15 წლის რუსი მოციგურავე კამილა ვალიევა პეკინის ოლიმპიადაზე ასპარეზობას განაგრძობს, მაგრამ მისი ოქროს მედლით დაჯილდოვება კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა.
სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა (IOC) და მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) აპელაცია. რუსეთის მოციგურავე 15 თებერვალს მონაწილეობას მიიღებს პეკინის ოლიმპიადის ერთეულთა ტურნირში.
IOC და WADA შეჯიბრებებიდან ვალიევას მოხსნას ითხოვდნენ იმის გამო, რომ მის სადოპინგო სინჯში, რომელიც პეკინის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე აუღეს, აღმოჩნდა აკრძალული პრეპარატი ტრიმეტაზიდინი.
კვირას სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ ონლაინრეჟიმში დახურულ ფორმატში ჩაატარა სხდომა, რომელიც შვიდ საათს გაგრძელდა.
სასამართლომ გადაწყვიტა, ვალიევა დაუშვას ერთეულთა ტურნირზე იმის გამო, რომ ის „დაცული პირია“, ვინაიდან არასრულწლოვანია. ეს სტატუსი კრძალავს ტურნირებიდან დროებით მოხსნას. სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლის აკრძალვა ვალიევას გამოუსწორებელ ზიანს მოუტანს. სპორტულმა არბიტრაჟმა ასევე მიუთითა "სერიოზულ პრობლემებზე“ იმასთან დაკავშირებით, რომ სპორტსმენს დროულად არ შეატყობინეს დოპინგის ტესტის შედეგები.
სასამართლოს ვალიევას დოპინგის ტესტის საკითხი არ განუხილავს არსებითად, ანუ, შესაძლოა, საქმის განხილვა ოლიმპიადის შემდეგ გაგრძელდეს.
ვალიევას სინჯი 25 დეკემბერს აუღეს, მაგრამ ანალიზის შედეგის შესახებ მხოლოდ 8 თებერვალს გახდა ცნობილი მას მერე, რაც სპორტსმენმა რუსეთის გუნდის შემადგენლობაში ოქროს მედალი მოიპოვა გუნდურ შეჯიბრებებში.
ასევე ცნობილი გახდა, რომ კამილა ვალიევა პეკინის ოლიმპიადაზე არცერთ დაჯილდოვებაში არ მიიღებს მონაწილეობას. საქმე იმაშია, რომ თინეიჯერ სპორტსმენს ნარკოტესტის ჩაბარებისას, ტრიმეტაზედინი აღმოაჩნდა სისხლში, რაც სტენოკარდიის პრევენციის მედიკამენტია და მისი გამოყენება არაა ნებადართული.
ვალიევამ უკვე მოიპვა რუსეთის მოციგურავეთა გუნდთან ერთად, ოქრო მედალი, თუმცა რაც შეეხება დაჯილდოვების ცერემონიალს, ის არ შემდგარა და არც მომავალშია დაგეგმილი, ვიდრე სრული გამოძიება არ ჩატარდება. IOC-ის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ვალიევა ინდივიდუალურ შეჯიბრებაშიც პირველ სამეულში მოხვდება - არ გაიმართება არც ყვავილების და არც მედლების გადაცემის ცერემონიალი. "როგორც კი ქალბატონი ვალიევას საქმე დაიხურება, მედლებით დაჯილდოვების ცერემონია ჩატარდება", - აცხადებენ მსოფლიო ოლიმპიურ კომიტეტში.
კრიტიკოსები საარბიტრაჟო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილონი არიან და კითხულობენ, რატომ ეძლევა სპორტსმენს, რომელმაც ვერ ჩააბარა ნარკოტესტი, მსოფლიოს უდიდეს სცენაზე ასპარეზობის უფლება. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ტესტის დაგვიანებულმა შედეგებმა დიდი როლი ითამაშა სასამართლოს გადაწყვეტილებაში: "ასეთი დაგვიანებული შეტყობინება 15 წლის სპორტსმენის ბრალი არ იყო".
წყარო: bbc
მოამზადა ანა სიბოშვილმა