ავტორი:

აშშ-ის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი რამდენიმე დღეში უკრაინაში შეჭრას გეგმავს - "დაიწყება საჰაერო დაბომბვებით და სარაკეტო თავდასხმებით"

აშშ-ის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი რამდენიმე დღეში უკრაინაში შეჭრას გეგმავს - "დაიწყება საჰაერო დაბომბვებით და სარაკეტო თავდასხმებით"

ამერიკის შეერთებული შტატები აცხადებს, რომ უახლოეს რამდენიმე დღეში უკრაინაში რუსეთის შეჭრის მკაფიო შესაძლებლობა არსებობს და უკრაინაში მცხოვრებ ამერიკის მოქალაქეებს 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

დიპლომატიური წყაროს ცნობით, ჯო ბაიდენმა ნატოსა და ევროკავშირის ლიდერებს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი უახლოეს რამდენიმე დღეში უკრაინაში შეჭრას გეგმავს, თუმცა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის ინფორმაციით, "საბოლოო ბრძანება“ პუტინს ჯერ არ გაუცია.

„მე ვიტყვი, რომ ის, თუ როგორ მოახდინა ძალების მობილიზება და განალაგა ისინი, სხვა ინდიკატორებთან ერთად, რომლებიც ჩვენ დავაგროვეთ დაზვერვის საშუალებით, ცხადყოფს ჩვენთვის, რომ არსებობს ძალიან მკაფიო შესაძლებლობა, რუსეთმა აირჩიოს სამხედრო მოქმედება. ასევე არსებობს საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ეს შეიძლება მოხდეს გონივრულად სწრაფ ვადებში“, - განაცხადა სალივანმა.

მისი თქმით, ზუსტი დღისა და საათის განსაზღვრა არ შეუძლიათ, თუმცა აქვთ ინფორმაცია, რომ შეჭრა შესაძლოა ოლიმპიური თამაშების დასრულებამდე, 20 თებერვლამდე განხორციელდეს.

"ჩვენ არ შეგვიძლია ზუსტად განვსაზღვროთ დღე, და ჩვენ არ შეგვიძლია ზუსტად განვსაზღვროთ საათი, მაგრამ რაც შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ არის სანდო პერსპექტივა იმისა, რომ რუსული სამხედრო მოქმედება განხორციელდება ოლიმპიადის დასრულებამდე“, - დასძინა სალივანმა.

ჯეიკ სალივანის განცხადებით, ამერიკელ მოქალაქეებს უკრაინის ტერიტორიის დასატოვებლად ორი დღე აქვთ.

„თუ თქვენ დარჩებით, თქვენ იღებთ რისკს, გარანტიის გარეშე, რომ იქნება სხვა შესაძლებლობა ქვეყნის დატოვებისა და არ არსებობს აშშ-ის სამხედრო ევაკუაციის პერსპექტივა რუსეთის შემოჭრის შემთხვევაში.

თუკი რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე განხორციელდება, სავარაუდოდ, დაიწყება საჰაერო დაბომბვებით და სარაკეტო თავდასხმებით, რასაც შეიძლება ემსხვერპლოს მშვიდობიანი მოსახლეობა. შემდგომ სახმელეთო შეჭრა განხორციელდება მასიური ძალების შეტევით პრაქტიკულად შეუმჩნევლად. გამგზავრებისთვის კომუნიკაციები შეიძლება შეფერხდეს და კომერციული ტრანზიტი შეჩერდეს", - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა.

თეთრი სახლის განცხადებით, ბაიდენმა თეთრ სახლში გამართული საგანგებო შეხვედრის შემდეგ ტრანსატლანტიკურ ლიდერებს დაურეკა, რათა განეხილათ საერთო შეშფოთება უკრაინის საზღვარზე რუსეთის ჯარების მობილიზების შესახებ და ესაუბრათ დიპლომატიის და შეკავების კუთხით განგრძობად კოორდინაციაზე.

წყაროს ცნობით, შეერთებულმა შტატებმა მოითხოვა სასწრაფოდ დაკავშირება ნატოს მოკავშირეებთან და ევროკავშირის საბჭოსა და კომისიის ხელმძღვანელებთან დაზვერვის ახალი ინფორმაციების გასაზიარებლად.