დღეს ქართული ფსიქიატრიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ლეგანდარული ავლიპ ზურაბაშვილის დაბადებიდან 120 წელი შესრულდა.
მისი გამოჩენა საზოგადოებაში ყოველთვის დიდ ხალისს იწვევდა. გარდა იმისა, რომ ის თავისი საქმის პროფესიონალი იყო, კარგი იუმორის პატრონიც გახლდათ. მისი პიროვნება ჩვენს საზოგადოებაში დღემდე დიდ ინტერესს იწვევს. ლეგენდად ქცეული ისტორიები გამოჩენილი მეცნიერის მოღვაწეობიდან კვლავ პოპულარობით სარგებლობს.
ერთხელ ჰკითხეს თურმე, რამდენი ფსიქიატრიული დაწესებულება არსებობს საქართველოშიო? - ორი - სტაციონარული და მოძრავიო, - უპასუხა. მოძრავი რომელიღააო. მატარებელი "მახარაძე-თბილისი!“ - უპასუხია დიდ მეცნიერს.
ავლიპ ზურაბაშვილი 1902 წლის 15 თებერვალს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში დაიბადა. მისი პროფესიული მოღვაწეობა ძალზედ მრავალფეროვანი და მდიდარია.
მისი გამოკვლევები ძირითადად შეეხება კლინიკური ფსიქიატრიისა და ნეირომორფოლოგიის საკითხებს. სამეცნიერო მოღვაწეობის პირველ ნახევარში იკვლევდა ადამიანთა და ცხოველთა ცენტრალური ნერვული სისტემის სტრუქტურას. მნიშვნელოვანია ავლიპ ზურაბაშვილის გამოკვლევები ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიის შესახებ. კლინიკურ-ფსიქოპათოლოგიურად შეისწავლა რეაქტიული შიზოფრენიის მაგვარი მდგომარეობები. ზურაბაშვილის დებულებამ შიზოფრენიის შესახებ დიდი გამოხმაურება ჰპოვა უცხოეთის არაერთ ქვეყანაში.
როგორ აირჩია ქართველი ხალხის სულის მკურნალის რთული გზა ავლიპ ზურაბაშვილმა - ამის შესახებ საინტერესო ისტორიას უყვება სამედიცინო ჟურნალ "ავერსს" ავლიპ ზურაბაშვილის შვილი ზურაბ ზურაბაშვილი:
"სასწავლებლის დასრულების შემდეგ ავლიპი ზურაბაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მისი თანაკურსელები იყვნენ ცნობილი მათემატიკოსები ანდრია რაზმაძე და ნიკო მუსხელიშვილი. ავლიპიმ მათთან ერთად ორი წელი ისწავლა, მერე კი მოულოდნელად ექიმობა გადაწყვიტა. ნიკო მუსხელიშვილი, რამდენჯერაც შეხვდებოდა, მეგობრულად საყვედურობდა, რატომ მიგვატოვე, შენი სახით საქართველომ შესანიშნავი მათემატიკოსი დაკარგაო. პროფესიის შეცვლის მიზეზად ერთი ამბავი ქცეულა, რომელიც უნივერსიტეტიდან სოფელში ჩასულ ავლიპის გადახდენია თავს: ქიზიყში შემოდგომაზე ცოცხს ტეხდნენ. მამას უფიქრია, წავალ, ოჯახს ცოცხის ტეხაში მივეხმარებიო. ბოდბისხევიდან ალაზნის ველისკენ ცხენით მიმავალს გზად ორი შეიარაღებული კაცი გადაჰყრია და ცხენის წართმევა დაუპირებიათ. მამას უთქვამს: სტუდენტი ვარ, ყველაფერს ვაკეთებ, რომ კარგად ვისწავლო და სამშობლოს გამოვადგე, თუ ცხენს წამართმევთ, შინ ვეღარ წავალო. ყაჩაღებს შესცოდებიათ და აღარ წაურთმევიათ ცხენი. ამ შემთხვევის შემდეგ ავლიპის გადაუწყვეტია, ისეთი პროფესია შეეძინა, რომლითაც ხალხს უფრო მეტად გამოადგებოდა. იგი სწორედ ამ შემთხვევას იხსენებდა როგორც ბიძგს, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება შეცვალა. რაც შეეხება ფსიქიატრიის არჩევას, ამაში ბედისწერის ხელიც ურევია. სამედიცინო ინსტიტუტის მეოთხე კურსზე ავლიპიმ შემთხვევით გაიგო, რომ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სანიტრის ადგილი იყო და სამუშაოდ მივიდა. ბატონი ზურაბი ამბობს, რომ მამამისმა ყველაზე დაბალი საფეხურიდან დაიწყო და დიდი შრომითა და მონდომებით მიაღწია ყველაზე მაღალს, ცნობილი ფსიქიატრი გახდა და საქვეყნოდ გაითქვა სახელი", - იხსენებს ზურაბ ზურაბაშვილი.
34 წლის ასაკში დაოჯახდა. მისი მეუღლე შვედი ჰელენა ლუნდი გახლდათ. გამოჩენილი მეცნიერის შვილიშვილი, ასევე ფსიქიატრი, დავით ზურაბაშვილი, ამბობს, რომ პაპას იმიჯზე სწორედ მისი შვედი მეუღლე ზრუნავდა. მან მეუღლე პეტერბურგში გაიცნო. ჰელენა მოკრძალებული და ძალიან მზრუნველი ქალბატონი ყოფილა.
მისი შვილიშვილი დავით ზურაბაშვილი იხსენებს:
"დიდედა, როგორც ბავშვები ვეძახდით ჩვენს შვედ ბებიას, საკმაოდ ლამაზი ქალი იყო. ხშირად გვიყვებოდა თავისი ცხოვრებიდან საინტერესო ეპიზოდებს. 15-16 წლისას, თურმე, აბსოლუტურად სხვა ამბიციები ჰქონდა. ჭკვიანი, მაგრამ, რომელიღაც სოფლიდან ჩამოსული ბიჭი სულაც არ იყო მისი ოცნების მამაკაცი. დიდედა იყო ძველი, განკულაკებული ოჯახიდან. პეტერბურგში დიდი სასახლე ჰქონდათ, მაღალი წრის წარმომადგენლებად ითვლებოდნენ. ძმა ნობელის ძალიან ახლო მეგობარი იყო - ერთად იზრდებოდნენ. დიდედას უმაღლესი არ ჰქონდა დამთავრებული, თუმცა, თავისთავად, კარგად ფლობდა რუსულს, გერმანულს, ინგლისურს. არ არსებობდა ლიტერატურა, რაზეც არ ისაუბრებდა და, ამ ყველაფრის ფონზე, ჩამოდის ბიჭი სადღაც კახეთიდან, მატერიალურად საკმაოდ გაჭირვებული (ის პეტერბურგში ბავშვებსაც კი ამზადებდა, რომ ლუკმაპურის ფული ჰქონოდა) და, აი, ასეთ კაცს მიჰყვება ცოლად. რევოლუციის დროს ძალიან გაუჭირდათ. სახლი ჩამოართვეს და ერთი ოთახი მისცეს საცხოვრებლად. ერთხელ დიდედამ ერთი ასეთი ამბავი მოგვიყვა: "ძალიან ცელქი ვიყავი. სკოლაში რომ მივდიოდი, ხიდით კი არ გადავდიოდი, გაყინულ მდინარეზე გადავრბოდი. რამდენჯერ ყინულიც ჩატეხილა. ერთხელ, სკოლაში გავრბივარ. ბოშა მომიახლოვდა და მითხრა, გიმკითხავებო. ხელი რომ გავუწოდე, მითხრა: ცოლად მგელს გაჰყვები, მასთან ერთად ძალიან ლამაზ ცხოვრებას გაივლი, მთელი ცხოვრება ყავას დალევ და "ბულკს“ შეჭამო. რასაკვირველია, ამაზე გამეცინა. ვიფიქრე, ან მგელს რატომ უნდა გავყვე ცოლად, როცა სულ სხვა რაღაცეებზე ვოცნებობ, ან, ეს ყავა და "ბულკი“ რაღაა-მეთქი. გავიდა დრო და გამოჩნდა საკმაოდ სიმპათიური ადამიანი, რომელმაც ხელი მთხოვა. ამ ბოშა ქალის სიტყვები გამახსენდა, ჩავთვალე, რომ ეს არის "მგელი“ და უარით გავისტუმრე. გავიდა რაღაც პერიოდი და გავიცანი ავლიპი. საუბრისას ვკითხე, შენი სახელი რას ნიშნავს-მეთქი. მგელსო, - მიპასუხა (ლათინურად "აულიუს ლუპუს“ მგელს ნიშნავს, - ავტორი). მერე მივხვდი, რომ ბედს ვერსად გაექცევი.“ დიდედა საოცარი ქალი იყო, ექვსი საათის შემდეგ არ ჭამდა, რომ წონაში არ მოემატა. თავს უვლიდა, ყოველთვის გამხდარი და მოხდენილი იყო... პაპას ცხოვრების დიდი სიყვარული და ერთადერთი ქალი დიდედა იყო, რომელიც არასდროს გვინახავს საოჯახო ხალათში, მოუწესრიგებელი. სახლშიც სულ ფორმაში იყო, ამიტომ, ყოველთვის საინტერესო იყო პაპასთვის. ერთად დაახლოებით 70 წელი იცხოვრეს. საოცრად ჰარმონიული ტანდემი ჰქონდათ. როდესაც პაპას რაიმე იდეა დაებადებოდა, ბებოს უზიარებდა. ისიც ყველაფერს ინიშნავდა, იწერდა, შემდეგ ამაზე მუშაობდა. ყოველგვარ საქმეში ეხმარებოდა, ასე რომ, პაპას წარმატება დიდწილად მისი მეუღლის დამსახურებაცაა.". წყარო
ცნობლია, რომ ავლიპ ზურაბაშვილის პაციენტთა შორის ბევრი ცნობილი ადამიანიც იყო, თუმცა ფსიქიატრი თავის ავადმყოფებს შესახებ არავისთან საუბრობდა. ეს კონფიდენციალური და ტაბუირებული თემა გახლდათ.
ავლიპ ზურაბაშვილი კრემლის არაოფიციალურ კონსულტანტ-ფსიქიატრიც იყო. მის პაციენტთა შორის ქვეყნის იმდროინდელი ლიდერი ნიკიტა ხრუშჩოვიც ყოფილა, რომელიც ალკოჰოლური ფსიქოზით იტანჯებოდა. ქმრის სამკურნალოდ, ზურაბაშვილი ხრუშჩოვის მეუღლემ შეარჩია. თურმე, ცკ-ს მდივანს ავლიპ ზურაბაშვილის ულვაშები სტალინს აგონებდა და ფსიქიატრისთვის მათი გაპარსვა მოუთხოვია, რაზედაც კატეგორიული უარი მიუღია. როგორც ამბობდნენ, ხრუშჩოვი ამის გამო ფსიქიატრს ვერ იტანდა და ცოლს, რომელიც ზურაბაშვილთან მკურნალობას აიძულებდა, სთხოვდა აღარასდროს ეხმო დასახმარებლად ულვაშა ქართველი.
ავლიპ ზურაბაშვილს საზოგადოება ფასდაუდებელ სამეცნიერო ღვაწლთან ერთად, მისთვის დამახასიათებელი გამორჩეული იუმორითაც იცნობს.
პაციენტების ლერისა და მერის ისტორია ძალზედ პოპულარული და ამავე დროს ტრაგიკომიკური ამბავია, რომელიც ავლიპ ზურაბაშვილის მოგონებებმა შემოინახა.
"1978 წელს, მე მყავდა პაციენტები ლერი და მერი (პირობით სახელებით) ერთ მშვენიერ, მზიან დღეს ორივე კლინიკის ეზოში დასეირნობდა. როცა ისინი საცურაო აუზს მიუახლოვდნენ, მოულოდნელად ლერი ჩახტა შიგნით და ჩაიძირა. მერი მაშინვე თავით გადაეშვა მის გადასარჩენად. ის ჩაცურდა აუზის ფსკერისკენ და მეგობარი ამოიყვანა. როგორც კი შევიტყვე მერის გმირული საქციელის შესახებ, საავადმყოფოდან მისი დაუყოვნებელი გაწერის ბრძანება გავეცი, რადგანაც ამ ფაქტის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ის უკვე კარგად იყო. გაწერისას მერის ვუთხარი: "ჩვენ. კარგი და ცუდი ამბავი გვაქვს თქვენთვის. კარგი იმაში მდგომარეობს, რომ საავადმყოფოდან გიშვებთ, რადგანაც შეძელი გადახტომა და სხვა ადამიანის გადარჩენა, დავრწმუნდით, რომ ნორმალური ფსიქიკური მდგომარეობა გაქვთ და მენტალურად სტაბილური ხართ. ცუდი კიდევ ის არის, რომ ის პაციენტი თქვენ რომ გადაარჩინეთ, სააბაზანოში ჩამოეკიდა და ამის მერე მოკვდა". მერიმ ამაზე მიპასუხა: "ექიმო, ლერი თავისით არ ჩამოკიდულა. მე ჩამოვკიდე იქ გასაშრობად".
"მე ძალიან მიყვარს ჩემი მშობლები, განსაკუთრებით, დედა და მამა", - ეს ცნობილი გამონათქვამი ავლიპ ზურაბაშვილს ეკუთვნის. ფრაზა მაშინვე აიტაცეს, თუმცა მათგან შეიძლება ბევრმა არ იცოდა, რას გულისხმობდა დიდი მოაზროვნე ამ ფრთიან გამონათქვამში. ის ირონიულად ამბობდა სიმართლეს - კომუნისტური მშობლიური პარტიის, მშობლიური ლენინისა და ასე შემდეგ, აი, ამდენი მშობლებიდან მე ყველაზე მეტად დედ-მამა მიყვარსო.
ცნობილია, რომ ავლიპ ზურაბაშვილი კომუნისტური პარტიის წევრიც იყო. ესწრებოდა ყრილობებს და სტატუსის მიხედვით პრეზიდიუმში ეკუთვნოდა ადგილი, თუმცა ყოველთვის იგვიანებდა და პირველ რიგში ჯდებოდა, ჩვეულებრივ პარტიულ მუშაკთა შორის. როდესაც მიუთითებდნენ, ბატონო ავლიპ, თქვენი ადგილი ხომ პრეზიდიუმშია, ამობრძანდით ჩვენთანო, პასუხობდა, აქედან უკეთესად გაკვირდებითო.
"პეტერბურგში დიდი სამედიცინო კონფერენცია ტარდებოდა, რომელსაც ავლიპიც ესწრებოდა. ევროპელი მომხსენებლები თავიანთი მიღწევებით, ახალშექმნილი წამლებით იწონებდნენ თავს. ავლიპის გვერდით მაშინდელი საბჭოთა კავშირის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი მჯდარა, რომელსაც მამაჩემისთვის გადაულაპარაკია: ავლიპ, მხოლოდ შენ თუ გადაგვარჩენ, გთხოვ, ამ ევროპელებს საკადრისი პასუხი გაეციო. მამასაც არ დაუყოვნებია, მისულა ტრიბუნასთან და უთქვამს: მოხარული ვართ თქვენი მიღწევებით, მაგრამ არსებობს ერთი წამალი, რომელიც ყველაფერს კურნავს - ეს არის დღეში ერთი კოვზი სიხარულიო. ცხადია, ასეთ რამეს არავინ ელოდა. როგორც ამბობენ, მის სიტყვებს დიდი მხიარულება და აპლოდისმენტები გამოუწვევია", - იხსენებს "ავერსთან" საუბარში ზურაბ ზურაბაშვილი.
კიდევ ერთი საინტერესო ისტორია მის შესახებ პროფესორმა გოგი ნანეიშვილმა AMBEBI.GE-სთან საუბარში გაიხსენა:
"მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკა სააკაშვილი მომიყვა ამ ამბავს, მიშას ბაბუა დიდი მიხეილ სააკაშვილი იყო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი. მოსკოვში ყოფილა საერთაშორისო კონფერენცია მეცნიერების, სადაც წავიდნენ ქართველი მეცნიერებიც. ბატონი ავლიპი და მიხეილ სააკაშვილი ერთ ნომერში მოხვედრილან. მიხეილ სააკაშვილს უთქვამს, ჩამთვლიმა დაღლილი ვიყავი და შუაღამეზე მაღვიძებს ავლიპის ხმა, რაღაც ფურცელი ეჭირა ხელში და დიდი ხნის განმავლობაში იმეორებდა სხვადასხვა სახელებს და მამის სახელებსო. მიხეილს უფიქრია, ხომ არ გაგიჟდა, არაფერს კითხულობს, გარდა სახელებისა და მამის სახელებისაო, მაგრამ არ შეპასუხებია და გაუგრძელებია ძილი. მეორე დილით საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს საუბრისას თურმე ბატონი ავლიპი ყველას, სათითაოდ სახელებითა და მამის სახელებით მიმართავდა, ისინი კი გაოცებული დარჩენილან, საიდან იცის ჩვენი სახელები, ყველასიო. თურმე, მთელი ღამე კონფერენციის მონაწილეების სია ეჭირა ხელში და მეცნირების სახელებს იზეპირებდა, რითაც უდიდესი კეთილგანწყობა და პატივისცემა მოიპოვა კოლეგა მეცნიერებშიო. როდესაც ავლიპი ზურაბაშვილზე იწყება საუბარი, მაშინვე წარმოსახვაში ცოცხლდება მისი განსაკუთრებული იმიჯი, დამახასიათებელი ულვაში".
ავლიპ ზურაბაშვილის ყველაზე მნიშვნელოვან გამონათქვამად კი მის შვილს ის სამი სიტყვა მიაჩნია, რომლებიც მან ანდერძად დაუტოვა მომავალ თაობებს: სინდისი, ნამუსი, პატიოსნება. დიდი ფსიქიატრისადმი პატივისცემის ნიშნად, თბილისში ერთ-ერთ ქუჩას ავლიპ ზურაბაშვილის სახელი დაერქვა, იგი 1994 წელს ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა და დიდუბის პანთეონშია დაკრძალული.