ავტორი:

"ტკივილიანი გულით მიდის... ასეთი კაცები ისედაც აკლია დღეს ქვეყანას და ვინც გვყავს, ისინიც მიდიან" - პოეტი ტარიელ ხარხელაური უახლოეს მეგობარს თამაზ მეჭიაურს იხსენებს

"ტკივილიანი გულით მიდის... ასეთი კაცები ისედაც აკლია დღეს ქვეყანას და ვინც გვყავს, ისინიც მიდიან" - პოეტი ტარიელ ხარხელაური უახლოეს მეგობარს თამაზ მეჭიაურს იხსენებს

ცნობილი პოლიტიკოსი, არაერთგზის პარლამენტარი თამაზ მეჭიაური დღეს, 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. პოლიტიკოსი ბოლო ორი კვირა კორონავირუსს ებრძოდა, კლინიკაში გადაყვანის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პოლიტიკოსს უამრავი მეგობარი ჰყავდა, თუმცა მათ შორის გახლდათ პოეტი ტარიელ ხარხელაური. სწორედ მას ვთხოვეთ გაეხსენებინა ბოლო შეხვედრა საუკეთესო მეგობართან...

ტარიელ ხარხელაური:

- თამაზ მეჭიაურზე მარტო ერთი დღითა და ერთი შეხვედრით ვერ ილაპარაკებ. თავისი ცხოვრების წესით ის მუდამ სავსე იყო სიკეთითა და სიყვარულით, რომელიც ასე სჭირდებოდა, როგორც ჩემნაირ ხალხს, ისე ქვეყანას. ასეთი კაცები ისედაც აკლია დღეს ქვეყანას და ვინც გვყავს, ისინიც მიდიან. როგორ შეიძლებოდა, თამაზ მეჭიაურს ასე უცებ გაეხურა წუთისოფლის კარი, ის ჩვენ გვჭირდებოდა.

ყველაზე მეტად ის მტკივა, ბოლო ხანებში თიანელებმა რომ დავწყვიტეთ გული. ვერც ბოდიში მოვუხადე თამაზ მეჭიაურს ამის გამო, მეც თიანელი ვარ და ამ გულისდამწყვეტთა შორის ალბათ მეც ვითვლები.

ტკივილიანი გულით მიდის. ახლა გამახსენდა ალექსანდრე ყაზბეგის გარდაცვალების გამო ნათქვამი ვაჟას სიტყვები: "შვილო, ტანჯულის ქვეყნისავ, სული დაჰლიე ტანჯვითა, მიუხვალ მამა-პაპათა ამოღებულის ხანჯრითა...“

ასეთი კაცები მიდიან მამა-პაპასთან ამოღებული ხანჯლით. არც ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლისთვის აურიდებია თავი და არც ადამიანებთან ურთიერთობებისთვის.

- ბატონო ტარიელ, ბოლოს როდის შეხვდით თამაზ მეჭიაურს, რაზე ისაუბრეთ?

- 25 იანვარს, მიხა ხელაშვილის საღამო იყო, ჩარგალში შევხვდით. არ ჩანდა მასში სიკვდილი, ყველგან შეიძლება დაინახო სიკვდილი, მაგრამ ასეთ კაცებში ვერ დაინახავ, როდესაც წუთისოფელში დადიან. ამიტომ არის თავზარდამცემი ასეთი კაცების წასვლა წუთისოფლიდან.

- გამორჩეული ურთიერთობა გქონდათ...

- 1976 წელს, როცა პირველად დაიბეჭდა ჩემი ლექსები, თამაზი მაშინ სტუდენტი იყო და ჩემს გვერდით იდგა. არასოდეს გამომცლია გვერდიდან, ლხინისა თუ მწუხარების დროს. ის ჩემი ერთ-ერთი დიდი საყრდენი იყო. ახლა იცით, როგორ ვგრძნობ თავს, როგორც დაცარიელებულ წუთისოფელში. იცი, შენ უნდა გახვიდე მათზე ადრე და ამ დროს, შენზე წინ მიდიან ისინი, ვინც აქ უნდა რჩებოდნენ... იცით, როგორ ვარ, თითქოს იმედი ჩამომეშალა...