეთანხმებულად მოქმედებენ. არძინბა აღზარდეს იმ იდეოლოგიით, რომ რუსეთის გარეშე სამყარო დაიღუპება, მას ყველგან მშვიდობა შეაქვს. ჩვენ მადლობელი ვართ მათი, მაგრამ მეგობრობას უფროსობად ნუ გადაგვიქცევენ. თითქოს ჩვენც ამაში გვაჯერებენ, ხან მარტო ხან ჩვენს მღვდელმთავართან ერთად. დავიჯერებთ თუ არა, ჩვენი საქმეა..." - წერს კარლო კუცია.