ავტორი:

"შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს შეურაცხადი არ ყოფილა" - რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში?

"შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს შეურაცხადი არ ყოფილა" - რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში?

ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში ბრალდებული რაფაელ მურსაკულოვი დანაშაულის ჩადენის დროს შეურაცხადი არ ყოფილა.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნას წარადგენს, რომლის მიხედვითაც მურსაკულოვს ფსიქიკური პრობლემები არ აქვს და დანაშაულის ჩადენის დროს შერაცხადი არ იყო, შესაბამისად, აღნიშნულთან დაკავშირებით კითხვები აღარ არის.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე სავარაუდოდ, ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.

ცნობისთვის, ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი გასული წლის 30 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა რაფაელ მურსაკულოვი დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით), 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; ანგარებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არსებული ინფორმაციით, რაფაელ მურსაკულოვი წარსულშიც ნასამართლევი იყო, მას ქურდობას ედავებოდნენ.