ავტორი:

"თავიდან ძალიან ძნელია აქ... მერე ფეხზე დადგები, მაგრამ მონატრება ყველაფერს გემოს უკარგავს, საკუთარ ქვეყანაში შრომას არაფერი სჯობს" - კობა სუბელიანი

"თავიდან ძალიან ძნელია აქ... მერე ფეხზე დადგები, მაგრამ მონატრება ყველაფერს გემოს უკარგავს, საკუთარ ქვეყანაში შრომას არაფერი სჯობს" - კობა სუბელიანი

ლტოლვილთა და განსახლების ყოფილი მინისტრი კობა სუბელიანი საქართველოდან 2017 წელს წავიდა. როგორც ამბობს, გადაწყვეტილება ეკონომიური მდგომარეობის გამო მიიღო

ერთი წლის წინ "ტვ პირველთან" საუბარში ექსმაღალჩინოსანი ჰყვებოდა, რომ მაშინ ოჯახს საჭმლის ფულიც არ ჰქონდა, რის გამოც ამერიკაში წავიდა და ერთ-ერთ გადამზიდავ კომპანიაში მძღოლად დაიწყო მუშაობა.

ახლა კი ექსმინისტრი ამბობს, რომ მისი სამუშაო პირობები და გრაფიკი ბოლო დროს დასტაბილურდა. როგორც მან "მთავართან" თქვა, თავიდან ძალიან გაუჭირდა აშშ-ში ფეხის მოკიდება, რისთვისაც ის დღეში 20 საათიც კი მუშაობდა.

"ყოფილა შემთხვევა, 18- 20 საათი მიმუშავია დღეში. ახლა ცოტა დასტაბილურა ჩემი გრაფიკი და დღეში 14 საათი მიწევს მუშაობა. საქართველოდან მოდის ხალხი ეკონომიკური მდგომარეობის გამო და ამას თან ახლავს პოლიტიკური დევნა. თუ "ქართულ ოცნებასთან" არ ხარ ლოიალურ დამოკიდებულებაში, ვერაფერს გააკეთებ სულ რომ სტივ ჯობსი იყო, არ გაძლევენ გასაქანს. ეს მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ ოპონენტებს არ ეხება. მათი ყოფილი მომხრეებიც ასე არიან. ერთმა მათმა მხარდამჭერმა მითხრა, ამასწინათ, ტენდერი მოვიგეო, დააჯარიმეს ერთხელ, ორჯერ, ყურებიანი ქუდი რატომ არ გახურავსო, მსგავსი მიზეზით. 4 წლის წინ თვეში ერთხელ თუ გავიგებდით, რომ მექსიკიდან ჩამოვიდა ქართველი ადამიანი. ახლა დღე არ გავა, რომ მექსიკიდან ჩამოსულზე ვინმემ არ დარეკოს: თუ შეიძლება მართვის მოწმობის აღებაში რეკომენდაცია გაუწიოთ ან მონროში იმუშაოსო. მონრო სოფელია, სადაც ახალი ჩამოსული ქართველები მუშაობენ, მათ თავიდან აქ მცხოვრები ქართველები ეხმარებიან ფეხის ადგმაში. ძალიან ძნელია აქ, მეუბნებიან, რას გვაშინებ, თქვენ ხომ ხართ მანდ კარგადო - არავის ვაშინებ, თავიდან ძნელია, მერე ფეხზე დადგები, მაგრამ მაინც გენატრება შენი ქვეყანა, შენი მეგობრები. საარსებო მინიმუმი რომ იყოს საქართველოში გარანტირებული, მაგრამ არა ის, რასაც მთავრობა განსაზღვრას, არამედ რეალური, საკუთარ ქვეყანაში შრომას არ სჯობს არაფერი, აქ ნაშვოვნს ისეთი გემო არ აქვს, როგორც მანდ. მონატრება ყველაფერს გემოს უკარგავს, მაგრამ მანდ არაფრის გასაქანი არ არის. " - თქვა კობა სუბელიანმა.