ავტორი:

2008 წელი. თბილისი. ლეხ კაჩინსკი: "დღეს აგრესიის მსხვერპლი საქართველოა, ხვალ იქნება უკრაინა, შემდეგ ბალტიისპირეთი და ბოლოს პოლონეთის დროც დადგება“

2008 წელი. თბილისი. ლეხ კაჩინსკი: "დღეს აგრესიის მსხვერპლი საქართველოა, ხვალ იქნება უკრაინა, შემდეგ ბალტიისპირეთი და ბოლოს პოლონეთის დროც დადგება“

პოლონეთის რადიოსადგურის "პოლსკიე რადიო-24“-ს (Polskie Radio-24) ვებგვერდზე გამოქვეყნებულია სტატია, სათაურით: "თბილისში ლეხ კაჩინსკის მიერ გაკეთებული განცხადება წინასწარმეტყველური გამოდგა“, რომელშიც ლაპარაკია ამერიკულ გაზეთ "უოლ-სთრით ჯორნელში“ დაბეჭდილ პუბლიკაციაზე.

"თუ დასავლეთი არ მოუსმენს პოლონეთის მოწოდებებს რუსეთისადმი მკაცრი პასუხის გაცემის შესახებ, კრემლს შეუძლია უკრაინის აგრესიის შემდეგ მომდევნო მსხვერპლი შეარჩიოს“, - წერს "უოლ-სთრით ჯორნელის“ მიმომხილველი ადამ ო’ნილი, რომელიც თბილისში, 2008 წლის აგვისტოში პოლონეთის აწ უკვე გარდაცვლილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის გამოსვლას იხსენებს.

როგორც ავტორი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთის ხელისუფლების მიერ გამოხატულ პოზიციას რუსეთის მიმართ ზოგჯერ "პანიკურობის სუნი ასდის“, ზოგადად პოლონელები მართლები იყვნენ თავიანთი დიდი მეზობლის მიმართ დამოკიდებულებაში. ადამ ო’ნილი წერს, რომ რუსეთ-საქართველოს ომის მძიმე დღეებში თბილისში სოლიდარობის მიზნით ჩასული ლეხ კაჩინსკი ქართველების წინაშე გამოვიდა და თქვა: "ჩვენ კარგად ვიცით, რომ დღეს აგრესიის მსხვერპლი არის საქართველო, ხვალ იქნება უკრაინა, შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები და ბოლოს ჩემი ქვეყნის - პოლონეთის დროც დადგება“.

"ლეხ კაჩინსკის მიერ თბილისში წარმოთქმული წინასწარმეტყველური გაფრთხილება დღესაც უდაო ჭეშმარიტებად რჩება“, - წერს მიმომხილველი.

ადამ ო’ნილი ასევე ციტირებს პოლონელი ოფიციალური პირების გამონათქვამებს, რომელთა მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის რეაქცია რუსეთის მოთხოვნებზე ნატოს მიმართ სწორი იყო, ზოგიერთი ნატოელი მოკავშირის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ "ორაზროვანია“. ავტორს მხედველობაში აქვს უპირატესად გერმანიის ხელისუფლების პოზიცია მოსკოვის პოლიტიკის მიმართ.

"სწორედ ამიტომ, როცა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებში მოსკოვის მიმართ ასეთი "ორაზროვანი“ დამოკიდებულება არსებობს, დასავლეთმა ყური უნდა მიუგდოს ნატოს მტკიცე წევრის - პოლონეთის მოწოდებებს რუსეთის წინააღმდეგ შედარებით უფრო ხისტი პოზიციის გამოვლენის თაობაზე“, - აღნიშნულია სტატიაში.

ჟურნალისტი იმოწმებს ნატოს ანონიმური წარმომადგენლის თვალსაზრისს, რომლის თანახმად, რუსეთმა შეიძლება ნატოს ერთ-ერთი წევრის წინააღმდეგ დაძაბულობის ესკალაცია მოახდინოს, "რაც, ალბათ, უფრო მალე მოხდება, ვიდრე გვიან“.

"იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთის სამხედრო აგრესია მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ იქნება მიმართული, ჩვენ მაინც უნდა გავითვალისწინოთ, რომ კრემლის კიბერშეტევებს ნატოს მოკავშირეების მიმართაც განახორციელებს, მაგალითად, პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების წინააღმდეგ, ყურადღების გადატანის მიზნით ან გაფრთხილებისათვის - არ ჩაერიოთ უკრაინის საქმეებშიო“, - ამბობს "უოლ სთრით ჯორნელის“ ჟურნალისტთან მოსაუბრე. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ