უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინელებს მოუწოდა, რუსეთის შესაძლო შეჭრის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო პანიკაში არ ჩაცვივდნენ.
მისი თქმით, უკრაინა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ სამხედროებსა და მოქალაქეებს უნდა დაეყრდნოს და ნებისმიერ დღეს მზად იყოს. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, საინფორმაციო სივრცეში რუსეთის შეჭრის შესახებ უამრავი განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება, რაც ჯერჯერობით მხოლოდ პანიკას იწვევს.
„ჩვენს ქვეყანაში პანიკა ჩვენი მტრის საუკეთესო მეგობარია,“- აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი გზა მხოლოდ დიპლომატიაა.
"ჩვენ ვმუშაობთ დიპლომატიურ დონეზე, ყოველდღიურად ვუკავშირდებით სხვადასხვა სახელმწიფოს ხელმძღვანელობას, სხვადასხვა ლიდერს, რადგან მიგვაჩნია, რომ დიპლომატიური გზა დეესკალაციისა და დეოკუპაციის ერთადერთი გზაა", - აღნიშნა ზელენსკიმ.