ავტორი:

"უკანონო მშენებლობებს და მიწების მიტაცებას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ - უკანონობა ვერ დაკანონდება" - კახა კალაძე

"უკანონო მშენებლობებს და მიწების მიტაცებას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ - უკანონობა ვერ დაკანონდება" - კახა კალაძე

"სახელმწიფოს ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების განხორციელება და მიწების მიტაცება კატეგორიულად მიუღებელია, ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ", - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ის სამგორის რაიონში უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესს გამოეხმაურა და განმარტა, რომ ვისაც საცხოვრებელი ფართი არ აქვს, თბილისის მერია დროებით ქირით გაიყვანს.

"მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, სახელმწიფოს ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების განხორციელება და მიწების მიტაცება კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, უკანონობა ვერ დაკანონდება. ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმ ოჯახებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც სოციალურად უჭირს, ვისაც თბილისში საცხოვრებელი არ აქვს, უსახლკარობის სტატუსი აქვს. კიდევ ერთხელ მინდა განვმეორდე და ადამიანურად ამ ადამიანებს ავუხსნა, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, მოგცეთ იმის საშუალება და შესაძლებლობა, ნორმალურ გარემოში იცხოვროთ.

ჩვენ გვაქვს პროგრამები, რომლითაც ადამიანებს ვაძლევთ საშუალებას, ქირით გავიყვანოთ. ვისაც საცხოვრებელი ფართი არ აქვს, დროებით ქირით გაგვყავს. პარალელურად, მიმდინარეობს იმაზე მუშაობა, რომ ადამიანმა მიიღოს უსახლკაროს სტატუსი, თუ მართლა უსახლკაროა“ , -განაცხადა კალაძემ.

მან განსაკუთრებით ბავშვიან ოჯახებს მიმართა, რომ ქუჩაში არ დარჩებიან და მერია დახმარებას აღმოუჩენს.

"მიუხედავად ბევრი პროვოკაციისა და მცდელობისა, რომ დაგვაბრალონ ის, რასაც არასდროს გავაკეთებთ, ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, რომლებიც ბავშვების ინტერესებს გვერდზე გადადებს. ყოველთვის გვერდში ვუდგავართ ასეთ ოჯახებს და ადამიანებს“,-განაცხადა კალაძემ.

მან ზოგიერთი ტელევიზია გააკრიტიკა, რომლებიც კალაძის განმარტებით, უკანონო მშენებლობების თემაზე დეზინფორმაციას ავრცელებენ.

„მინდა ამ ტელევიზიებს მივმართო, დაფიქრდით რას აკეთებთ, თქვენ პირდაპირ უკანონობას ახალისებთ! ხვალ, ზეგ თქვენთან მოვლენ და თქვენ შეგექმნებათ იგივე პრობლემები. სახელმწიფომ და კანონმა უნდა დაგიცვათ“,-განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ სამგორის რაიონის გამგეობაში ხმაური იყო. მოქალაქეები აფრიკის დასახლებაში აშენებული ნაგებობების დაკანონებას ითხოვდნენ. ისინი გამგეობის შენობიდან სამართალდამცველებმა გამოიყვანეს.