ავტორი:

"ისტორია მეორდება, 90-იანი წლების დასაწყისშიც ასე შემიწყვიტეს უფლებამოსილება" - ბადრი ჯაფარიძე

"ისტორია მეორდება, 90-იანი წლების დასაწყისშიც ასე შემიწყვიტეს უფლებამოსილება" - ბადრი ჯაფარიძე

მგონი ისტორია მეორდება, 90-იანი წლების დასაწყისშიც ასე შემიწყვიტეს უფლებამოსილება. დაველოდოთ კენჭისყრას, მაინტერესებს ის კოლეგები, რომლებიც ხმას მისცემენ ამ უკანონო და აბსურდულ გადაწყვეტილებას,- ამის შესახებ პარლამენტში მისულმა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძის შეფასებით, მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის პროცესი არის პოლიტიკური დევნის გაგრძელება, რომელიც 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობს.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, სამომავლო გეგმებზე პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის შემდეგ ისაუბრებს.

„მგონი, ისტორია მეორდება, 90-იანი წლების დასაწყისშიც ასე შემიწყვიტეს უფლებამოსილება. ვნახოთ, დაველოდოთ კენჭისყრას, მე მაინტერესებს, რა თქმა უნდა, ის კოლეგები, რომლებიც ხმას მისცემენ ამ უკანონო და აბსურდულ გადაწყვეტილებას და შესაბამისად, როდესაც იქნება კენჭისყრა, ამის შემდეგ მოგახსენებთ შემდგომ გეგმებთან დაკავშირებით.

რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური დევნის გაგრძელება. ეს მიმდინარეობს უკვე 3 წელიწადზე მეტია. ჩვენ ვართ მშვიდად, ჩვენ ვართ მტკიცედ, შესაბამისად, დაველოდებით კენჭისყრას. მე დავესწრები კენჭისყრას სასესიო დარბაზში.

დღევანდელ საქართველოში ყველაფერი მოსალოდნელია, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ესეც მოსალოდნელი იყო, რამდენადაც სხვა მხრივ პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, როგორც ჩანს, მათ განზრახული არც ჰქონდათ და ეს იგრძნობოდა კიდეც იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც მოსამართლეს დააწერინეს. შესაბამისად, ეს არის პოლიტიკური დევნის გაგრძელება,“- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, დღეს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის ბადრი ჯაფარიძისთვის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის პროცედურაზე დადგება.