"უკრაინაში ვიზიტს არ ვაპირებ", - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.ამასთან, მისი შეფასებით, ძალიან შემაშფოთებელია ის მდგომარეობა და ტენდენცია, რაც უკრაინაში ხდება.
როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, საქართველო ყურადღებით აკვირდება უკრაინაში არსებულ სიტუაციას და ამა თუ იმ გადაწყვეტილებას შესაბამისად მიიღებს.
"უკრაინაში ვიზიტს არ ვაპირებ. ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს და იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებთ. მოვლენების განვითარებისამებრ მივიღებთ გადაწყვეტილებას ნებისმიერ ნაბიჯთან დაკავშირებით, იქნება ეს ვიზიტი თუ განცხადება. ჩვენ რეზოლუციით ძალიან ხმამაღალი პოზიცია გამოვხატეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მათი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება.
„გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტომ განცხადება გაავრცელა, მათ შორის მიმართა მოქალაქეებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს საჭიროების შემთხვევაში ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. აქაც დავაკვირდებით ყოველდღიურად მოვლენებს და ამის მიხედვით გადაიდგმება ნაბიჯი“, - განაცხადა კობახიძემ.