მე, ირაკლი კობახიძე და მეორე მხარეს სააკაშვილი ვერ შევრიგდებით, ვერც წარსულზე ვერ შევთანხმდებით,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, პრეზიდენტი გასული წლების სწორად შეფასებასა და დასკვნების გაკეთებაზე საუბრობს.
ამასთან, მდინარაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი შერიგების საკითხის "ავტორი" არ არის და ჟურნალისტებს კითხვით მიმართა, საერთო ნარატივზე რატომ ვერ ჩამოყალიბდნენ.
„რატომ ვერ ჩამოყალიბდით საერთო ნარატივზე? რატომ წევთ წინ შერიგების და ვირტუალური თანხმობის ნარატივს, რომელიც დღის წესრიგში მის „ავტორს“ არ დაუყენებია. საქართველოს პრეზიდენტი ამის ავტორი არ არის. ის სხვა თემაზე საუბრობს, თქვენ სხვა თემაზე. არ მგონია, ეს სწორი იყოს. ის ადამიანი ჩვენც გვესაუბრა, მეც ვიყავი ერთ-ერთ შეხვედრის მონაწილე და განაცხადა, რომ გასული წლები სწორად უნდა შევაფასოთ, დასკვნები გამოვიტანოთ, მსგავსი საუბრები გვქონდა. თქვენ ამბობთ ეროვნულ თანხმობას და შერიგებას. მე, ირაკლი კობახიძე და მეორე მხარეს სააკაშვილი ვერ შევრიგდებით და ვერც წარსულზე ვერ შევთანხმდებით. შეიძლება საქართველოს პრეზიდენტს ისეთი განზრახვა ჰქონდეს, რაც საერთო გადაწყვეტის საკითხი იყოს. უფრო ზუსტად, საერთო შეფასებები ყველას შეიძლება ჰქონდეს. თუ წარსულთან მიმართებაში ასეთი გადაკვეთის წერტილები იქნება კარგია, მაგრამ შერიგება და მსგავსი საკითხები არ ყოფილა“,- მიმართა ჟურნალისტებს მდინარაძემ.