ავტორი:

"13 თებერვალს მომხდარი მიწისძვრისას დმანისში 20-მდე შენობა დაზიანდა" - ქვემო ქართლის გუბერნატორი

"13 თებერვალს მომხდარი მიწისძვრისას დმანისში 20-მდე შენობა დაზიანდა" - ქვემო ქართლის გუბერნატორი

დმანისში, 13 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად ოცამდე საცხოვრებელი სახლი და სოფელ განთიადის საჯარო სკოლის შენობა დაზიანდა.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, დმანისის მუნიციპალიტეტში მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი კომისიის წევრებთან, სამუშაო შეხვედრა გამართა.

მანამდე კი გიორგი დოხტურიშვილი სტიქიისგან მიყენებულ ზიანს ადგილზე გაეცნო.

"პირადად გავეცანი ყველა ადგილს, სადაც მიწისძვრამ პრობლემები შექმნა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, დაზიანებულია 20-მდე საცხოვრებელი სახლი. ვიმყოფებოდით დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაშიც, სადაც ვიზუალური დათვალიერებით ჩანს, რომ მიწისძვრისგან გამოწვეული დაზიანება ნამდვილად არის. დავიწყებთ საექსპერტო დასკვნაზე მუშაობას, თუ რა მოქმედება დავგეგმოთ შემდგომში. ჩვენ, აქტიურ კომუნიკაციაში ვართ ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებასთან. მუნიციპალიტეტში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ზარალის ოდენობის დადგენისთვის საჭირო პროცედურები“, - განაცხადა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა.

გიორგი დოხტურიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მიწისძვრის შედეგად შექმნილი ვითარება და შენობების დაზიანებების ხარისხი განიხილა.

მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილებით, პროცესში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთვება, რომელიც შენობების დაზიანების ხარისხს შეისწავლის და სპეციალურ დასკვნას დადებს.

გიორგი დოხტურიშვილის განაცხადებით, ყველა ოჯახს, რომელიც მიწისძვრის შედეგად დაზარალდა, სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება და ზარალი სრულად აუნაზღაურდება.