საოკუპაციო რეჟიმის პატიმრობიდან გათავისუფლებული გენადი ბესტაევი გარდაიცვალა. ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლის დავით ქაცარავას ინფორმაციით, გენადი ბესტაევი პალიატიური მკურნალობის ცენტრში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ცნობისთვის, გენადი ბესტაევი "სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა გასული წლის 15 ნოემბერს შეიწყალა.
ბესტაევი 2019 წლის ნოემბერში ე.წ. რესპუბლიკის "სახელმწიფო საზღვრის" უკანონო გადაკვეთისა და ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდებით დააკავეს და შემდეგ სამი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
შეწყალების გადაწყვეტილება მისი ავადმყოფობის გამო მიიღეს. საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის მომენტში ბესტაევი მართვით სუნთქვაზე, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.